ენფილდი - ლეგენდარული სტადიონი, რომელიც არის განუყოფელი ნაწილი როგორც ლივერპულის ისტორიის, ისე ზოგადად, ინგლისური ფეხბურთის. მერსისაიდელებთან მოგება განსაკუთრებული მოვლენაა, მაგრამ როცა აკეთებ ამას მათ საშინაო სტადიონზე, კიდევ უფრო შთამბეჭდავი.
ენფილდზე მეტოქეების რანგში აღმოჩენილან ქართველი ფეხბურთელებიც და რამდენიმე მათგანმა ამ არენის მინდორზე წარუშლელი კვალიც დატოვა. გავიხსენოთ "ჯვაროსნები", რომლებსაც სხვადასხვა ეპოქაში "წითლების" საშინაო სტადიონზე თამაშის ბედნიერება მიეცათ. ათვლას ვიწყებთ 70-იანების ბოლოდან, ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო დუელით.
დინამო ენფილდზე და ერთადერთი ქართული გოლი
პირველებმა ენფილდზე ითამაშეს დინამოს ფეხბურთელებმა, ჩემპიონთა თასის 1979/1980 წლების სეზონის დასაწყისში. ლივერპულმა იმარჯვა ანგარიშით 2:1, თბილისელთა მხრიდან კი ის ბურთი შეაგდო ალექსანდრე ჩივაძემ, რომელიც დღემდე რჩება ერთადერთ მოთამაშედ საქართველოდან, ვინც მერსისაიდელების კარი მათ სტადიონზე აიღო.
"ლურჯ-თეთრების" მცველმა ენფილდის ბინადრებს გაუტანა განმეორებით მატჩშიც, რომელშიც საბჭოთა კავშირის იმდროინდელმა მოქმედმა ჩემპიონმა მრისხანე მოწინააღმდეგე 3:0 გაანადგურა. ქართველმა უკანახაზელმა ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი, რითაც ბობ პეისლის გუნდთან დუელში საბოლოო წერტილი დასვა.
დავუბრუნდეთ ნოდარ ახალკაცის გუნდის სამიანის გოლს ენფილდზე, რომელიც ინგლისურმა პრესამ შემთხვევითობად შერაცხა. დიახ, იმ დუელში ფავორიტად მოიაზრებოდა სწორედ ლივერპული, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში დატრიალებულმა მოვლენებმა დინამოს მიმართებაში ბრიტანელებს წარმოდგენა შეუცვალეს.
"მოსკოვიდან გავფრინდით. მანამდე რუსები გვეუბნებოდნენ, რომ თქვენი მთავარი ამოცანა ისაა, როგორმე დიდი ანგარიშით არ დამარცხდეთო. ლივერპული მაშინ დიდებული მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. თამამად შეიძლება ითქვას, ეს იყო მთელი ბრიტანეთის გუნდი", - იხსენებს თბილისელთა ყოფილი გოლკიპერი, ოთარ გაბელია.
ქართველი ლეგიონერები ენფილდზე - 90-იანები, პრემიერ ლიგა
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველმა ენფილდზე მურთაზ შელიამ ითამაშა. ეს მოხდა უეფას თასის პირველ რაუნდში, 1995-ის სექტემბერში. ქართველი უკანახაზელი იმ დროს ვლადიკავკაზის ალანიაში ასპარეზობდა. ლივერპულმა პირველ შეხვედრაში სტუმრად მოიგო 2:1, რითაც საპასუხო თამაშისთვის კარგი განწყობა შეიქმნა.
მერსისაიდულმა გუნდმა მშვიდად და აუღელვებლად გააგორა უგოლო ფრე "ჯიქებთან" განმეორებით მატჩშიც, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის უკანახაზელს, "წითლებთან" შეხვედრაში მან მოედანზე გაატარა 90 წუთი და თამაშის მიწურულს ყვითელი ბარათიც მიიღო.
"ჯვაროსნების" იმდროინდელი ოთხიანის გარდა, აღნიშნულ მატჩში თამაშობდნენ ფეხბურთელები, ვისი კარიერაც დინამოში იწყებოდა. საუბარია ომარ თეთრაძესა და ბახვა თედეევზე. ცნობისთვის, ალანიაში იმ დროს ასპარეზობდა მიხეილ ყაველაშვილიც, მაგრამ ენფილდზე ჩატარებულ შეხვედრაში ის არ გამოჩენილა.
ვლადიკავკაზური გუნდის წინააღმდეგ გამართული მატჩიდან ერთი თვის შემდეგ, როი ევანსის შეგირდები დაუპირისპირდნენ მანჩესტერ სიტის, თანაც 3 დღის შუალედში 2-ჯერ (1995 წლის 25-28 ოქტომბერი), თავიდან ლიგის თასზე, მოგვიანებით კი ჩემპიონატშიც. ორივე შეხვედრა სწორედ ლივერპულის საშინაო სტადიონზე ჩატარდა.
ინგლისში იმ დროს თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა გიორგი ქინქლაძე - ფეხბურთელი, ვინც "ქალაქელებში" მოგვიანებით წარუშლელ კვალს დატოვებს. დიახ, ქართველი ფლეიმეიქერი ნამდვილი ლეგენდაა, მაგრამ მერსისაიდელებთან განადგურებისგან მეინ როუდის მკვიდრები მანაც ვერ იხსნა.
ხსენებულ ორ მატჩში "წითლებმა" საკუთარ კედლებში ალან ბოლის გუნდი ჯამში ანგარიშით 10:0 (6:0, 4:0) გაანადგურეს. იმავე სეზონის ბოლოს, სიტიმ ენფილდის მკვიდრებთან შინ ითამაშა ფრე, რომელიც ქვედა დივიზიონში დაქვეითების ტოლფასი გამოდგა. წლების შემდეგ, ჩვენი ეროვნული გუნდის ფლეიმეიქერი ლივერპულის სტადიონზე დერბი ქაუნთის მოთამაშის რანგშიც გამოჩნდება.
შედეგი იქნება დაახლოებით იგივე - მერსისაიდელები საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ათიანისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქეებად დარჩებიან. "ჯადოქრის" მსგავსად, "წითლების" სტადიონზე ვერც თემურ ქეცბაიამ იხეირა. მისი ერთადერთი პერფომანსი აღნიშნულ არენაზე თარიღდება 1998-ის იანვრით, შეხვედრაში, რომელიც ნიუკასლმა ენფილდზე მინიმალური ანგარიშით წააგო.
"კაჭკაჭების" იმდროინდელმა მწვრთნელმა და ლივერპულის ცოცხალმა ლეგენდამ, კენი დალგლიშმა ქართველი შემტევი მოედანზე მხოლოდ რვა წუთით შეუშვა. მერსისაიდელებისა და "ჯვაროსნების" ალბიონურ დუელებს დავხურავთ ზურაბ ხიზანიშვილით, რომელმაც ბლექბერნ როვერსში თამაშის დროს, 2006/07 სეზონში ლეგენდარული სტადიონიდან 1 ქულა წამოიღო.
სხვა ქართველი ლეგიონერები ენფილდზე - ევროთასები
ქართველ ფეხბურთელებს შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც ენფილდზე ევროთასების ფარგლებში აღმოჩენილან. მაგალითად - ვალერი აბრამიძემ ლივერპულის სტადიონზე ითამაშა მოსკოვის სპარტაკში ასპარეზობის დროს, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2001/02 სეზონის ჯგუფურ ეტაპზე.
თუ "თეთრ-წითლების" ყოფილ მცველს ენფილდთან აკავშირებს უარყოფითი მოგონებები (მარცხი, ანგარიშით 0:5), საბა კვირკველიას პირიქით, 2015/16-ის სეზონში, ყაზანის რუბინმა მასთან ერთად მერსისაიდიდან 1 ქულა წამოიღო (1:1). ეს ყველაფერი ევროპის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირზე ხდებოდა.
იყო შემთხვევები, როდესაც ენფილდზე მეტოქის რანგში ერთბაშად ორი ქართველიც აღმოჩენილა. ჩემპიონთა ლიგის 2005/2006 წლების სეზონის შესარჩევი, "წითლები" უგებენ კაუნასს, გივი კვარაცხელიასა და ნუკრი მანჩხავათი თავის შემადგენლობაში. დიახ, ხვიჩა არ არის პირველი კვარაცხელია, რომელმაც ენფილდზე შეაბიჯა.
საინტერესოა, რომ იმავე პერიოდში და კვლავ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რაფაელ ბენიტესის გუნდი დაუპირისპირდა ჰაიფას მაკაბის, რომლის შემადგენლობაში ასპარეზობდა ქართული ფესვების მქონე ისრაელელი მოთამაშე, ჰაიმ მეგრელაშვილი. ცნობისთვის, ლივერპულის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში პირველი ბურთი შეაგდეს სწორედ "მწვანეებმა", მაგრამ მოგვიანებით, მასპინძლებისგან 2 მიიღეს.
ქართველების დუელი ენფილდზე - თანამედროვე ეპოქა, დიდი სცენა
გადავინაცვლოთ თანამედროვე ეპოქაში, სადაც ქართველი ფეხბურთელები ენფილდზე მეტოქეების რანგში აღმოჩნდნენ. უკვე ზედიზედ მეორე სეზონია, რაც ლივერპულის სტადიონზე გოლის შეგდებასთან ახლოს ხვიჩა კვარაცხელია იყო. შარშან მან ეს გააკეთა კიდეც, მაგრამ ახალგაზრდა ვინგერის შედეგიანი მოქმედება მსაჯმა გააუქმა.
წელს, პარის სენ-ჟერმენის შემტევს გოლის გატანაში ხელი თანამემამულე გიორგი მამარდაშვილმა შეუშალა. მიუხედავად იმისა, რომ ჩივაძე დარჩა ერთადერთ ქართველ მოთამაშედ, რომელმაც შეაგდო მერსისაიდში, დადებითი მოგონებებით აღნიშნული სტადიონიდან პსჟ-ს მე-7 ნომერიც დაბრუნდა.
გასულ სეზონში "ლურჯ-წითლებმა" იმარჯვეს პენალტების სერიაში და ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესო გუნდს შორის ადგილიც დაიკავეს. წელს კი ქართველი ვინგერის ასისტით უსმან დემბელემ შეაგდო. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ვარსკვლავური გარემარბი "წითლების" კარის აღებას მათ სტადიონზე მომავალში და "ჯვაროსნების" კიდევ რომელ წევრს მიეცემა ამის შანსი.














