ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მილანმა იტალიაში ყველაზე მეტი დახარჯა და გუნდში 10 ახალი ფეხბურთელი მიიყვანა. ბევრმა მოთამაშემ უკვე გაამართლა, ბევრს კი როგორც გულშემატკივრები, ისე ადგილობრივი მედიაც აკრიტიკებს.
"როსონერის" ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული გარიგება ჩელსიდან კრისტოფერ ნკუნკუს ტრანსფერი იყო, რომლის სანაცვლოდაც კლუბმა €37 მილიონი გადაიხადა. ბევრი გულშემატკივარი ამ ტრანსფერს თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა და მათთვის სამწუხაროდ, ფრანგმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. კი, შეიძლება ძალიან ცოტა დრო არის გასული ახალი სეზონის დაწყებიდან, მაგრამ კრისტოფერ ნკუნკუს სათამაშო ფორმა ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.
ფრანგი შემტევის ანგარიშზე ამ სეზონში 8 ჩატარებული მატჩია, გოლის გატანა კი მხოლოდ ერთხელ მოახერხა, ისიც იტალიის თასზე.
რაც შეეხება მილანის მეორე დიდ პრობლემას — სანტიაგო ხიმენესის გარშემო საუბრები არ წყდება და იმის მიუხედავად, რომ მექსიკელმა მილანური კარიერა საკმაოდ ნორმალურად დაიწყო, ახლა თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ძალიან ცუდ ფორმაშია და მილანიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი პრედენდენტია. "როსონერიმ" სანტიაგო ხიმენესი დაახლოებით €32/33 მილიონად შეიძინა და როგორც ახლა ირკვევა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მის გასხვისებას შეეცდება.
სანტიაგო ხიმენესის ანგარიშზე ამ სეზონში 11 ჩატარებული მატჩია. მექსიკელმა ამ დროში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მილანში ახალ ფორვარდს უკვე ეძებენ, თუმცა ახალი ტრანსფერი თავიდან ბოლომდე სანტიაგო ხიმენესის გაყიდვაზეა დამოკიდებული. მექსიკელი ფორვარდი იანვარში გუნდს თუ დატოვებს, სან სიროს ბინადრები ახალ შემტევს აუცილებლად დაიმატებენ. რაც შეეხება კრისტოფერ ნკუნკუს, ფრანგი შემტევი დიდი ალბათობით სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩება, თუმცა ფეხბურთელმა გოლების გატანა თუ არ დაიწყო, დიდი ალბათობით ზაფხულში მასაც შეელევიან.













