ყოფილი პორტუგალიელი გარემარბი 2001-2003 წლებში თამაშობდა "ნერაძურიში", რომლის შემადგენლობაში მან 65 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. სტატისტიკა არც ისეთი შთამბეჭდავია და ზოგადადაც, საფეხბურთო კარიერის საუკეთესო პერიოდი "როსონერის" ამჟამინდელმა სპეციალისტმა გაატარა არა "გველებში", არამედ რომის ლაციოში.
სწორედ "ბიანკოჩელესტეში" იყო პორტუგალიის ნაკრების ყოფილი მე-11 ნომრის დიდების წუთი - 103 შეხვედრა, 11 გოლი და 6 ტიტული. რაც შეეხება კარიერის საუკეთესო მატჩს, ისევ მეაცას ბინადრები: ტაბლოზე ციმციმებდა 3:5 "არწივების" სასარგებლოდ, კონსეისაუმ კი თავის მომავალ კლუბს 2 ბურთი გაუტანა.

ეს ყველაფერი მოხდა 1998 წლის 18 ოქტომბერს, სერია ა-ს მე-5 ტურში. ლუიჯი სიმონის გუნდის მხრიდან იმ შეხვედრაში თამაშობდნენ ჯუზეპე ბერგომი, ჯანლუკა პალიუკა, დიეგო სიმეონე, ივან ზამორანო, ხავიერ ძანეტი და სხვები. ცნობისთვის, ინტერის სათადარიგოთა სკამზე ახალგაზრდა ანდრეა პირლოც იჯდა.
ოლიმპიკოს ბინადრების შემადგენლობა მილანელების თერთმეტეულს არაფრით ჩამოუვარდებოდა - რობერტო მანჩინი, სინიშა მიხაილოვიჩი, პაველ ნედვედი, მარსელო სალასი, ჩვენი სტატიის გმირი და სხვებიც. რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას: სვენ-გორან ერიქსონის გუნდი 72-ე წუთისთვის "ნერაძურის" საკუთარ კედლებში 5:1-ს ანადგურებდა.
"გველების" დარბევაში თავისი წვლილი შეიტანა პორტუგალიელმა გარემარბმაც, რომელმაც როგორც აღვნიშნეთ, დუბლი შეასრულა. შეხვედრის მიწურულს მეაცას ბინადრების გადარჩენა ასევე 2 გატანილი ბურთით სცადა შეცვლაზე შემოსულმა ნიკოლა ვენტოლამ მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. შედეგად, სიმონის გუნდმა ლაციოსთან 3:5 წააგო.
ცნობისთვის, სერჟიომ ინტერნაციონალეს გაუტანა მეორე წრეშიც და რომაელებმა სწორედ მისი ერთადერთი გატანილი გოლით მოიგეს. როგორც ვხედავთ, "არწივების" ვინგერმა მილანელებს საერთო ჯამში გაუტანა 3 ბურთი, რაც კალჩოს გუნდების წინააღმდეგ მისი საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება სტატისტიკას "ეშმაკების" წინააღმდეგ: 13 მატჩი, 0 გოლი.
დიახ, "ბიანკოჩელესტეს" ყოფილი მე-14 ნომერი თავისი ამჟამინდელი გუნდის მიმართ იყო ბევრად უფრო ლმობიერი, ვიდრე "ნერაძურის" მიმართებაში. დღეს, მილანის დამრიგებლის რანგში, 50 წლის სპეციალისტი უპირისპირდება სწორედ "გველებს", თანაც ახალ კლუბში პირველი ტიტულის მოგების პერსპექტივით.


















