სულ რამდენიმე საათის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი პარიზში, სადაც ლუის ენრიკეს გუნდმა ბაიერნს 5-4 მოუგო. მაყურებელმა საოცარი დაპირისპირება იხილა, სადაც ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება.
მორიგი ტოპ პერფორმანსი შემოგვთავაზა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც "რეკორდმაისტერს" დუბლი შეუსრულა და ისტორიულ ნიშნულს მიაღწია — ქართველ ფეხბურთელს კარიერაში 100 გატანილი გოლი მოუგროვდა!
ქართველ ვარსკვლავს კარიერის განმავლობაში უკვე არაერთი ეფექტური და გამოსარჩევი გოლი დაუგროვდა, ამ სტატიაში კი შეძლებისდაგვარად ყველაზე გამორჩეულ გატანილ გოლებს გავიხსენებთ.
ჩრდილოეთ მაკედონია vs საქართველო - 14 ოქტომბერი, 2020 წელი
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში!
ეფექტური დრიბლინგი და აუღებელი დარტყმა, რომელიც საბოლოო ჯამში ულამაზეს გოლში აისახა.
რუბინი vs ახმატ გროზნო - 7 მარტი, 2021 წელი
ხვიჩა კვარაცხელიამ რუბინის რიგებში თამაშის დროს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი ახმატ გროზნოს გაუტანა — ინდივიდუალური სოლო რეიდით მოტყუებული რამდენიმე მცველი და უძლიერესი დარტყმა.
აიაქსი vs ნაპოლი - 4 ოქტომბერი, 2022 წელი
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე და განადგურებული აიაქსი!
ქართველმა ფეხბურთელმა "პარტენოპეის" გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თავი პირველად გამოიჩინა.
ნაპოლი vs ატალანტა - 11 მარტი, 2023 წელი
ხვიჩა კვარაცხელიამ ატალანტას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ეფექტური გოლი გაუტანა — რამდენიმე მცველის მოტყუება და ზუსტი დარტყმა. ეს გოლი 2022/23 სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო შედევრად იქცა.
საქართველო vs პორტუგალია - 26 ივნისი, 2024 წელი
ხვიჩას ეროვნულ ნაკრებში უკვე 22 გატანილი გოლი მოუგროვდა, საიდანაც ბევრის გამორჩევა შეგვიძლია, თუმცა მისი ევროპის ჩემპიონატზე გატანილი გოლი პორტუგალიის კარში ნამდვილად ისტორიული იყო!
საქართველოს ნაკრებმა ამ შეხვედრაში მეტოქე 2-0 დაამარცხა და 1/8 ფინალში გასვლა მოახერხა.
მილანი vs ნაპოლი - 29 ოქტომბერი, 2024 წელი
ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო გოლი ნაპოლის რიგებში — ეფექტური შორეული დარტყმა და უძლური მაიკ მენიო.
პარი სენ-ჟერმენი vs მონაკო - 7 თებერვალი, 2025 წელი
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი პარიზული გოლი, რომელიც საკმაოდ ეფექტური გამოდგა — მოტყუებული მცველი და უშანსოდ დატოვებული მეკარე.
პსჟ vs ასტონ ვილა - 9 აპრილი, 2025 წელი
ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და დიდი მნიშვნელობის გოლი, რომელიც პარი სენ-ჟერმენის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.
ქართველმა ერთი მოძრაობით ბირმინგემელთა სამი მცველი გააქრო და დიბუ მარტინესს აუღებელი დაურტყა, თანაც ცაციათი!
პარი სენ-ჟერმენი vs ინტერი - 31 მაისი, 2025 წელი
ხვიჩა კვარაცხელიას ისტორიული გოლი ფინალში და ჩემპიონთა ლიგის პირველი თასი!
პარიზელებმა მილანელები უბრალოდ გაანადგურეს, რაშიც მონაწილეობა ქართველმა ფეხბურთელმაც მიიღო და თავისი გოლის გატანაც შეძლო.
პარი სენ-ჟერმენი vs ჩელსი - 11 მარტი, 2026 წელი
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბევრი ფეხბურთელის გამორჩევა შეგვიძლია და ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელია აუცილებლად მოწინავე პოზიციებს იკავებს. ქართველ ფეხბურთელს საოცარი სვლა აქვს და მის გაჩერებას უბრალოდ ვერავინ ახერხებს.
ჩელსისთან გატანილი გოლი მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი გამოდგა.














