
დეკუ დე სოუზა
პორტუსა და ბარსელონაში გაბრწყინების შემდეგ, დეკუმ ძალები მოსინჯა ჩელსიში, კარიერის ბოლოს კი ის ფლუმინენსეში გადავიდა. სწორედ ლარანჟეირასში თამაშის დროს გაეხვა პორტუგალიის ეროვნული გუნდის ყოფილი გამთამაშებელი დოპინგ სკანდალში. ვეტერან შუახაზელს აღმოუჩინეს ფუროსემიდი, რის შემდეგაც "ბლაუგრანას" ექს-მოთამაშე ფეხბურთს 1 თვით ჩამოაშორეს.

რიო ფერდინანდი
ფერდინანდის სისხლში არ აღმოუჩენიათ აკრძალული ნივთიერება, მისი სკანდალი ეხება დოპინგ ტესტის გაცდენას. ლეგენდარულმა ცენტრალურმა მცველმა ეს ყველაფერი ახსნა უბრალო უყურადღებობით, მაგრამ რიოს აღნიშნული წვრილმანი დაუჯდა საკმაოდ ძვირად: 8-თვიანი ბანი, ევრო 2004-ის გამოტოვება და ფულადი ჯარიმა 50 000-ის ოდენობით.

პეპ გუარდიოლა
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დოპინგ სკანდალი ფეხბურთის ისტორიაში. 2001 წელს, ბრეშიაში თამაშის დროს, გუარდიოლას სისხლში აღმოაჩინეს ნანდროლონი, რის შედეგადაც ის ფეხბურთს 4 თვით ჩამოაშორეს. პეპი წლების მანძილზე ასაჩივრებდა ამ ბრალდებას და 2009 წელს მან საწადელს მიაღწია. აღმოჩნდა, რომ სხეულს ამ ნივთიერების გამოყოფა გარკვეული დოზით შეუძლია დამოუკიდებლადაც და ესპანელი შუახაზელის მიმართებაში სწორედ ეს შემთხვევა იყო.

დიეგო მარადონა
დოპინგ სკანდალების ყველაზე ხშირი სტუმარი. 1991 წელს, მარადონას ორგანიზმში აღმოაჩინეს კოკაინი, რის შედეგადაც ფეხბურთს ის 15 თვით მოკვეთეს. 1994 წელი: მორიგი ჩავარდნილი დოპინგ ტესტი, 5 აკრძალული ნივთიერება და ეფედრინი. 1997 წელი: ისევ კოკაინი. დიეგო აღარ დაელოდა სასჯელს, მან კარიერა დაასრულა.

ადრიან მუტუ
ბევრის აზრით, სწორედ მუტუ უნდა ყოფილიყო რომან აბრამოვიჩის ლონდონის ჩელსის უმნიშვნელოვანესი დეტალი, თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა იმის გამო, რომ მის სისხლში კოკაინი იქნა აღმოჩენილი. ადრიანი დაისაჯა 7-თვიანი ბანით, "არისტოკრატებმა" კი მასთან კონტრაქტი გაწყვიტეს. დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ, რუმინელმა ფორვარდმა კარიერის რეანიმირება მოახდინა კალჩოში, ტურინის იუვენტუსისა და ფლორენციის ფიორენტინას რიგებში.

სამირ ნასრი
ნასრიმ 2016 წელს ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაში გადაისხა სისხლი, რაც ანტიდოპინგური კომისიის წესების მიხედვით, აკრძალული პროცედურა იყო. ასეთი ხერხით შესაძლებელია ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების კვალის დამალვა. დაიწყო გამოძიება, რომლის მსვლელობის დროს სამირი ჯერ დასაჯეს 6-თვიანი ბანით, შემდეგ 18-თვიანით, ბოლოს კი მას სასჯელი შეუმსუბუქეს.

ანდრე ონანა
ონანა დოპინგ ტესტზე ჩავარდა 2021 წელს, მას შემდეგ, რაც მის სისხლში ფუროსემიდი აღმოაჩინეს. ოფიციალური ვერსია ჟღერდა ასე - მეკარემ თავი იგრძნო ცუდად, რის შედეგადაც ანდრემ თავისი ცოლის კუთვნილი აბები მიიღო. გოლკიპერი დაისაჯა 1-წლიანი ბანით, რომლის გასვლის შემდეგაც კამერუნელი კარის დარაჯი მილანის ინტერსა და მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა.

პოლ პოგბა
უკანასკნელი წლების ყველაზე გახმაურებული დოპინგ სკანდალი. პოგბას ტურინის იუვენტუსში დაბრუნება დასრულდა კრახით - ტრავმების ეპიდემიის შემდეგ, პოლის ორგანიზმში აღმოაჩინეს ტესტოსტერონის არაბუნებრივად ჭარბი დონე. ეს ყველაფერი აბების მიღების შედეგად იყო გამოწვეული. ამ ყველაფრის შემდეგ, იუვეს გამთამაშებელი დასაჯეს 4-წლიანი ბანით, მაგრამ შემდეგ, სასჯელი შემსუბუქდა 1 წლით, იტალიურმა კლუბმა კი შუახაზელს კონტრაქტი გაუწყვიტა.

მამადუ სახო
წონის რეგულირების ხელშემწყობი აბების მიღების გამო, სახო ერთწლიან დისკვალიფიკაციასთან იყო ახლოს. ცენტრალური მცველი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების საფრთხის წინაშეც აღმოჩნდა. ჩატარდა გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ აღნიშნული აბებზე უეფას აკრძალვა არ ვრცელდებოდა. მამადუ დაისაჯა 1-თვიანი ბანით, მაგრამ ევრო 2016-ზე ის მაინც არ წაიყვანეს.

იაპ სტამი
მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად ტიტულების მოგების შემდეგ, სტამი გადავიდა რომის ლაციოში, სადაც დოპინგ ტესტი ჩააგდო. ლეგენდარული ცენტრალური მცველის სისხლში აღმოაჩინეს ნანდროლონი, რის გამოც ნიდერლანდელი უკანახაზელი 5-თვიანი ბანით დაისაჯა. მოგვიანებით, სასჯელი 1 თვემდე შემცირდა.
ასევე გამოსარჩევია: მარკო ბორიელო, მარკ ბოსნიჩი, კლაუდიო კანიჯა, ედგარ დავიდსი, ფრედ სანტოსი, რენე იგუიტა, ნვანკვო კანუ, მიხაილო მუდრიკი, ანჯელო პერუცი, დარიო სრნა, კოლო ტურე, აბელ შავიერი.

















