
შალვა აფხაზავა
ნიჭიერი თავდამსხმელი, რომლის სიცოცხლე 23 წლის ასაკში დასრულდა. აფხაზავა უკრაინაში გადავიდა 2002 წელს, ბათუმის დინამოდან კიევის არსენალში. შალვამ მოასწრო 43 მატჩის ჩატარება, 19 ბურთის გატანა და 12 ასისტის გაკეთება. 2004 წლის 7 იანვარს ის გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა.

ირაკლი აზაროვი
მართალია, აზაროვმა დონეცკის შახტარის შემადგენლობაში ჯერჯერობით მოასწრო მხოლოდ 36 შეხვედრის ჩატარება, თუმცა ის უკრაინის ჩემპიონია, რაც ნამდვილად სერიოზული არგუმენტია. შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლის კარიერაში ჯერ არ ყოფილა სეზონი, რომელშიც ის ქვეყნის ჩემპიონატის გამარჯვებული არ გამხდარიყო.

გიორგი დემეტრაძე
ფეხბურთელი, რომელმაც კიევის დინამოს შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზეც კი გაიბრწყინა. დემეტრაძეს გატანილი აქვს გოლი ბაიერნის კარში და ასევე მის ანგარიშზეა დუბლი ანდერლეხტთან. არ უნდა დაგვავიწყდეს ფერნანდო იეროს ავტოგოლიც, რომელიც სწორედ გიორგის ჩაწოდების შემდეგ იყო. ყველაფერი ეს უკრაინულ კლუბში თამაშის დროს იყო.

გიორგი გოჩოლეიშვილი
უკრაინის კიდევ ერთი ჩემპიონი შახტარის შემადგენლობაში აზაროვთან ერთად. გოჩოლეიშვილისთვის უკრაინა გამოდგა ტრამპლინი, რომლის შემდეგაც ის კოპენჰაგენში გადავიდა. დონეცკში თამაშის პერიოდში გიორგიმ თავი გამოიჩინა ჩემპიონთა ლიგაზე, ბარსელონასთან მატჩში ასისტით. ცნობისთვის, იგივე რამ ირაკლისაც აქვს გაკეთებული.

ლაშა ჯაკობია
პარის სენ-ჟერმენსა და ბელგიურ გუნდებში ტრავმების გამო ვერდამკვიდრების შემდეგ, ჯაკობიამ გადაინაცვლა უკრაინაში, სადაც თავისი პოტენციალის გარკვეული ნაწილის გამოვლენა შეძლო. ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი ლაშას ჰქონდა ხარკოვის მეტალისტში, რომელშიც მან 56 მატჩში გაიტანა 10 ბურთი და გააკეთა 10 ასისტი.

კახა კალაძე
ყველაზე დიდი ქართული სახელი უკრაინულ ფეხბურთში. სამჯერ ქვეყნის ჩემპიონობის გარდა, კალაძე დინამოსთან ერთად მისულია ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალამდე, სადაც მისმა გუნდმა 2-მატჩიან დრამატულ ბრძოლაში ბაიერნთან წააგო. კახა ვალერი ლობანოვსკის მიერ გაწვრთნილ კიეველთა გუნდში უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო.

ჯაბა კანკავა
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კაპიტანი, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი დნიპროში გაატარა. შეგახსენებთ იმასაც, რომ კანკავა აღნიშნულ გუნდთან ერთად 2015 წელს ევროპა ლიგის ფინალამდე მივიდა. უკრაინელებმა გადალახეს ნაპოლის, ამსტერდამის აიაქსის, სენტ-ეტიენისა და პირეოსის ოლიმპიაკოსის ბარიერი, ფინალში კი სევილიასთან წააგეს.

დავით ხოჭოლავა
ცენტრალური მცველი, რომლის განვლილი უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო დიდებული რომ არა ტრავმები. ხოჭოლავამ კარიერის საუკეთესო მომენტები განიცადა შახტარში, რომლის რიგებში 80-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. მთავარი თამაში? მადრიდში რეალთან მოგება. დავითმა ამ სენსაციურ მოვლენაში უდიდესი როლი ითამაშა.

მიხეილ ფოცხვერია
უკრაინაში დაბადებული ქართველი თავდამსხმელი, რომელმაც თავის ცხოვრებაში ბევრი ტრაგიკული მოვლენა გამოიარა. ფოცხვერიას კარიერაში იყო მოწვევა საქართველოს ეროვნული გუნდიდან, უკრაინელების უარი, შახტარში გაბრწყინება, შემდეგ დუბლებში გადაყვანა, ძალების მოსინჯვა ვერდერში და ტრავმები.

გიორგი წიტაიშვილი
ნიჭიერი გარემარბი, რომელმაც თავისი კარგი თამაშით საქართველოს ნაკრებში თამაშშის შესაძლებლობა მიიღო. წიტაიშვილის კოლექციაში არის უკრაინის თასი, 2 უკრაინის სუპერთასი, ასევე 3 ჩემპიონობა დინამოს 19-წლამდელთა გუნდთან ერთად. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ გიორგიმ უკრაინის 20-წლამდელთა გუნდთან ერთად მუნდიალიც მოიგო.
ასევე გამოსარჩევია: ლადო ბურდული, გიორგი ჩიხრაძე, ვასილ გიგიაძე, გოჩა ჯამარაული, ავთანდილ კაპანაძე, ტარიელ კაპანაძე, ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა ლიპარტია, ნიკა სიჭინავა.

















