მას შემდეგ, რაც 2026 წლის 1 იანვარი დადგება, ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, ახალ კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება შეეძლება. ამ სიაშია დაიო უპამეკანოც, რომელსაც ბაიერნთან არსებული კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, მხარეები კი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.
ამ სტატიაში მოგიყვებით დაიო უპამეკანოს აგენტის მოთხოვნების შესახებ, გაგაცნობთ ბაიერნის პოზიციასა და ვისაუბრებთ იმ დაინტერესებულ კლუბებზე, რომლებიც ფრანგი მცველის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.
დაიო უპამეკანოს აგენტის მოთხოვნები ცნობილია:
- ხელფასის სახით წელიწადში €20 მილიონი (გადასახადების ჩათვლით);
- €20 მილიონი აგენტის საკომისიო;
- მინიმუმ 4-წლიანი კონტრაქტი;
- გამოსასყიდი თანხა (კონკრეტული თანხა უცნობია).
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ფრანგი მცველის წარმომადგენელი საკუთარი კლიენტისთვის დაახლოებით იგივე კონტრაქტს ითხოვს, რაც ალფონსო დევისმა მიმდინარე წლის დასაწყისში გააფორმა.
ბაიერნის პოზიცია ზემოხსენებულ მოთხოვნებზე ჯერჯერობით უცნობია და როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები წერენ, მხარეები მოლაპარაკებებს იანვრის თვიდან განაახლებენ, სადაც გაირკვევა, რამდენად შესაძლებელი იქნება თანამშრომლობის გაგრძელება. ვენსან კომპანის ფრანგი მცველის შენარჩუნება ძალიან სურს, თუმცა ყველაფერი მაინც ფინანსებზეა დამოკიდებული.
ახლა კი რაც შეეხება დაინტერესებულ კლუბებს, რეალ მადრიდი, პსჟ და პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდი დაიო უპამეკანოს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ბაიერნი და ფრანგი მცველი უახლოეს თვეებში ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას თუ ვერ მოახერხებენ, ზემოხსენებული კლუბები უფრო მეტად გააქტიურდებიან.
დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დაიო უპამეკანო იანვარში ბაიერნს არ დატოვებს, თუმცა გაზაფხულისთვის მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე თუ ვერ შეთანხმდებიან, ფრანგის გერმანული კარიერა მიმდინარე სეზონის ბოლოს აუცილებლად დასრულდება და "რეკორდმაისტერს" 5 წლის შემდეგ დატოვებს.













