ერთი წლის შემდეგ, "ლურჯ-ყვითლების" მეკარე მორიგ ასაკობრივ ნაკრებში გადაიყვანეს. სადებიუტო შეხვედრის წინ, ის ძალიან ნერვიულობდა - "მამა, ხომ არ გაბრაზდები, თუ ფეხბურთს თავს დავანებებ? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მალე სამყაროს აღსასრული დადგება," - ეს სიტყვები უთხრა ერნსტ აბე შპორტფელდის ბინადრების პირველმა ნომერმა თავის მამას, დირკს, მატჩის დაწყებამდე.
ენკე უფროსი მუშაობდა ფსიქოთერაპევტად, ამიტომ ის მალე მიხვდა შვილის წუხილის მიზეზს. გერმანელ მეკარეს ბავშვობიდან თან სდევდა შეცდომის დაშვების შიში, რომლის დროებით დაძლევაში მას დაეხმარა მისი მომავალი მეუღლე, ტერეზა. რობერტმა მოიკრიბა ძალები და ადგილი დაიმკვიდრა კარლ ცაისის მთავარ გუნდში, რომელთან ერთადაც ის იმ დროს მე-2 ბუნდესლიგაში გამოდიოდა.

დებიუტი გამოდგა წარმატებული, თუმცა ერთი კვირის შემდეგ, იენელთა მეკარემ დაუშვა შეცდომა - მას ბურთი გაუძვრა ხელებს შორის, რის შედეგადაც გოლი გავიდა. ლევერკუზენის ბაიერის მომავალი ლიდერის, ბერნდ შნაიდერის წყალობით, თიურინგიელებმა ის მატჩი მოიგეს 3:1 და გოლკიპერის შეცდომა დაავიწყდა ყველას, ჩვენი სტატიის გმირის გარდა.
"ლურჯ-ყვითლების" პირველი ნომერი ჩაიკეტა ოთახში და არავისთან ისურვა საუბარი, შემდეგ ტურში კი შეხვედრის მესამე წუთზე მან კიდევ ერთი დასანანი შეცდომა დაუშვა. იმის შემდეგ, ენკე ერნსტ აბეს ბინადრების კარში აღარ ჩამდგარა. ის უკლუბოდ იყო იმ დრომდე, სანამ მის ცხოვრებაში ნორბერტ პფლიპენი არ გამოჩნდა.
გერმანელმა აგენტმა თავის დროზე ლოთარ მათეუსი მოაწყო მილანის ინტერნაციონალეში, გიუნტერ ნეცერი კი მადრიდის რეალში. სწორედ მისი დამსახურებით აღმოჩნდა რობერტი მიუნხენგლადბახის ბორუსიაში. იმ დროს გუნდის ძირითადმა გოლკიპერმა, უვე კამპსმა გაიწყვიტა ჯვარედინი მყესები და ამიტომ, ადგილი "პრუსიელთა" კარში თავისუფალი იყო.

"შავ-თეთრებმა" გაანადგურეს გელზენკირხენის შალკე, თუმცა მოგვიანებით იგემეს ზედიზედ რვა მარცხი, რის შედეგადაც ისინი სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციამდე დაეშვნენ. ბიოკელბერგშტადიონის ბინადრების შემდეგი მეტოქეები იყვნენ "ფარმაცევტები", რომლებისგანაც გერმანელმა გოლკიპერმა 8 ბურთი გაუშვა.
ერთი კვირის შემდეგ, მიუნხენგლადბახის მეკარემ გაუშვა შვიდი გოლი, ამჯერად ვოლფსბურგისგან. ახალ წელს ის შეხვდა საავადმყოფოს პალატაში, მიზეზი: ალერგია. ბორუსიას პირველ ნომერს კლინიკაში სცნობდა ყველა, ექიმები ხუმრობდნენ: "ეს ის გოლკიპერია, ერთი კვირის შუალედში 15 ბურთი რომ გაუშვა".
გამოჯანმრთელების შემდეგ, ენკე დაბრუნდა "პრუსიელების" კარში, თუმცა მისი გუნდი ბოლო ადგილიდან ვერ დაიძრა. მან აღარ ისურვა კონტრაქტის გახანგრძლივება, რის შემდეგაც გერმანელმა გოლკიპერმა "შავ-თეთრებიდან" ლისაბონის ბენფიკას მიაშურა. პორტუგალიურ გრანდში მას თვით იუპ ჰაინკესმა დაუძახა.

აღსანიშნავია, რომ "არწივებში" გადასვლის შემდეგ, რობერტს დაემართა პანიკური შეტევა - "აქ ვერ გავჩერდები, როგორ უნდა ვიცხოვრო უცხო ქვეყანაში?" - გაიძახოდა "წითლების" ახალი გოლკიპერი. ლეგენდარულმა გერმანელმა სპეციალისტმა შეამჩნია მისი უცნაური ხასიათი და ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით მან დაიმატა კიდევ ერთი კარის დარაჯი, კარლოს ბოსიო.
ამის მიუხედავად, ეშტადიუ და ლუჟის ბინადრების მწვრთნელი თავისი გუნდის პირველ ნომერს მხარდაჭერას უცხადებდა - "ვიცი, რომ რთულია 21 წლის ასაკში სამშობლოს დატოვება, მაგრამ იცოდე, აქ მოგიყვანე მე და შესაბამისად ყველანაირად გვერდში დაგიდგები", - პერიოდულად ეუბნებოდა ჰაინკესი ენკეს.
ასეთი მიდგომით გერმანელი მეკარე მალე გაშინაურდა პორტუგალიაში, მან ენაც კი ისწავლა. თავდაჯერებულობა აისახა მის თამაშზეც, თუმცა მოგვიანებით, რობერტმა ვიგოს სელტასგან გაუშვა 7 ბურთი და მას ყველაფრის თავიდან დაწყება კვლავ მოუწია. "პორტუგალიაში ხალხი არ დადის სტადიონზე, ეზარებათ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება გაკრიტიკებას, აეროპორტში შუაღამეს შენს წინაშე 3 000 ფანი წარდგება," - იხსენებდა ჰაინკესის გუნდის გოლკიპერი.

გერმანელ მწვრთნელს "კელტებთან" მარცხი გათავისუფლებად დაუჯდა. ცნობისთვის, ის შეცვალა იმ დროს ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობმა, 37 წლის ჟოზე მოურინიომ. ახალი სპეციალისტის ხელში ბენფიკამ მოიგო ზედიზედ 5 მატჩი, მათ შორის იყო მეზობელი სპორტინგის განადგურებაც, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ პორტუგალიელ ტაქტიკოსს 4-თვიანი ხელშეკრულება აღარ გაუხანგრძლივა.
ლისაბონელთა მწვრთნელმა იტირა დამშვიდოდებისას, გუნდის პირველმა ნომერმა კი ის დაასახელა საუკეთესო დამრიგებლად, ვისთანაც ოდესმე უმუშავია. 2001 წელს ენკეს ეპატიჟებოდა მანჩესტერ იუნაიტედი, მაგრამ სერ ალექს ფერგიუსონი მას მხოლოდ ფაბიენ ბარტეზის დუბლიორად ხედავდა. ის დაფიქრდა და "არწივებში" დარჩა.
აღსანიშნავია, რომ გერმანელი მეკარე მოგვიანებით "წითლების" კაპიტანიც გახდა. იმ დროს კარის დარაჯს ეძებდა ბარსელონაც, რადგან პეპე რეინა და რობერტო ბონანო ძალიან არადამაჯერებლად ასპარეზობდნენ. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას რობერტის გადმობირება ურჩია მათთვის კარგად ნაცნობმა, და ლუჟიდან გაშვებულმა "განსაკუთრებულმა".

"ენკე არ ჰგავს კანსა და კიოპკეს, ის სხვანაირი მეკარეა. შეუდარებელია როგორც კარის ხაზზე, ისე გამოსვლების დროსაც. მისი წაყვანა მსურდა პორტუში, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ არ ისურვა გოლკიპერში ზედმეტი ფულის გადახდა," - ეუბნებოდა მოურინიო კატალონიელთა სპორტულ დირექტორს, ანტონ პარერას.
გერმანელ მეკარეს ძალიან უხაროდა "ლურჯ-ბროწეულისფრების" ინტერესი, თუმცა მან არ იცოდა, თუ რა პერსპექტივები ელოდებოდა ახალ გუნდში. სიტუაციაში გასარკვევად რობერტმა დაურეკა კამპ ნოუს ბინადრების იმდროინდელ თავკაცს, ლუი ვან გაალს, რომელმაც ახალგაზრდა გოლკიპერს უცნაური პასუხი გასცა:
"თქვენი გაფორმება ჩემი ინიციატივა არ ყოფილა. მე არც კი გიცნობთ, თუმცა სეზონის წინ, თავის გამოჩენის შესაძლებლობას სამივე მეკარე მიიღებს," - განუცხადა ნიდერლანდელმა თავკაცმა თავისი გუნდის გოლკიპერს. მისი დებიუტი შედგა პარმას წინააღმდეგ ამხანაგური მატჩში, რომლის მიმდინარეობისას ბარსას 25-ე ნომერმა ნერვიულობისგან დაუშვა შეცდომა, მარკო დი ვაიომ კი მის კარში გოლი გაიტანა.

"ბლაუგრანას" მწვრთნელისთვის ეს აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ენკე სათადარიგო სკამზე დაესვა. მის ნაცვლად სასტარტოში ადგილი 20 წლის ვიქტორ ვალდესმა დაიკავა. კატალონიელებმა სეზონი დაიწყეს სწორედ ახალგაზრდა გოლკიპერით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შეცდომას უშვებდა ისიც, ვან გაალი გერმანელ კარის დარაჯს შანსს მაინც აღარ აძლევდა.
"ენკემ ვერ მოახერხა ბარსელონაში ადაპტირება, თორემ ის კარგი მეკარე იყო. ვარჯიშებზე მე მისგან ბევრი რამ ავითვისე. ის იყო ჩემზე უკეთესი გოლკიპერი, უბრალოდ რობერტს არ გაუმართლა," - წერს ესპანელი კარის დარაჯი თავის ავტობიოგრაფიაში. რაც შეეხება "ბლაუგრანას" შედეგს 2002/03 წლების სეზონს, ორი სიტყვით: სრული კატასტროფა.
კატალონიელებმა ლა ლიგაში სეზონი დაასრულეს მეექვსე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც ხელიდან გაუშვეს. ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ისე ჩაძირა გუნდი, რომ გერმანელ გოლკიპერს შანსიც არ მისცა. "ლურჯ-ბროწეულისფრების" შემდეგ, ჩვენი სტატიის გმირი ხანმოკლე პერიოდით იჯარით თამაშობდა სტამბოლის ფენერბაჰჩესა და ტენერიფეში, მაგრამ შეცდომის დაშვების შიში კარლ ცაისის აღზრდილ გოლკიპერს იქაც თან სდევდა.

კამპ ნოუს ბინადრების ყოფილმა 25-ე ნომერმა თავისი კარიერის რეანიმირება მოგვიანებით ჰანოვერში მოახერხა. ბუნდესლიგაში დაბრუნებით, მას მეორე სუნთქვა გაეხსნა. ენკე მალევე ჩამოყალიბდა ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად და გერმანიის ეროვნული გუნდის წევრიც გახდა. "96"-ში თამაშის პერიოდში რობერტი "ბუნდესნაკრებში" 8-ჯერ გამოიძახეს.
სამწუხაროდ, მშვიდობიანმა პერიოდმა დიდხანს არ გასტანა - 2009 წლის მაისში გერმანელი მეკარის ცხოვრებაში მოხდა სამწუხარო ამბავი, რომელმაც ნიჭიერი გოლკიპერი საბოლოოდ გაანადგურა. გულის პრობლემების გამო, გარდაიცვალა საქსონელთა კარის დარაჯის ორი წლის ქალიშვილი, ლარა. "წითლების" პირველი ნომერი ვერ ეგუებოდა შვილის დაკარგვას, ის სვამდა ანტიდეპრესანტებს, მიმართავდა ფსიქოთერაპევტებს, წვებოდა კლინიკაში, მაგრამ უშედეგოდ.
2009 წლის 10 ნოემბერს ენკე საბოლოოდ დანებდა. ავტომობილით 8-საათიანი მგზავრობის შემდეგ, ის გაჩერდა რკინიგზასთან და სვლა ფეხით გააგრძელა. გერმანელი გოლკიპერი სამუდამოდ ჩარჩა იმ რელსებზე, მატარებლის ქვეშ. ტერეზამ დაკარგა მეუღლე, "მანშაფტმა" კი ნიჭიერი კარის დარაჯი. ის მხოლოდ 32 წლის იყო.


















