
დანი ალვეში
ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი, რომელმაც ბარსელონაში უდიდესი კვალი დატოვა. ალვეში ასევე უმაღლეს დონეზე თამაშობდა ტურინის იუვენტუსში, პარის სენ-ჟერმენსა და სევილიაში. დანის კარიერის მთავარი კლუბი მაინც არის "ბლაუგრანა", რომელთან ერთადაც მან 23 ტიტული მოიგო.

ჟულიანო ბელეტი
ალვეშის დომინირებამდე, ბარსელონაში ბელეტი ბრწყინავდა. ცნობისთვის, ის ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არის. ჟულიანოს კარიერის მთავარი მომენტი: ჩემპიონთა ლიგის 2006 წლის ფინალი, რომელშიც მან ლონდონის არსენალის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს იყო ბრაზილიელი განაპირა მცველის ერთადერთი ბურთი "ბლაუგრანაში".

მარკოს კაფუ
მარჯვენა ფლანგის მეფე და ბევრის აზრით, საუკეთესო განაპირა მცველი ფეხბურთის ისტორიაში. მატჩების რეკორდული რაოდენობა (142) ბრაზილიის ეროვნულ გუნდში და ზედიზედ 3 მუნდიალის ფინალი: 1994, 1998, 2002. ამის გარდა, კაფუმ მოიგო 2 სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგის თასიც. მისი მემკვიდრეობა უბრალოდ ფასდაუდებელია.

რობერტო კარლოსი
თუ კაფუ არის მარჯვენა ფლანგის მეფე, მარცხნივ, რა თქმა უნდა, კარლოსი დომინირებს. ჯარიმების ოსტატი და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმის მფლობელი. რობერტოს კარიერის პიკი იყო 2000-იანების დასაწყისში და აღსანიშნავია, რომ 2002 წლის ოქროს ბურთის ნომინაციაში მან მე-2 პოზიცია დაიკავა.

დუგლას მაიკონი
ალვეშის მთავარი კონკურენტი, რომელიც კარიერის რაღაც ეტაპზე მას აღემატებოდა კიდეც. მაიკონი იყო ჟოზე მოურინიოს ინტერნაციონალეს უმნიშვნელოვანესი მოთამაშე და ერთობლივი ძალებით ტრებლი იქნა მოგებული. დუგლასის მილანელებში გადმოსვლა წაადგა პერსონალურად ხავიერ ძანეტისაც, რომელიც მისი ტრანსფერის შემდეგ, როგორც მრავალფუნქციური მოთამაშე გაიხსნა.

მარსელო ვიეირა
უკანასკნელი ლეგენდარული ბრაზილიელი განაპირა მცველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, კარიერა დაასრულა. მარსელომ რეალში შექმნა ნამდვილი ეპოქა: 25 ტიტული, მათ შორის 5 ჩემპიონთა ლიგის თასი. ჟუნიორზე ტიტულოვანი მადრიდში არის მხოლოდ 3 მოთამაშე: ლუკა მოდრიჩი, დანი კარვახალი და ნაჩო ფერნანდესი.

მაქსველ ანდრადე
ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი. მაქსველმა ითამაშა ბარსელონაში, ინტერნაციონალეში, პარის სენ-ჟერმენსა და აიაქსში, ის ყველგან უმაღლეს დონეს ინარჩუნებდა. ანდრადე კარიერის ბოლოსთვის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეც კი იყო, მაგრამ შემდეგ მას თანამემამულე ალვეშმა გადაასწრო.

რაფინია სოუზა
ვარსკვლავური თანამემამულებით დაჩრდილული კიდევ ერთი უმაღლესი დონის განაპირა მცველი. რაფინიამ კარიერის საუკეთესო წლები გაატარა გერმანიის ჩემპიონატში, მიუნხენის ბაიერნისა და გელზენკირხენის შალკეს რიგებში. 18 ტიტული და 460-ზე მეტი მატჩი ბუნდესლიგის კლუბებში. კარიერის ბოლოს, დე სოუზა სან პაულოს ლიდერადაც მოგვევლინა.

ალექს სანდრო სილვა
ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი ბრაზილიელი განაპირა მცველი, რომელიც იუვენტუსს თითქმის 10 წელი ერთგულად ემსახურა. 320-ზე მეტი შეხვედრა და 11 ტიტული ტურინელთა შემადგენლობაში. პორტუში თამაშის დროს ალექს სანდროს ხელში ჩაგდებას ცდილობდა არაერთი კლუბი, თავად მან კი "ბებერი ქალბატონი" აირჩია.

სერჟინიო სანტოსი
სერჟინიო თავდაპირველად თამაშობდა ნახევარდაცვისა და შეტევის მარცხენა ფლანგზე, კარიერის ბოლოს კი კარლო ანჩელოტიმ ის მოსინჯა მარცხენა მცველად და ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. დოს სანტოსი იყო 2000-იანების მილანის განუყოფელი ნაწილი და მან ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო.
ასევე გამოსარჩევია: ადრიანო კლარო, დანილო და სილვა, დედე სანტოსი, ფილიპე ლუისი, სილვინიო ჟუნიორი, ზე მარია ფერეირა.

















