გავლენიან პარიზულ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, მიმდინარე სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, გონსალუ რამუში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პარი სენ-ჟერმენს 100% დატოვებს. როგორც ირკვევა გადაწყვეტილება თითქმის საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება — ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, 24 წლის ფორვარდი ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს.
ზემოხსენებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, გუნდის დატოვება თავად პორტუგალიელ ფეხბურთელს სურს, რადგან სათამაშო დროით უკმაყოფილოა. რაც შეეხება ლუის ენრიკეს პოზიციას, ესპანელ სპეციალისტს გონსალუ რამუში მოსწონს, თუმცა თუ კლუბი მის სანაცვლოდ სოლიდურ შეთავაზებას მიიღებს, ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებს.
გონსალუ რამუში პარი სენ-ჟერმენის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავს. პორტუგალიელმა შემტევმა ამ დროში 124 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 44 გოლი და 10 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. 24 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €40/45 მილიონია.













