ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ფარგლებში პარის სენ-ჟერმენი დაუპირისპირდება თავის ყველაზე უხერხულ მეტოქეს - ბაიერნ მიუნხენს. რატომ არის "რეკორდმაისტერი" ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე? საქმე ისაა, რომ პსჟ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ყველაზე ხშირად სწორედ ალიანც არენას მკვიდრებთან აგებს.
ამ გუნდებს შორის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 15 მატჩში ბაიერნი გამარჯვებული 9-ჯერ გამოვიდა. რამდენიმე მარცხი "ლურჯ-წითლებისთვის" განსაკუთრებით მძიმე გამოდგა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მოქმედი ჩემპიონი ნავსის გატეხვას, იქამდე კი გავიხსენოთ შემთხვევები, როცა მიუნხენელებმა პარკ დე პრენსის მკვიდრები მძიმედ დააზარალეს.
რეკორდული მარცხი, რომელიც მხოლოდ ბარსელონას რემონტადამ გადაფარა
ჩემპიონთა ლიგის 1997/1998 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ბაიერნმა პარის სენ-ჟერმენი ანგარიშით 5:1 გაანადგურა. ფრანგული გუნდი გამოდგა უძლური ჯოვანი ელბერისა და კარსტენ იანკერის წყვილის წინაშე, რომელმაც პსჟ-ს დუბლი შეუსრულა. აღნიშნული წაგებით "ლურჯ-წითლებმა" ანტირეკორდი დაამყარეს.
დიახ, პარკ დე პრენსის ბინადრებს ჩემპიონთა ლიგაზე მარცხი ასეთი დიდი ანგარიშით განცდილი ჯერ არ ჰქონდათ. ანტირეკორდმა იარსება 20 წელი, შემდეგ კი ბარსასთან 1:6-ით გადაიფარა. აღნიშნულ ქამბექსა და მიუნხენელებთან მარცხს თუ არ ჩავთვლით, პარის სენ-ჟერმენს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მინიმუმ 4-ბურთიანი სხვაობით არასდროს წაუგია.
მარცხი ჩემპიონთა ლიგის ფინალში
გადავინაცვლოთ თანამედროვე ეპოქაში, სადაც 2019/2020 წლების სეზონში პსჟ თავის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. პარის სენ-ჟერმენმა ჯგუფურ ეტაპზე აჯობა თვით რეალს, შემდეგ კი პლეიოფში დორტმუნდს, ატალანტასა და ლაიფციგს. როგორც ვხედავთ, "ლურჯ-წითლები" გერმანული კლუბებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცნენ.
თვითონ ტომას ტუხელის გუნდისთვის სეზონის მთავარ უსიამოვნებად იქცა ბუნდესლიგის ნომერ პირველი წარმომადგენელი - ბაიერნი, რომელმაც აღნიშნული ფინალი მოიგო. მიუნხენელებმა მოწინააღმდეგე დაამარცხეს მინიმალური ანგარიშით და შეხვედრის ერთადერთი ბურთი პარკ დე პრენსზე გაზრდილმა კინგსლი კომანმა შეაგდო.
ლიონელ მესისა და ნეიმარ ჟუნიორის ბოლო გასეირნება ჩემპიონთა ლიგაზე
2022/2023 წლების სეზონში პარის სენ-ჟერმენის ჩემპიონთა ლიგური თავგადასავალი კვლავ დაასრულა ბაიერნმა, რომელმაც მერვედფინალის ორივე შეხვედრა მოიგო (2:0, 1:0). აღნიშნული დუელი ლეო მესისა და ნეიმარ ჟუნიორისთვის ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე უკანასკნელი გასეირნება გამოდგა.
არგენტინელი შემტევი მომდევნო სეზონში აღმოჩნდა ინტერ მაიამიში, მისი ბრაზილიელი ყოფილი თანაგუნდელი კი ალ-ჰილალში. საინტერესოა, რომ კომანმა პსჟ-ს კარი იმ დუელშიც აიღო. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ფლორიდელთა ამჟამინდელი კაპიტანი დაზარალდა მიუნხენელებისგან, 3 წლით ადრე, ჯერ კიდევ ბარსაში თამაშის დროს მან 2:8 წააგო.
მორიგი მარცხი ბაიერნთან და 25-ე ადგილი ლიგის ფაზაში
გასული სეზონი დასრულდა პარის სენ-ჟერმენის ტრიუმფით, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურისთვის ეს რთულად წარმოსადგენი იყო. თავად განსაჯეთ: პირველ ტურში ჟირონასთან მოგების შემდეგ, პსჟ ზედიზედ 4 შეხვედრის მანძილზე 3 ქულის გარეშე რჩებოდა. იყო წაგებები ატლეტიკოსა და არსენალთან, ასევე ფრე პსვ-სთან.
"ლურჯ-წითლების" მდგომარეობა კრიტიკული გახადა ბაიერნმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მომავალ გამარჯვებულს კიმ მინ ჯეს გოლით მოუგო. მიუნხენელებთან წაგების შემდეგ, ლუის ენრიკეს შეგირდები აღმოჩნდნენ ტოპ 24-ს მიღმა, ცრვენა ზვეზდას, შახტარის, შტურმის, სპარტასა და სხვა აუტსაიდერების გვერდით.
რა მოხდა მოგვიანებით? ეს უკვე ისტორია არის. პარკ დე პრენსის ბინადრებმა დარჩენილ სამ მატჩში გამარჯვებით, გაიფორმეს ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის საგზური, შემდეგ კი უკვე ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, 1/8 ფინალშიც შეაბიჯეს. ზემოაღნიშნული მე-5 ტურისთვის ფაზას ლიდერობდნენ ლივერპული და მილანის ინტერი, პარის სენ-ჟერმენმა სეზონის ბოლოსთვის ორივეს აჯობა.
კიდევ ერთი მარცხი, ამჯერად მოქმედი ჩემპიონის რანგში
პსჟ ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის ფაზის ამ სეზონშიც დამარცხდა (1:2). გასულ წელთან შედარებით განსხვავება იყო ის, რომ ფრანგული გუნდი ამჯერად მოქმედი ჩემპიონის სტატუსით იყო. დიახ, საკლუბო მუნდიალის ფინალში მოგებით, პარის სენ-ჟერმენმა თითქოს გატეხა ნავსი მიუნხენელებთან, მაგრამ აღნიშნულ პრინციპს ევროსარბიელზე არ უმოქმედია.
ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში "ლურჯ-წითლების" ანგარიშზე არის მხოლოდ ორი მარცხი, ერთი - "რეკორდმაისტერთან", მეორე კი ლისაბონის სპორტინგთან. ეს ყველაფერი მოხდა ფაზაზე, რომლის შემდეგაც ენრიკეს შეგირდების სტატისტიკა უბრალოდ ბრწყინვალეა: 5 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება.
დიახ, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული დაუბრუნდა თავის საუკეთესო ფორმას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომდევნო მოწინააღმდეგემ ძალიან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს პარკ დე პრენსის მკვიდრებთან მოგება. მოახლოებული 1/2 ფინალისთვის გვაქვს ასეთი სტატისტიკა: ალიანც არენას ბინადრებმა პარის სენ-ჟერმენს ევროსარბიელზე უკანასკნელი 5 შეხვედრიდან ყველა მოუგეს.
პსჟ თავადაც ყოფილა ბაიერნისთვის უხერხული მეტოქე
როგორც აღვნიშნეთ, ბაიერნმა პარის სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგაზე 15-დან 9 მატჩში დაამარცხა. ამ გუნდებს შორის არასდროს დაფიქსირებულა ფრე, რაც ნიშნავს იმას, რომ 6-ჯერ მოიგო პსჟ-მაც, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. აღნიშნული კლუბების ერთმანეთთან გაცნობა თავის დროზე სწორედ მიუნხენელთა წაგებით დასრულდა.
დიახ, ჩემპიონთა ლიგის 1994/1995 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე "ლურჯ-წითლებმა" ჯორჯ ვეას ჯადოსნური თამაშის დამსახურებით "რეკორდმაისტერს" ორივე შეხვედრა მოუგეს (2:0, 1:0). ამის გარდა, აუცილებლად სახსენებელია 2017 წლის სექტემბერში პარკ დე პრენსზე დაფიქსირებული 3:0, რომელსაც კარლო ანჩელოტის გერმანული კარიერა შეეწირა.
ცნობისთვის, იტალიელი მწვრთნელის თანაშემწე იმ პერიოდში ვილი სანიოლი იყო. პარის სენ-ჟერმენის მხრიდან იყო რევანშიც - ჩემპიონთა ლიგის 2020 წლის ფინალში წაგებას, ფრანგულმა კლუბმა ალიანც არენას მკვიდრებს შემდეგი სეზონის 1/4 ფინალიდან გამოგდებით (3:2, 0:1) უპასუხა. დიახ, ჰანსი ფლიკის შეგირდებს მოქმედი ჩემპიონის სტატუსი სწორედ პსჟ-მ დააკარგვინა.
ბოლოს კი უკვე ხსენებული საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, სადაც ბაიერნი "ლურჯ-წითლებთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მოკლედ, ორივე კლუბს ერთმანეთთან აკავშირებთ უარყოფითი მოგონებები, მაგრამ პარკ დე პრენსის მკვიდრებს ასეთი მოგონებები მიუნხენელებზე მაინც უფრო მეტი აქვთ.














