რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა — ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ბენჟამინ შეშკო ლაიფციგიდან კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს! მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 22 წლის სლოვენიელი ფორვარდი ინგლისში უახლოეს 2-3 დღეში გაფრინდება. მანჩესტერ იუნაიტედი ბენჟამინ შეშკოს სანაცვლოდ დაახლოებით €85 მილიონს გადაიხდის, ხოლო თავად ფორვარდი "წითელ ეშმაკებთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
იმის მიუხედავად, რომ საქმეში სხვა ტოპ კლუბებიც იყვნენ, ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედში სურდა. ცნობისთვის იმასაც გეტყვით, რომ ნიუკასლი შეშკოს სანაცვლოდ ბევრად მეტს იხდიდა, თუმცა ლაიფციგის ფორვარდმა ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა.
ბენჟამინ შეშკო ლაიფციგის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 87 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 39 გოლი და 8 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













