ზუსტად ერთი წლის წინ, 2025 წლის 17 იანვარს ისტორიული ტრანსფერი განხორციელდა - ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ფეხბურთელი გახდა.
იმ პერიოდში, გულშემატკივრებისა და ექსპერტების ნაწილი, ამ ტრანსფერს კრიტიკულად უყურებდა, რომ ლიგა 1 "ფერმერთა ლიგა" იყო, პსჟ-მ მესის, ნეიმარის და მბაპეს დროს ვერაფერი ღირებული მოიგო და ვერც ამ ფორმაციის პსჟ მოიგებდა. თან, ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან ცუდად ასპარეზობდა და დიდი შანსი იყო, რომ პსჟ საუკეთესო 24 გუნდშიც კი ვერ მოხვედრილიყო.
დემბელე, ჟოაო ნევეში, ვიტინია და სხვები, ერთ ჩვეულებრივ სეზონს ატარებდნენ, ისეთს, კვლავ მხოლოდ ლიგა 1 რომ უნდა მოეგოთ, თუმცა ქართველის გუნდში მისვლამ ყველაფერი შეცვალა.
ზუსტად კვარაცხელიას პსჟ-ში მისვლას დაემთხვა ამ გუნდის აღმასვლა და ერთი წლის თავზე, პსჟ მსოლფიოს საუკეთესო გუნდია, რომელმაც ყველაფერი მოიგო, ზემოთხსენებული ფეხბურთელები კი თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავებად ჩამოყალიბდნენ.
თავად კვარა ნაპოლიში ისედავ ვარსკვლავი იყო, თუმცა მხოლოდ ლოკალურ მაშტაბებზე. პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, მისი საფეხბურთო უნარები და ღირებულებები ერთიორად გაიზარდა.
პარიზული კარიერის საწყის დღეებში ხვიჩა იყო როგორც ერთი მორიდებული ქართველი, ამდენ ვარსკვლავში, ხან მარცხენა ფლანგზე ათამაშებდნენ, ხან ცენტრში, მაგრამ ლუის ენრიკე მალევე მიხვდა, რომ მოედანზე კვარას გამოყენება ყველაზე კარგად მარცხნიდან შეეძლო.
" იღბლიანი ვარ, რომ გუნდში მყავს ფეხბურთელები, რომლებიც დაცვაში და თავდასხმაში თანაბრად ირჯებიან. მაგალითად, კვარაცხელია, რომლის მოედანზე მუშაობა უბრალოდ მაოცებს."
24 წლის შემტევმა თავისი დაცვითი უნარების გამოვლინებით მოიგო როგორც მწვრთნელის, ისე გულშემატკივრის გული და დაანგრია მსოფლიო ფეხბურთის სტერეოტიპი, რომ ფლანგის შემტევი დაცვაშიც ისეთივე პროდუქტიული შეიძლება იყოს, როგორც შეტევაში.
კვარაცხელია პსჟ-ს ისტორიაში მე-4 ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. მის სანაცვლოდ 70 მილიონი გადაიხადეს. ისტორიული იყო 7 თებერვალი, როცა კვარამ ახალ გუნდში თავისი სადებიუტო გოლი მონაკოს, ცაციათი გაუტანა. ამ გოლიდან ზუსტად 2 თვის თავზე, კვარამ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ასტონ ვილას საოცარი სილამაზის გოლი გაუტანა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა.
მაისის თვეში ხვიჩა პსჟ-სთან ერთად პირველ ტიტულს იგებს და ლიგა 1-ის ჩემპიონი ხდება. მალევე დგება 31 მაისი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც ქართველს ოცნების ასრულების შანსი აქვს. პსჟ დომინანტურ ფეხბურთს თამაშობს, მათი შემჩერებელი არავინაა, ფინალშიც საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზეს და ინტერი 5:0 დაამარცხეს. კვარა ხდება პირველი ქართველი, ვინც ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კვარაცხელიას დონე და სტატუსი კიდევ უფრო მაღლდება როგორც კლუბში, ისე ნაკრებში, იზრდება თავდაჯერებულობა და საქართველოს ნაკრებს ჰყავს ჩემპიონთა ლიგის მომგები ფეხბურთელი.
" კვარა უკვე მზად იყო, რომ ეს ტიტული მოეგო. მან ეს დაიმსახურა. ამიერიდან, მე აღარ ვიქნები გასახდელში ერთადერთი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული "
ლიგა 1-თან და ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, კვარაცხელია იგებს საფრანგეთის თასის, საკონტინენტთაშორისო თასის, უეფას სუპერთასის და საფრანგეთის სუპერთასის ტიტულებს.
დღეს, ზუსტად ერთი წლის თავზე, კვარას პსჟ-ში 6 ტიტული აქვს მოგებული, გაიტანა 14 გოლი, გააკეთა 13 საგოლე გადაცემა, აიხდინა ოცნება, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ამ ერთ წელში გააკეთა ის, რისიც მხოლოდ ხვიჩას სჯეროდა და სხვა არავის.















