ბრაიან კლაფმა 18 წელი გაატარა ნოტინგემ ფორესტში, კლუბი მეორე დივიზიონიდან დააწინაურა და მერე დიდი სასწაულებიც მოახდინა. იმ წლებში კლუბებს შორის ძალთა ასეთი სხვაობა ნამდვილად არ ყოფილა, ალბათ, ფეხბურთის ყურება ასე სახალისო ამიტომაც იყო. ფულმა ბევრი რამ შეცვალა, BBC-ის არქივში კლაფის ძველ ინტერვიუს მოვკარი თვალი - ჯერ კიდევ 40 წლის წინ იმაზე საუბრობდა, რაც დღესაც აქტუალურია - დიდძალი ფული კლუბებს კეთილდღეობას მოუტანს, მაგრამ იდენტობას წაართმევსო.
ახლა იანვარია, ეს კლაფის თვეა, ზუსტად 50 წლის წინ ბრაიან კლაფმა ნოტინგემ ფორესტი ჩაიბარა და საკლუბო ფეხბურთის ყველაზე დიდი ზღაპარიც დაიწერა.
დიდი ინგლისელი
ბრაიანი კარგი თავდამსხმელი იყო, ბევრი გაჰქონდა, მიდლსბროს ისტორიაში კლუბის ყველა დროის მეგოლეებს შორის მესამეა, 204 შეაგდო 222 შეხვედრაში. მერე სანდერლენდი იყო და 63 შეაგდო 74 მატჩში. კარგი ალღო ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ალღო ვერ გათამაშებს, ტრავმა მიიღო, რის გამოც ნაადრევად კარიერა დაასრულა და 30 წლისამ უკვე მწვრთნელობას მიჰყო ხელი.

ინგლისელებს ბევრი კარგი მწვრთნელი ნამდვილად არ ჰყოლიათ, მით უმეტეს, დიდებული და გენიალური. ახლა მახსენდება სერ ბობი რობსონი და ბობ პეისლი, მაგრამ, სუბიექტურად მგონია, რომ ბრაიან კლაფი საერთოდ სხვა მოვლენა იყო. ინგლისურ ფეხბურთში უცხოელები უფრო ჩანან, შოტლანდიელებს კი ძალიან დიდი სიტყვა აქვთ ნათქვამი - მეტ ბასბისა და სერ ალექსს. კლოპმაც კარგი სახელი დატოვა, გუარდიოლა ჯერ კიდევ პროცესშია, ჰქონდა დიდი და ხელშეუხებელი ეპოქა არსენ ვენგერს. მაგრად გაერთო ხალხი ჟოზეს ჩელსიზე, ინგლისელები კი არ ჩანან.
მახსენდება კითხვა როი კინთან - ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი ვისთანაც გიმუშავიათ? - როიმ კლაფი დაასახელა. კინის დებიუტი ინგლისურ ფეხბურთში სწორედ კლაფის ნიტინგემში შედგა. ჟურნალისტს გაუკვირდა, ფერგის დასახელებას ელოდა. აქ კონფლიქტიც სახსენებელია, კინი დღემდე ვერ პატიობს სერ ალექსს კლუბიდან გაშვებას, თუმცა, რა ვიცი... იქნებ კლაფს უფრო დიდი გავლენა და ამაგი ჰქონდა მასზე.
დანტეს გზა
კლაფი უკვე დიდი სახელი იყო ინგლისურ ფეხბურთში, როცა მოულოდნელად ნოტინგემი ჩაიბარა. 1971/72 წლების სეზონში დერბი ქაუნთის ინგლისის ჩემპიონატი მოაგებინა, ეს კიდევ ძალიან რთული საქმე იყო. თუმცა, კლუბი ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა. პირდაპირი ადამიანი იყო, რის გამოც კონფლიქტიც ხშირად ჰქონდა, ქომაგები მის დაბრუნებას ითხოვდნენ, სახალხო გამოსვლებიც დაიწყო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ამის მერე დაბალ დივიზიონშიც იხეტიალა, ბრაიტონში არაფერი გამოვიდა, ლიდსშიც გაჩერდა მცირე ხანს, რაც იმაში გამოადგა, რომ ვინც მოეწონა ყველა ნოტინგემში წაიყვანა. ეს დიდი ისტორია 1975 წლის იანვარში დაიწყო. ნოტინგემი ჯერ კიდევ ინგლისის მეორე დივიზიონში იყო, მაგრამ კლაფი დიდი გეგმებით მივიდა, ორი სეზონის თავზე ანგლო-შოტლანდიური თასი მოიგო, რომელიც არასდროს ყოფილა პრესტიჟული ტიტული, მაგრამ აღნიშნავდა, რომ წინსვლისთვის ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
მის დანიშვნამდე ნოტინგემს სამი ტიტული ჰქონდა მოპოვებული: ასოციაციის თასი 1897/98 და 1958/59 წლებში, ასევე არაფრით გამორჩეული ალიანსის თასი 1891/92 წლების სეზონში. ასე რომ, ამ კლუბისთვის ნებისმიერი ტიტული სასიხარულო და დასამახსოვრებელი იყო.
1977/78 წლებში კლაფის ფორესტი პირველ დივიზიონში აღზევდა, ესე იგი, უმაღლეს დივიზიონში, პრემიერ ლიგა ჯერ კიდევ არ ყოფილა დაარსებული. მოთხოვნა იყო, რომ დივიზიონში ადგილი შეენარჩუნებინათ, და თუ ყველაფერი კარგად წარიმართებოდა, იქნებ ევროსაგზურისთვისაც ებრძოლათ, მაგრამ კლაფს დიდი დაბრუნება სურდა, ეს ახალი გამოწვევა იყო, დერბისთან ერთად გაჩემპიონებამ დიდ მწვრთნელად აქცია, ნოტინგემთან ერთად წარმატებას დიდების დარბაზისკენ მიჰყავხარ. კარგი ტრანსფერებიც გააკეთა, განსაკუთრებით აღსანიშნია პიტერ შილტონის გადაბირება, რომელიც უკვე იყო ინგლისის ნაკრების მეკარე, მასში 250 000 გირვანქა გადაიხადეს, რაც მაშინ მეკარისთვის სარეკორდო თანხა იყო.

ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის თამაში ოლდ ტრაფორდზე შედგა, სადაც ფორესტმა მანჩესტერ იუნაიტედი 4:0 გაანადგურა, ამ დროს ამობრწყინდა შოტლანდიელი ჯონ რობერტსონის ვარსკვლავიც. მისი თანამემამულე ჯონ მაკგოვერნი იხსენებს - „გიგზივით თამაშობდა, ოღონდ, მისგან განსხვავებით რობერტსონი ორივე ფეხს იყენებდა."
78-ში ფორესტმა ლიგის თასი მოიგო - ლივერპულის წინააღმდეგ, ლივერპული კი ამ დროს რა გუნდია ყველას კარგად მოეხსენება, ლივერპული ამ დროს ევროპის საუკეთესო კლუბია, სამჯერ ზედიზედ აქვს ინგლისის ჩემპიონატი მოგებული და ევროპის თასებზეც დომინირებს. ნოტინგემმა 1:0 დაამარცხა და კლაფის ეპოქაში პირველი დიდი ტიტულიც მოიპოვეს. ამას კი ინგლისის ჩემპიონობაც მოაყოლეს, სადაც ასევე ლივერპული მოიტოვეს უკან. სულ რაღაც გასულ სეზონში პირველ დივიზიონში დაწინაურებას ზეიმობდნენ, ახლა კი ლივერპულს ზემოდან უყურებდნენ, ჩემპიონის რანგში, თან ისე, რომ ლიგის თასიც მოუგეს. კლაფი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ინგლისურ ფეხბურთში დუბლის შესრულება შეძლო. ასევე გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატი ორ სხვადასხვა კლუბთან ერთად მოიგო.
ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი კენი ბარნსი გახდა, ფორესტის შემადგენლობიდან. ეს შოტლანდიელთა ოქროს ხანაა, ბარნსი, მაკგოვერნი და რობერტსონი ფორესტში ბრწყინავდნენ, დალგლიში და მაკდერმოტი ლივერპულში.
ეს რა ქენი, ბრაიან?!
მომდევნო სეზონი ნოტინგემმა მძიმედ დაიწყო და ლივერპულს გაქცევის საშუალება მისცა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის პირველ ნახევარში მათი დამარცხება შეძლეს. საბოლოოდ, ვერც დაეწივნენ. ენფილდზეც დამარცხდნენ. ლივერპულისთვის უკვე პრესტიჟის საქმე იყო ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება, ნოტინგემ ფორესტის წარმატებას მაინც მოულოდნელად თვლიდნენ, დაახლოებით ისე, როგორც ლესტერი გაჩემპიონდა აგერ ჩვენს დროში, 21-ე საუკუნეში, მაგრამ, ბრაიან კლაფი სხვა მოვლენა იყო მსოფლიო ფეხბურთში და სულ სხვა კვალიც დატოვა.

1978/79 წლების სეზონში კლაფმა ზედიზედ მეორედ მოიგო ლიგის თასი. ფინალში საუთემპტონი დაამარცხა, წინ კი ევროპის ჩემპიონთა თასი იყო, სადაც ბრწყინვალე სვლა ჰქონდა. 1/2 ფინალში კიოლნს უნდა გაჯიბრებოდა. ძალიან სანახაობრივი მატჩი გამოდგა, კიოლნი გასვლაზე დაწინაურდა, ანგარიში 2:0 მიჰყავდათ, ნოტინგემმა დააქამბექა - 3:2, ბოლო წუთებისკენ გერმანელებმა შილტონის შეცდომის შედეგად მაინც გაათანაბრეს - პიტერი გამორჩეული მეკარე იყო, მაგრამ შეცდომებსაც ხშირად უშვებდა ხოლმე.
გერმანიაში ტაქტიკური ბრძოლა ვიხილეთ, რომელშიც კლაფმა იმარჯვა, ნოტინგემმა მეტოქე 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ნოტინგემი ასე სწრაფად აღზევდა დიდ ფეხბურთში, ფინალში მაინც ფავორიტად მიიჩნიეს. მალმიოს შედარებით მცირე შანსს აძლევდნენ და ასეც მოხდა - ნოტინგემმა 1:0 მოიგო, ბრაიან კლაფმა ლიგის თასის ორი ტიტულისა და ინგლისის ჩემპიონობის შემდეგ ევროპის ჩემპიონთა თასიც მოიგო. ეს ზღაპარია!
1979/80 - დაუჯერებელია!
დაიწყო ახალი სეზონი და კლაფის წინაშე ახალი გამოწვევა გაჩნდა, სუპერ თასის ფინალში ბარსელონასთან უნდა ეთამაშათ, რომელმაც თასების მფლობელთა თასის მოგება შეძლო. მაშინ ორმატჩიანი დაპირისპირება იმართებოდა, პირველი საკუთარ მოედანზე ნოტინგემმა 1:0 მოიგო, კამპ ნოუზე კი მატჩი 1:1 დასრულდა. გამთანაბრებელი გოლი ბარნსმა შეაგდო. ასე რომ, კლაფის ანგარიშზე კიდევ ერთი ტიტული ჩაიწერა, თანაც, ბარსა დაამარცხა სუპერ თასის ფინალში. ნოტინგემის ზღაპარი გრძელდება.

ჩემპიონატში ისევ ლივერპული დაწინაურდა, საქმე ის არის, რომ კლაფს დიდი რესურსი არ ჰქონია, იყო შეხვედრები, როცა სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი ჰყავდა, დღეს უკვე ხუთი ფეხბურთელის შეცვლაა ნებადართული, კლაფს კი მხოლოდ ოთხი ჰყავდა. ასე რომ, მარათონში სულ რაღაც აკლდებოდა, სამაგიეროდ, ჩემპიონთა თასზე ისევ გამოირჩა და ფინალში გავიდა, სადაც ჰამბურგს შეხვდა, 70-იანებისა და 80-იანების დასაწყისის ჰამბურგი რა გუნდი იყო თბილისელებს კარგად ემახსოვრებათ.
ბრწყინავდა კევინ კიგანი. ერთხელ ვოვა გუცაევს ვთხოვე კიგანი დალგლიშისთვის შეედარებინა, გაეცინა, არ შეადაროო - მითხრა. კიგანი შეუდარებელი იყო. კლაფს უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა და გადამწყვეტი მატჩების მოგებაშიც დახელოვნდა, მაგრამ ჰამბურგი მაინც არ იყო მალმიო, სულ სხვა გამოცდა იყო მის წინ.
ნოტინგემმა რობერტსონის გოლით მოიგო. პიტერ შილტონმა კი ჩემპიონთა თასის ფინალებში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი აჩვენა. გააკეთა ის, რაც კურტუამ ლივერპულის წინააღმდეგ. ყველაფერი მოიგერია, რაც კარისკენ წავიდა.
„ერთხელ მიაღწევ წარმატებას და ყველა იღბალს აბრალებს, მეორედ გააკეთებ ამას და მოკეტავენ.“ - ასე უპასუხა კლაფმა იმ ხალხს, რომელსაც იღბალის ხსენება ძალიან უყვარს და ხანდახან დაუკრეფავშიც გადადიან ხოლმე.
დაღმასვლა
ჩემპიონი გუნდი ვეღარ გადაეწყო, ეფექტიანად ვერ განახლდა - ხშირად ხდება ხოლმე. კლაფს ურთიერთობა დაეძაბა ყველაზე ახლობელ ადამიანთან მის გუნდში, პიტერ ტეილორთან. მასთან ერთად კლაფი ჯერ კიდევ დერბიში მუშაობდა. ბრაიანი ხისტი კაცი იყო და, როგორც ჩანს, ამ სიხისტემ უახლოესი ადამიანიც დააკარგვინა. ხმას აღარასდროს გავცემო - თქვა. საბოლოოდ პიტერმა კლუბი დატოვა.

ნოტინგემი ნელ-ნელა ჩამოიშალა, ფორმირებამ დიდი დრო წაიღო და 80-იანების ბოლოს ისევ კარგი გუნდი შეიკრა. ამ დროს კლუბში ახალი სახეები გამოჩდნენ: სტიუარტ პირსი, ტედი შერინგემი, როი კინი - თითქოს ახალი საჩემპიონო კლუბის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. კლაფმა ისევ ზედიზედ შეძლო ლიგის თასის მოგება - 1988/89 და 1989/90 წლებში. რაღაც მაინც არ გამოვიდა. ცალკეულმა ამბებმა დიდ მწვრთნელზე ცუდად იმოქმედა, ფინალებს, როგორც წესი, არ აგებდა, მაგრამ 91-ში FA Cup-ის ფინალი წააგო ტოტენჰემთან, ასოციაციის თასი დარჩა იმ ტიტულად, რომელიც არასდროს მოუგია, არადა, ძალიან ახლოს იყო. ერთმა გოლმა ამჯერად მისი ოცნება დაასამარა - ხანდახან ფეხბურთი მწარე გაკვეთილს გიტარებს.
ალკოჰოლის პრობლემებიც ჰქონდა, ალკოჰოლს კი ყველაზე მძიმე დამოკიდებულების ფორმა აქვს. როგორც იწერება, ძალიან განიცადა პიტერ ტეილორის გარდაცვალებაც, სიცოცხლის ბოლომდე ხმა არ გაუცია მისთვის და ვინ იცის, ალბათ ძალიანაც ნანობდა ამას.

1992/93 წლების სეზონში კი ყველაფერი დასრულდა. სეზონის პირველ შეხვედრაში ნოტინგემმა ლივერპული დაამარცხა - ტედი შერინგემის გოლით, შემდეგ კი ტედი მოულოდნელად ტოტენჰემში წავიდა, კლაფმა მისი შემცვლელის პოვნა ვერ შეძლო. პრობლემები იყო სტიუარტ პირსთანაც, გუნდის კაპიტანი ხელფასის მომატებას ითხოვდა, კლაფი თვლიდა რომ არ იმსახურებდა - ასე შეასკდა ერთმანეთს ორი ძალიან ჯიუტი კაცი, სტიუარტ პირსი დალაგებული ადამიანი არასდროს ყოფილა, ინგლისურ ფეხბურთში იცნობენ როგორც „ფსიხს“. კაპიტანს ხელფასი არ მოუმატეს, მან კი ძალების დაზოგვა დაიწყო. ერთადერთი როი კინი დარჩა ბოლომდე ერთგული და დაუფასდა კიდეც, სერ ალექსმა გავარდნილი ნოტინგემიდან მისი წაყვანა გადაწყვიტა. ხო, ნოტინგემ ფორესტი გავარდა, ზღაპარი დასრულდა, ბრაიან კლაფმა კი კარიერა დაასრულა.















