მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, ალფონსო დევისი, ერიკ დაიერი და ლეროი ზანე — ხუთივე ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთი მათგანის შესახებ ვიცით, გუნდში დარჩება თუ არა. კაპიტანი, გერმანული ფეხბურთის ლეგენდა მანუ ნოიერი, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. ფეხბურთელი ბაიერნში კიდევ ერთი წლით დარჩება, მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია.
რაც შეეხება დარჩენილ 4 ფეხბურთელს — ერიკ დაიერი გუნდს 100% დატოვებს. ფეხბურთელი კომპანის გეგმებში არ შედის, მეტიც, ინგლისელმა ბაიერნი შესაძლოა იანვარშივე დატოვოს. შემდეგი სიაში "ძველი გვარდია" მოდის, კიმიხი, დევისი, ზანეს ტრიო, ფეხბურთელები, რომლებიც წლებია ბაიერნის ლიდერები არიან. გუნდი სამივე მათგანის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა ეს რამდენად გამოუვა, ამ მომენტისთვის უცნობია. მხარეებმა ახალ კონტრაქტზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერ ხერხდება.
სამივე მათგანის სიტუაციას ტოპ კლუბები ყურადღებით აკვირდებიან. კიმიხით ესპანური კლუბები ინტერესდებიან, ზანეთი ინგლისური, ხოლო დევისის დამატების სურვილი რეალ მადრიდს აქვს. ამ მომენტისთვის გუნდში დარჩენის ყველაზე დიდი შანსი კიმიხს აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ზანეს. სამივე მათგანს ახალ კლუბთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება 2025 წლის 1 იანვრიდან შეეძლება, თუმცა ბაიერნში სჯერათ, რომ სეზონის ბოლომდე ამ სამეულიდან, როგორც მინიმუმ ორ ფეხბურთელთან ხელშეკრულებას გააგრძელებენ.

ზემოთ ხსენებულ სიაში არ არიან სერჟ გნაბრი, კინგსლი კომანი და ლეონ გორეცკა, თუმცა დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ კლუბი მათ სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს. ბაიერნში დიდი ცვლილებებია დაანონსებული, შესაბამისად, ზაფხულში გუნდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, რაც ახალი მოთამაშებიის დამატების შესაძლებლობას გააჩენს. ვენსან კომპანის უფროსობისგან სრული მხარდაჭერა აქვს — ბელგიელი იმედოვნებს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი რამდენიმე ტოპ ფეხბურთელს დაიმატებს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიერნის გარშემო უფრო მეტ სატრანსფერო ინფორმაციას შევიტყობთ.













