სამეფო კლუბის პირველ გუნდში, მხოლოდ ორი ცენტრალური მცველია სათამაშოდ მზად: ანტონიო რუდიგერი და ხესუს ვალეხო. პრობლემებია დაცვის ფლანგზეც, სადაც დანი კარვახალის შემდეგ, დაზიანება ლუკას ვასკესმაც მიიღო. ამას ისიც ემატება, რომ ჯერჯერობით უცნობია როდის დაბრუნება მოედანზე დავიდ ალაბა.
უფროსობა იანვრის სანტრანსფერო ფანჯარაზე უკვე ფიქრობს და მოსალოდნელია, რომ რეალი მინიმუმ ერთ მცველს დაიმატებს. განიხილება აიმერიკ ლაპორტის ვარიანტი, თუმცა მისი დამატება საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკაშირებული. სამეფო კლუბში ძალიან მოსწონთ ლაიფციგის მცველი კასტელო ლუკებაც, თუმცა მისი ყიდვა უფრო ზაფხულის სატრანსფერო გეგმებში შედის. ბოლო საათებში კი ფანები გუნდის ლეგენდაზე, სერხიო რამოსზე ალაპარაკდნენ, რომელიც ამ დრომდე თავისუფალი აგენტია. სოციალურ ქსელებში უკვე უამრავი პოსტი დაიდო, სადაც გულშემატკივრები ფეხბურთელის დაბრუნებას ითხოვენ. 38 წლის ესპანელის დამატებას ბოკა ხუნიორსი ცდილობს, თუმცა გამოცდილი ცენტრალური მცველი, გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს.
რა პოზიცია აქვს რეალ მადრიდს სერხიო რამოსის პოტეციურ ტრანსფერთან დაკავშირებით? დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ანჩელოტის გუნდი ფეხბურთელის დაბრუნებას არ გეგმავს. კლუბთან დაახლოებული წყაროების თქმით, სამეფო კლუბში ლეგენდარულ ესპანელს დღემდე აფასებენ, თუმცა მისი დროებით დამატება, არ განიხილება. ფანების პოზიცია და სურვილი ერთია, მაგრამ რეალ მადრიდი ვეტერანი ესპანელის ტრანსფერზე არ ფიქრობს.














