
რობერტო ბაჯო
იუვენტუსის ლეგენდა და ოქროს ბურთის მფლობელი, რომელსაც მარჩელო ლიპისთან კონფლიქტის შემდეგ, გუნდის დატოვევა მოუწია. ბაჯომ მიაშურა მილანს, რომლის შემადგენლობაში 2 სეზონით გაჩერდა. შთამბეჭდავად გამოიყურებოდა რობისა და ჯორჯ ვეას დუეტი, მაგრამ სამწუხაროდ, მათი თანამშრომლობა დიდხანს არ გაგრძელებულა.

ლეონარდო ბონუჩი
ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში - ბონუჩის იუვენტუსიდან მილანში გადასვლა. ახალ გუნდში გადაბარგების შემდეგ, ლეონარდო აქციეს "როსონერის" კაპიტნად, მაგრამ "როსონერიში" მისმა თამაშის ხარისხმა საგრძნობლად იკლო. 1 სეზონის შემდეგ, ის თავისთვის კარგად ნაცნობ ტურინში დაბრუნდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ამსტერდამის აიაქსში გაბრწყინების შემდეგ, იბრაჰიმოვიჩი გაიფორმა იუვენტუსმა, რომელშიც ის ორი სეზონით გაჩერდა. შესაძლოა, სერია ა-ს ყველაზე ტიტულოვან კლუბში ზლატანი გაჩერებულიყო კიდევ უფრო დიდხანს, კალჩოპოლი რომ არა. ტურინელთა დაქვეითების შემდეგ, ის გადავიდა ინტერში, შემდეგ ბარსელონაში, მოგვიანებით კი მილანშიც.

ფილიპო ინძაგი
თავდამსხმელი, რომელმაც ორივე გუნდის მაისურით საერთო ჯამში 200-ზე მეტი გოლი გაიტანა. ინძაგი იუვენტუსში თამაშობდა კარლო ანჩელოტის დამრიგებლობით, შემდეგ კი ტიტულოვანი სპეციალისტი თავის ფავორიტ ფორვარდს მილანშიც შეხვდა. აღნიშნულმა დუეტმა ერთად ჩემპიონთა ლიგის 2 ტიტული მოიგო.

ჯუზეპე მეაცა
თავდამსხმელი, რომლის სახელს ატარებს ინტერნაციონალეს სტადიონი, იუვენტუსშიც თამაშობდა და მილანშიც. ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც მეაცა გახდა "ნერაძურის" ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი და სკუდეტოს 3-გზის ჩემპიონი. ცხადია, ყველაზე დიდი კვალი მან დატოვა სწორედ "გველებში", მაგრამ ტურინსა და "როსონერიში" თამაშის ფაქტი ჯუზეპეს კარიერაში მაინც ფიგურირებს.

ალვარო მორატა
ერთ-ერთი უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა როგორც იუვენტუსში, ისე მილანშიც. საინტერესოა ის, რომ მორატა სერია ა-ს ყველაზე ტიტულოვან კლუბში თამაშობდა 2-ჯერ: 2014-2016 და 2020-2022 წლებში. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ალვარო ამჯერად უკვე "როსონერის" შეუერთდა.

ანდრეა პირლო
მილანთან ერთად ისტორიის დაწერის შემდეგ, პირლოს არ გაუხანგრძლივეს კონტრაქტი, რის შედეგადაც მან თავისუფალი აგენტის სტატუსით იუვენტუსს მიაშურა. ანდრეამ ხარისხი არც ტურინში დააგდო, სადაც "როსონერიში" მოგებულ ტიტულებს კიდევ 4 სკუდეტო მიამატა. რთული სათქმელია, რომელ კლუბში ვიხილეთ იტალიელი გამთამაშებლის საუკეთესო ვერსია, ალბათ ორივეში.

პაოლო როსი
მსოფლიო ჩემპიონი და ოქროს ბურთის მფლობელი თავდამსხმელი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები იუვენტუსში გაატარა. როსიმ კარიერის ბოლოსკენ 1 სეზონით მილანშიც მოსინჯა ძალები. უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე, რომელსაც ორივე კლუბის მაისური მოურგია.

პატრიკ ვიეირა
ლონდონის არსენალის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის სტარტზე წარუმატებელი პერიოდი მილანში ჰქონდა. "როსონერის" შემდეგ, ვიეირა გადავიდა იუვეში, კალჩოპოლის შემდეგ კი ის ინტერშიც ვიხილეთ. დღეს, ის კვლავ კალჩოშია, ამჯერად ჯენოას დამრიგებლის რანგში.

ჯანლუკა ძამბროტა
ფეხბურთელი, რომელმაც ორივე გუნდის მაისურით საერთო ჯამში 400 შეხვედრა ჩაატარა. კალჩოპოლის შემდეგ, ვიეირასა და იბრაჰიმოვიჩის მსგავსად, იუვე ძამბროტამაც დატოვა. ის ჯერ გადავიდა ბარსაში, შემდეგ კი მილანში, სადაც კარიერის ბოლომდეც დარჩა.
ასევე გამოსარჩევია: კრისტიან აბიატი, ჟოზე ალტაფინი, ფაბიო კაპელო, ედგარ დავიდსი, პაოლო დი კანიო, ემერსონ ფერეირა, გონსალო იგუაინი, პიერ კალულუ, მანუელ ლოკატელი, მარიო მანჯუკიჩი, კრისტიან ვიერი.

















