რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება, ვიქტორ გიოკერეში სპორტინგის დასატოვებლად ემზადება. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, შვედი ფეხბურთელი კარიერას არსენალში გააგრძელებს! მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ, რის შემდეგაც 27 წლის ფეხბურთელი ლონდონში გაემგზავრება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. არსენალი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €80 მილიონს გადაიხდის, ხოლო თავად გიოკერეში "მეთოფეებთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
არსენალი, რომ ვიქტორ გიოკერეშით ინტერესდებოდა, ამის შესახებ პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში გაცნობეთ. კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს ანდრეა ბერტას შვედი გოლეადორი ყოველთვის მოსწონდა, სწორედ ამიტომ არსენალში დანიშვნის შემდეგ, კლუბმა ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ საქმეში სხვა ტოპ კლუბებიც იყვნენ, მიკელ არტეტას გუნდმა ყველას აჯობა — ვიქტორ გიოკერეში "მეთოფე" გახდება!
ვიქტორ გიოკერეში სპორტინგის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. შვედმა ფორვარდმა ამ დროში 102 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 97 გოლი და 28 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













