ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს. ანტონიო კონტეს გუნდმა ლუკა მარიანუჩი და კევინ დე ბრუინი უკვე წარადგინა, თუმცა "პარტენოპეი" ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მომდევნო კვირაში ნოა ლანგის ტრანსფერსაც გააოფიციალურებს.
სერია A-ს 2024/25 სეზონის ჩემპიონს საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ექნება. ჩვენი ინფორმაციით, კლუბი 2-3 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.
შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც დიდი ალბათობით ნაპოლის მაისურს მოირგებს, სემ ბეუკემაა! მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 26 წლის ნიდერლანდელი მცველი ბოლონიადან კარიერას "პარტენოპეიში" გააგრძელებს. იტალიის ჩემპიონი ბეუკემას სანაცვლოდ დაახლოებით €32 მილიონს გადაიხდის.
სემ ბეუკემა ბოლონიას ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ნიდერლანდელმა ამ დროში 80 მატჩის ჩატარება მოასწრო. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფეხბურთელი სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველია, შესაბამისად, ანტონიო კონტეს გუნდმა მისი სახით საკმაოდ კარგი შევსება მიიღო.













