ამ სეზონში ტოპ ლიგებიდან რამდენიმე კლუბის გამორჩევა შეგვიძლია, რომლებზეც თამამად ვიტყვით, რომ საოცარ ფორმაში არიან. ერთ-ერთი ასეთი გუნდი მიუნხენის ბაიერნია, რომელიც ყოველ მატჩში ტოპ პერფორმანსს გვთავაზობს. ვენსან კომპანიმ მოახერხა და "რეკორდმაისტერს" ძველი დიდება დაუბრუნა, რის გამოც ახალი კონტრაქტიც დაიმსახურა.
მიმდინარე სეზონში კვლავ გამორჩეულია გუნდის უდავო ლიდერი და ვეტერანი ფეხბურთელი მანუელ ნოიერი, რომლის თაობაზეც გერმანული პრესა საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ბაიერნში 39 წლის მეკარის შენარჩუნება კიდევ ერთი სეზონით სურთ, თუმცა ყველაფერი თავად მანუელ ნოიერზეა დამოკიდებული. როგორც ირკვევა, ვეტერანი კარის დარაჯი სეზონის ბოლოს კარიერას თუ არ დაასრულებს, გერმანული კლუბი მას ახალ 1-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, უახლოეს თვეებში კი უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
მანუელ ნოიერი ბაიერნის ღირსებას 2011 წლიდან მოყოლებული იცავს. გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ამ დროში 571 მატჩის ჩატარება მოასწრო, კარი კი მშრალად 269-ჯერ შეინახა. მანუელ ნოიერმა ბაიერნთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა.













