მადრიდელები ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ასპარეზობენ. ატლეტიკო 6 ტურის შემდეგ, 12 ქულით, მე-11 პოზიციაზე იმყოფება, შესაბამისად როგორც მინიმუმ პირველ 24 გუნდში მოხვედრა გარანტირებული აქვს.
ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც გუნდს 2025 წელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ან სეზონის ბოლოს დატოვებენ. სიაში ძირითადად გამოცდილ ფეხბურთელებს შევხვდებით — როგორც ჩანს გუნდში თაობათა ცვლა იწყება.

სეზარ ასპილიკუეტა, აქსელ ვიტსელი, ტომა ლემარი — ეს ფეხბურთელები გუნდს 100% დატოვებენ. პირველ ორ მათგანს კონტარქტები ეწურებათ, ხოლო ლემარის სანაცვლოდ გუნდი ყველა შეთავაზებას განიხილავს. შემდეგი სიაში მოდის გუნდის კაპიტანი კოკე, რეინილდო მანდავა და ხავი გალანი. კაპიტანი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა თუ გუნდში დარჩენა მოინდომა, ატლეტიკო კონტრაქტში ჩაწერილ პუნქტს გააქტიურებს და ფეხბურთელს ხელშეკრულებას ერთი წლით გაუხანგრძლივებს. რაც შეეხება რეინილდოსა და გალანს, მათ გაშვებაზე გუნდში სერიოზულად ფიქრობენ.

სტატიის ბოლოსკენ ვისაუბრებთ იჯარით დამატებულ და გაშვებულ ფეხბურთელებზე. გადაწყვეტილია, რომ ატლეტიკო მადრიდი როგორც ხუან მუსოს, ისე კლემან ლანგლეს გამოისყიდის. ჩოლო სიმეონესთვის ორივე მათგანი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. არგენტინელი მეკარე ატალანტას საკუთრებაშია, ხოლო ფრანგი ცენტრალური მცველი ამ დრომდე ბარსელონას ეკუთვნის.
ხოლო რაც შეეხება იჯარით გაშვებულებს, საულ ნიგესი, ბოლო წლებში გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, უკან, მადრიდში დაბრუნებას არ აპირებს და სეზონის ბოლოს, სევილიაში ან სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას. იგივე სიტუაციაა არტურ ვერმეერენზეც, რომელსაც ლაიფციგი ზაფხულში გამოისყიდის.

ატლეტიკო მადრიდის შესახებ საუბარს, რა თქმა უნდა გუნდის ლეგენდის, ანტუან გრიზმანით დავასრულებთ — სეზონის ბოლოს მხარეები სამომავლო გეგმებზე ერთად ისაუბრებენ. სიმეონეს ფრანგი ფეხბურთელის შენარჩუნება ძალიან უნდა, მაგრამ ყველაფერი მაინც 33 წლის შემტევზეა დამოკიდებული. მასთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ანტუანი ევროპის დატოვებასა და კარიერის ამერიკაში, კერძოდ MLS-ში გაგრძელებას სერიოზულად განიხილავს. ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. უახლოეს თვეებში გრიზმანის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების გაშვება იმას ნიშნავს, რომ გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდ აქტიურობას გეგმავს. ატლეტიკო მადრიდი 2025 წელს დიდ გადატვირთვას აპირებს!














