18 ივნისი - განსაკუთრებული თარიღი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ამ დღეს, 1951 წელს დაიბადა დავით ყიფიანი - მეოცე საუკუნის ქართული ფეხბურთისა და თბილისის დინამოს სახე. ბურთის ჯადოქარი, რომლის მემკვიდრეობა მარადიულად ცოცხლობს. ქართველი ფლეიმეიქერის სახელს იხსენებენ დღემდე, მის თამაშებზე კი არაერთი თაობა აღიზარდა.
უამრავი დაუვიწყარი მომენტის გარდა, "ლურჯ-თეთრების" ნახევარმცველის კარიერაში იყო სირთულეებიც, რაც პირველ რიგში დიდი სანაკრებო ტურნირების მიღმა ყოფნას უკავშირდება. უცნაურია, რომ დინამოს მე-10 ნომრის დონის მოთამაშე ერთ მუნდიალსა თუ ევროზეც კი არ ყოფილა.
თავად ყიფიანის თამაშის ხარისხი არასდროს ყოფილა პრობლემა, ის თავის საქმეში იყო ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის ეროვნული გუნდის იმდროინდელ დამრიგებლებს ამ ყველაფერზე ჰქონდათ განსხვავებული ხედვა, სუბიექტური და შოვინისტურიც კი.
დიდი სანაკრებო ტურნირების გარეშე დარჩენილი ლეგენდა
1981 წლის აგვისტო - მადრიდის ატლეტიკო ამხანაგურ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებს უპირისპირდებოდა. ყიფიანი და ლეონიდ ბურიაკი ერთად, ქომაგმა იმ შეხვედრაში იხილა უკანასკნელად. უკრაინელმა ფლეიმეიქერმა 1982 წლის მუნდიალის დაწყებამდე მიიღო ტრავმა, ქართველი ნახევარმცველი კი გაურკვეველი მიზეზების გამო განაცხადს მიღმა დარჩა.
დავითს გული იმდენად დაწყდა, რომ მან ამის გამო კარიერაც კი დაასრულა. სსრკ-ს იმ დროს წვრთნიდა კონსტანტინ ბესკოვი, თუმცა თასების თასის ტრიუმფატორი ფლეიმეიქერის თაობაზე გადაწყვეტილება მას არ მიუღია. საქმეში ჩაერთო უფრო გავლენიანი ვალერი ლობანოვსკი, რომელმაც უშუალოდ მუნდიალის დაწყებამდე, ბესკოვი-ლობანოვსკი-ახალკაცის ტრიუმვირატში წამყვანი ადგილი დაიკავა.
უკრაინელი მწვრთნელი დინამოს ნახევარმცველს თავიდანვე არ სწყალობდა. ჯერ კიდევ 1975 წლიდან მოყოლებული, ის ყველგან და ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ თბილისელთა მე-10 ნომერი "წითლების" ტაქტიკურ მოდელში არ ჯდებოდა. დიახ, მას ჰქონდა გადატანილი მძიმე ტრავმა, მაგრამ "ლურჯ-თეთრებში" ყიფიანი იმ დროს უკვე სრულფასოვნად თამაშობდა.
არსებობს მოსაზრება - ბესკოვს დამოუკიდებლად რომ მიეღო გადაწყვეტილება, ქართველ ნახევარმცველს აუცილებლად ვიხილავდით მუნდიალზე და მეტიც, ის ძირითადშიც იქნებოდა. პოზიციურად, დავითის კონკურენტი იყო იური გავრილოვი, მაგრამ რუსი დამრიგებელი არასდროს ეწინააღმდეგებოდა შემადგენლობაში ორი ფლეიმეიქერის არსებობას.
ამაზე მეტყველებს ბრაზილიის ნაკრებთან მატჩიც, რომელშიც კონსტანტინმა თანამემამულე ნახევარმცველს ვიტალი დარასელია შეუწყვილა. ზოგადად, ფორვარდების უკან განლაგებული ორი ფლეიმეიქერი იმდროინდელი ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი იყო. საკმარისია გავიხსენოთ რამდენიმე ტოპ გუნდი: "სელესაო" (ზიკო/სოკრატესი), საფრანგეთი (პლატინი/ჟირესი), გერმანია (ბრაიტნერი/მაგათი).
აღსანიშნავია, რომ "კანარინიოსთან" მატჩის შემდეგ, "ზემოდან" შემოვიდა დადგენილება - მწვრთნელების ტრიუმვირატში პირველ ადგილზე საბოლოოდ ლობანოვსკიმ გადაინაცვლა. მან კი დინამოს მე-10 ნომრის შემდეგ, დარასელიაც აითვალწუნა. როგორი იყო უკრაინელი თავკაცის მიერ გაწვრთნილი საბჭოთა კავშირის გუნდი? მოსაწყენი, დაცვითი და ცივი, ისეთი როგორსაც ამერიკელები თავიანთ ფილმებში სსრკ-ს წარმოიდგენდნენ.
გავიხსენოთ თუნდაც პოლონეთის ნაკრებთან მატჩი, რომელშიც "წითლებს" სჭირდებოდათ მხოლოდ გამარჯვება, ვალერიმ კი გამოიყვანა ხუთი უკანახაზელი და საშინლად დაცვითი ფეხბურთი ითამაშა. მსგავსი გაურკვევლობა მოხდა ერთი წლის შემდეგაც, ლისაბონში, პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან.
ყიფიანს ჰქონდა შთამბეჭდავი საკლუბო კარიერა, თუმცა სანაკრებო, სამწუხაროდ, ამ ყველაფრის სრული საპირისპირო მოვლენა იყო. ლეგენდარულ ქართველი ფლეიმეიქერი არაფერს აფუჭებდა და ცხადია, ზედმეტი ის არც ლობანოვსკის გუნდში იქნებოდა, მაგრამ თავად დამრიგებელმა სხვანაირად ინება.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, დავითი უკვე მწვრთნელის რანგში ცდილობდა დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების გაყვანას დიდ ტურნირზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. თბილისური კლუბის ლეგენდარული ფლეიმეიქერი "ჯვაროსნებში" 1998 და 2002 წლების მუნდიალის წინ მუშაობდა.
მათ, ვისაც აინტერესებს "ლურჯ-თეთრების" ათიანის სტატისტიკა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - 19 მატჩი, 7 გოლი. ჩატარებული თამაშების უმეტესობა ატარებდა ამხანაგურ ხასიათს და მხოლოდ რამდენიმე იყო მუნდიალისა თუ ევროს შესარჩევის ფარგლებში. ყიფიანის საუკეთესო მომენტი სსრკ-ს გუნდში? ალბათ, დუბლი იაპონიის კარში, ისევ და ისევ ამხანაგურ შეხვედრაში.
დაგვიანებული საჩუქარი იუბილარს
ყიფიანი ცხოვრებაში ვერ მოესწრო საქართველოს ნაკრების ტრიუმფს, დიდ ტურნირზე თამაშის ბედნიერება ჩვენ გავიზიარეთ მისი გარდაცვალებიდან 23 წლის შემდეგ. არის ერთგვარი სიმბოლიზმი იმაში, რომ "ჯვაროსნებმა" სადებიუტო შეხვედრა ევროზე სწორედ ლეგენდარული ქართველი ფლეიმეიქერის დაბადების დღეს ჩაატარეს.
ჩვენი ნაკრების მოწინააღმდეგე იყო თურქეთი, თვითონ მატჩი კი გამოდგა დრამატული და წვიმიანი, როგორც ლივერპულთან დაპირისპირება 1979-ის ოქტომბერში. მართალია, ვილი სანიოლის გუნდმა ის შეხვედრა წააგო, მაგრამ სწორედ იმ თამაშის შემდეგ დაიწყო ახალი ათვლა ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დებიუტანტის სახელი დატოვა. წინ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაა და "ჯვაროსნების" მეტოქეები ისევ ბოსფორელები იქნებიან. ცხადია, დავითის სული იქნება ჩვენი გუნდის გვერდით, როგორც დიეგო მარადონასი არგენტინასთან, როდესაც ეს ნაკრები მუნდიალს იგებდა.















