ბაიერნში ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებენ. "რეკორდმაისტერმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 3 ფეხბურთელი უკვე დაიმატა, თუმცა ვენსან კომპანის გუნდი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. გერმანული გრანდი 1 სექტემბრამდე მინიმუმ 2 ფეხბურთელის შეძენას კიდევ გეგმავს.
შემდეგი ფეხბურთელი, რომელმაც შეიძლება ბაიერნის მაისური მოირგოს, კრისტოფერ ნკუნკუა! დიახ, გერმანული კლუბი ფრანგი ფორვარდის ტრანსფერზე ოფიციალურად მუშაობს. ვენსან კომპანის 27 წლის ფეხბურთელის დამატება ძალიან სურს, რადგან მისი აზრით, კრისტოფერ ნკუნკუს შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, შესაბამისად, ფრანგი მისი გეგმებისთვის იდეალური კანდიდატურაა.
კრისტოფერ ნკუნკუ ენცო მარესკას გეგმებში არ შედის, შესაბამისად, ლონდონური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. ფრანგი ფორვარდით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან, მათ შორის ინტერი და ლაიფციგიც, თუმცა ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად მაინც ბაიერნი აქტიურობს.
ბაიერნს კრისტოფერ ნკუნკუს დამატება გასულ წლებშიც სურდა. პირველად მაშინ როდესაც ფეხბურთელი ჯერ კიდევ ლაიფციგის ღირსებას იცავდა, შემდეგ კი 2024 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე. როგორც ჩანს, ფრანგი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერში" ყველას მოსწონს, სწორედ ამიტომ ამ გარიგების განხორციელების ალბათობა საკმაოდ დიდია. უახლოეს დღეებში 27 წლის ფორვარდის პოტენციურ ტრანსფერზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













