საფეხბურთო კარიერა - მატჩი, რომელიც ორივეს სხვადასხვანაირად ახსოვს
ანჩელოტი 80-იანი წლების კალჩოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი იყო. მას უთამაშია პარმაში, რომასა და მილანში - ყველაზე დიდ წარმატებას იტალიელმა შუახაზელმა მიაღწია "როსონერისთან" ერთად, რომლის რიგებში მან მოიგო პრაქტიკულად ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, თანაც არაერთხელ.
გასპერინის საფეხბურთო კარიერამ ტიტულების გარეშე ჩაიარა. ტურინის იუვენტუსში ვერდამკვიდრების შემდეგ, მან მოიარა რამდენიმე არც თუ ისე დიდი კლუბი, მაგრამ კალჩოს ელიტარულ წრეში მას არასდროს უტრიალია. საინტერესოა ის, რომ მათ ერთმანეთის წინააღმდეგ ნათამაშები აქვთ 1 მატჩი, 1989 წლის 26 თებერვალს, სერია ა-ში.
აღნიშნულ შეხვედრაში კარლოს "შავ-წითლებმა" ჯან პიეროს პესკარა ანგარიშით 6:1 გაანადგურეს. მასპინძლების მხრიდან დუბლი შეასრულეს რუდ გულიტმა და პიეტრო ვირდისმა, ერთი ბურთიც ფრანკ რაიკაარდმა შეაგდო. რაც შეეხება "სამეფო კლუბის" ამჟამინდელ სპეციალისტს, მან 3 ასისტი მიითვალა.
დასამახსოვრებელი შეხვედრა გამოუვიდა ჯან პიეროსაც, რომლის საგოლე გადაცემით გავიდა ის ერთადერთი ბურთი "ეშმაკების" კარში და თამაშის ბოლოს მან გაიტანა ავტოგოლიც, რის შედეგადაც ტაბლოზე 6:1 დაფიქსირდა. ამ მატჩიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ორივე მათგანმა დაასრულა საფეხბურთო კარიერა და ახალ სფეროში გადაინაცვლა.

სამწვრთნელო კურსების ერთად გავლა და თანაკვეთა იუვენტუსში
90-იანების დასაწყისში ყოფილმა ფეხბურთელებმა ერთად გაიარეს სამწვრთნელო კურსები, რის შედეგადაც ანჩელოტი წავიდა იტალიის ნაკრებში, არიგო საკის ასისტენტად, გასპერინიმ კი იუვეს იუნიორები ჩაიბარა. "სკუადრა აძურას" დატოვების შემდეგ, კარლომ იმუშავა რეჯანასა და პარმაში, 1999-ში კი ის ტურინში მიიწვიეს.
როგორც აღვნიშნეთ, ჯან პიერო მუშაობდა "ბებერი ქალბატონის" ახალგაზრდულ გუნდებში, თანაც საკმაოდ დიდხანს, 1994-2003 წლებში და ის "ბლანკოსის" ამჟამინდელი სპეციალისტის მოღვაწეობასაც მოესწრო. ანჩელოტი "ბიანკონერიში" გაჩერდა მხოლოდ 2 სეზონით და ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, სერია ა-ს ყველაზე ტიტულოვან კლუბში ის მხოლოდ ინტერტოტოს თასის მოგებას დასჯერდა.

ორი უკიდურესობა
კარლოს, როგორც მწვრთნელის აღზევება დაიწყო დელე ალპის დატოვების შემდეგ, როდესაც მან სილვიო ბერლუსკონის კლუბში გადაინაცვლა. ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი გენიალური იყო რეალის ამჟამინდელი სპეციალისტის მოღვაწეობა სან სიროზე: ჩემპიონთა ლიგის 2 თასი, სკუდეტო და კიდევ არაერთი ჯილდო.
ანჩელოტიმ მილანი დააბრუნა ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე და ამ გუნდის დაღმასვლაც სწორედ მისი წასვლით დაიწყო. სერია ა-ს დატოვების შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგის 3 თასი ჩაიტანა მადრიდში და ამასთან ერთად, ის სხვადასხვა დროს ევროპის 5-ვე ტოპ ლიგის ტრიუმფატორიც გახდა.

უდავოდ, კარლო თავის საქმეში ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. გასპერინი ამ მხრივ სრულიად საპირისპირო პერსონაჟია - მხოლოდ ერთი ტიტული, თანაც 66 წლის ასაკში. საუბარია ევროპა ლიგის ჯილდოს შესახებ: თასი, რომელმაც იტალიელი დამრიგებელი მიიყვანა დღევანდელ მატჩამდე და რომელშიც მისი მეტოქე ძველი მეგობარი იქნება.
მათი ურთიერთდაპირისპირებების ისტორია შვიდ შეხვედრას მოიცავს. სამჯერ იმარჯვა "სამეფო კლუბის" ამჟამინდელმა მწვრთნელმა, ორჯერ ჯან პიერომ, ორი მატჩიც ფრედ დასრულდა. ანჩელოტის ანგარიშზე გვხვდება მოგებები, როდესაც ის მუშაობდა "როსონერისა" და ნაპოლიში, "ლა დეას" დამრიგებელი კი იგებდა ჯენოასა და თავის ამჟამინდელ გუნდთან ერთად.

ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორივეს ხელმძღვანელობით ითამაშა
კახა კალაძე მიეკუთვნება იმ ფეხბურთელთა რიცხვს, რომლებმაც კარიერის განმავლობაში ორივე ზემოაღნიშნული მწვრთნელის ხელმძღვანელობით ითამაშეს. ცხადია, უფრო მეტი გასახსენებელი ყოფილ ქართველ უკანახაზელს აქვს კარლოსთან, რომლის დამრიგებლობით მან 9 წლის მანძილზე (2001-2009) ჩაატარა 244 მატჩი, გაიტანა 9 ბურთი და გააკეთა 15 ასისტი.
აღნიშნულმა დუეტმა "შავ-წითლებში" გამოიარა ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი, თანაც ორჯერ; სტამბოლური კოშმარი და კიდევ ბევრი ეპოქალური მომენტი. საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი დღემდე შედის ლეგენდარული სპეციალისტის 10 ყველაზე ხშირად გამოყენებად მოთამაშეთა რიცხვში. "ეშმაკთა" ყოფილი მე-4 ნომერი აღნიშნულ სიაში მე-9 პოზიციაზე არის.

მაგალითისთვის, "ბლანკოსის" არცერთ ფეხბურთელს არ ჩაუტარებია თავიანთი ამჟამინდელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით იმაზე მეტი შეხვედრა, რამდენიც კალაძეს აქვს ჩატარებული. მასთან ყველაზე ახლოს არის ლუკა მოდრიჩი, რომელიც ყოფილ უკანახაზელს 25 მატჩით ჩამორჩება. სუპერთასის შემდეგ, ხორვატ გამთამაშებელს ყოფილ ქართველ მცველთან 1 თამაშით მიახლოების შანსი ექნება.
რაც შეეხება გასპერინისთან მუშაობას, ეს იყო კახას კარიერის მიწურულს, როდესაც ის ჯენოაში გადავიდა. მათი ერთობლივი მოღვაწეობა ითვლის სულ რაღაც 5 მატჩს, 2010/11 წლების სეზონში. ალბათ, მათი თანამშრომლობა იქნებოდა უფრო ნაყოფიერი რომ არა იტალიელი დამრიგებლის გათავისუფლების ფაქტი, სეზონის დაწყებიდან 3 თვის თავზე.

განსხვავებული შეხედულებები ინტერთან მიმართებაში
ანჩელოტის ინტერნაციონალესთან ნამდვილად ბევრი რამ აკავშირებს. ორი წლის წინ, მან განაცხადა რომ ბავშვობაში ის სწორედ მილანის მოსისხლე მეტოქეს ქომაგობდა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მომავალ იტალიელ დამრიგებელს აჩუქეს "ნერაძურის" მაისური, მის საყვარელ მოთამაშედ კი სანდრო მაცოლა იქცა.
ცნობისთვის, 1978 წელს კარლომ თავის საყვარელ გუნდში ერთი ამხანაგური შეხვედრაც კი ჩაატარა. "გველები" სერიოზულად ფიქრობდნენ მის გაფორმებაზე, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ "ჯალოროსიში" ტრანსფერით დასრულდა. მომავალში, რეალის ამჟამინდელი დამრიგებელი არაერთხელ გადაეყრება ინტერს, მაგრამ უკვე მეტოქის რანგში.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ანჩელოტის თავის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი, 18 გამარჯვება სწორედ მილანური გუნდის წინააღმდეგ აქვს მოპოვებული. იტალიელი დამრიგებლის სახელს სხვადასხვა დროს არაერთხელ უკავშირებდნენ "ნერაძურის", მაგრამ "როსონერის" პატივისცემის გამო, ის ყოველ ჯერზე უარს ამბობდა.

კარლოსგან განსხვავებით, გასპერინის "გველებში" უმუშავია. მის სამწვრთნელო კარიერაში არაერთხელ ყოფილა იმედგაცრუება და ერთ-ერთი ასეთი მომენტი სწორედ მეაცაზე მოღვაწეობა იყო. იტალიელი დამრიგებელი თავისი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე დიდ კლუბში მივიდა 2011 წლის ივნისში, მაგრამ იმავე წლის სექტემბერში ის უკვე გათავისუფლებული იქნა.
მიზეზი - კატასტროფული შედეგები. თავად განსაჯეთ - ხუთი შეხვედრა, ერთი ფრე და ოთხი მარცხი. ჯან პიერო დღემდე მიიჩნევს, რომ ის ინტერნაციონალეს უფროსობისგან უფრო მეტ ნდობას იმსახურებდა. ატალანტას დამრიგებელი პერიოდულად კბენს კლუბს, რომელშიც ის 3 თვეზე დიდხანს არ გააჩერეს.

კულმინაცია
დღეს, ანჩელოტი და გასპერინი თავიანთი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში რიგით მერვედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ერთი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორია, მეორე კი ევროპა ლიგის. მატჩის წინ, იტალიელმა სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ისინი არიან ახლო მეგობრები, მაგრამ ტიტულის მოგებას ორივე მათგანი ეცდება.
ობიექტურად, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ჯან პიეროსთვის უფრო დიდი მოვლენა იქნება. კარლოს ტიტულების კოლექცია უსაზღვროა - მხოლოდ სუპერთასის ჯილდო მას კარიერაში 4-ჯერ აქვს მოგებული. უბრალოდ გავიაზროთ, თუ რა განსხვავებაა თასის მეხუთედ და პირველად მოპოვებას შორის.
დიახ, ემოციური თვალსაზრისით, აღნიშნული შეხვედრა ბერგამოელების მწვრთნელისთვის უფრო განსაკუთრებულია, თუმცა ფავორიტები მაინც მადრიდელები არიან. დღეს, თავის პირველ მატჩს ახალი კლუბის მაისურით ჩაატარებს კილიან მბაპე, მოთამაშე, რომელიც მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტთან ვარსკვლავებთან მუშაობის თვალსაზრისით.


















