უშუალოდ პრემიერ ლიგაში გუნდს 7 მატჩიდან 6 გამარჯვება აქვს და ოქტომბრის სანაკრებო ფეხბურთს ცხრილის კენწეროში წამოსკუპებული შეეგება. დიდებულია, მაგრამ პირველად მოვიშველიებთ Opta-ს, რომელიც გვეუბნება, რომ განვლილ მატჩებში ლივერპულს ყველაზე იოლი კალენდარი ჰქონდა, რაც მეტოქეთა საშუალო პოზიციით განისაზღვრება. ამაზე თავად სლოტმაც ისაუბრა და ბოლონიასთან ჩემპიონთალიგური მატჩის წინ გვითხრა:
,,მომწონს ცხრილი, ბურთების ბალანსიც, მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ უფრო მომეწონება, როცა ძლიერ გუნდებს შევხვდებით.“
ნიდერლანდელის სიტყვებში ბევრმა მანჩესტერ იუნაიტედისადმი ქილიკი ამოიკითხა, რომელსაც მათსავე კედლებში 3:0 გადაურბინა, მაგრამ ასე არაა.

სლოტმა ის იგულისხმა, რომ „წითელ ეშმაკებს" უმძიმესი სტარტი აქვთ და რეალურ საზომად ვერ გამოვიყენებთ, რაც სრული ჭეშმარიტებაა. მთავარი გამოწვევა ახლა იწყება, როდესაც 45-დღიან ინტერვალში ლივერპულთან სათამაშოდ ჩელსი, არსენალი, ასტონ ვილა, ლევერკუზენი, ლაიფციგი, მანჩესტერ სიტი და მადრიდის რეალი იცდიან. ისე, კალენდარს თვალი ჩვენც შევავლოთ, თორემ ზეპირი ჩამოწერისას დიდია შანსი, რომ სხვა ძლიერი მეტოქეც გამოგვრჩეს - მომდევნო ორ კვირაში ლივერპული ბრაიტონს ორჯერ შეხვდება, ჯერ თასზე, ხოლო სამ დღეში პრემიერ ლიგის ეგიდით. მოკლედ, კალენდარი ჯოჯოხეთურია. ზოგი "ბეჭდების მბრძანებლიდან" გენდალფ რუხს აკვირდება და სლოტს წერილს სწერს, იქნებ გამოგადგესო, ზოგიც უფრო პერფექციონიზმის მოყვარულია და ალბუს დამბლდორის შელოცვებს გზამკვლევად უგზავნის. ისე, ნახევრად ხუმრობით კი ვწერთ, მაგრამ ამ კალენდრის შემხედვარე არაფერი გამოვრიცხოთ.
მედალს ორი მხარე აქვს - ყველაფერი იოლი მეტოქეებით ხომ ვერ აიხსნება?! ანდაც, პრემიერ ლიგაში სიტყვა იოლი, მინიმუმ უხეშად ნათქვამია, რადგან ვულვზს, რომელსაც ლივერპულმა ორი ტურის წინ გვარიანი გაჭირვებით 2:1 სძლია, მადრიდის ატლეტიკოდან დამატებული მატეუს კუნია ჰყავს, რომლის სანაცვლოდაც 50 მილიონი გადაიხადა. როგორც ვხედავთ, ბასრი და გესლიანი ოფციები მარაგში ყველას აქვს. წინა კვირას The Guardian-მა სლოტის ლივერპულზე ვრცელი სტატია გამოაცხო. კარისკენ დარტყმის, მეტოქის მესამედში შესრულებული პრესინგისა და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების გამოყენება სეზონის ამ ეტაპზე ადრეულია, თუნდაც კლოპთან არსებული სხვაობის გამოსახატად, მაგრამ გვაქვს გარკვეული პარამეტრები, რომლებზე დაკვირვებაც უმალ გვახვედრებს, რომ ბევრი რამ შეიცვალა:

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი: კლოპის ხელში ტრენტის როლი ჰიბრიდული იყო, ხან მარჯვენა მცველად ვხედავდით, მაგრამ შეტევის მშენებლობისას ის ცენტრში შემოდიოდა და დამატებითი ნახევარმცველის როლს ირგებდა. სლოტის ერაში კი ალექსანდერ-არნოლდი კლასიკურ მარჯვენა მცველად თამაშობს, რაზეც მისი გადაადგილების რუკაც გვესაუბრება. იმის თქმა, რომ 26 წლის ინგლისელს სიმწვავე მოაკლდა, არ იქნება მართებული - ასისტებსაც არიგებს და უამრავ პასსაც მეტოქის მესამედში, მაგრამ მაინც, უფრო კლასიკური მარჯვენა მცველია, ვიდრე უწინ.
ლუის დიასის შედეგიანობა: პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ლუჩომ 8 გოლი შეაგდო, რაც ვინგერისთვის მშვენიერი შედეგია, მაგრამ სადიო მანეს თამასა იმდენად მაღლაა, რომ მარცხნიდან 8 გატანილი ბურთით არავინ ხარობდა. ამ სეზონში კი კოლომბიელმა უკვე 5 შეაგდო და შეტევის ლიდერადაც გვევლინება, მაგრამ რის ხარჯზე? ამ შეკითხვაზე Tifo Football-ის ჩანახატი გვპასუხობს. მათი აზრით, ამ ეფექტს არნე სლოტსა და იურგენ კლოპს შორის არსებული უმთავრესი სხვაობა - კონტროლი ქმნის. კლოპის დროს გუნდი ვერტიკალური ფეხბურთის მქადაგებელი იყო. აბა როგორ, როცა ტრენტი და ვან დაიკი გყავს, რომლებსაც 60 მეტრზე იმგვარად შეუძლიათ დიაგონალების გადაჭიმვა, როგორც მათემატიკოსს ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნა?! არნეს ამ ყველაფერზე უარი არ უთქვამს და რიგ მომენტებში ელვისებური კონტრშეტევითაც გვანებივრებს, მაგალითად, ბრენტფორდთან ლუის დიასის გოლი, ან ბორნმუთთან დარვინის ულამაზესი შესრულება, თუმცა ნიდერლანდელს ბურთის კონტროლი უფრო მეტად უყვარს.

მცველებს შორის განაწილება, ნელი, აკადემიური სტილი, რომელიც მეტოქეს აიძულებს პრესინგს მიმართოს, რაც უამრავ სივრცეს ათავისუფლებს უსხარტესი ვინგერებისათვის და წინ გადაკიდების ნაყოფიც გაცილებით მეტია, მაგრამ ვნახეთ გამონაკლისიც. მერსისაიდელებთან ნოტინგემ ფორესტმა უმკაცრესი დაცვითი ზღუდეები ააგო და ენფილდის აუღებელი ციხესიმაგრე ტროას ცხენის გარეშე დასცა, შინ 3 ქულაც წაიღო და სლოტს ჯერაც ერთადერთი მარცხი აგემა. ასეა თუ ისე, სლოტი ამ საქმეში უფრო პეპ გუარდიოლას ჰგავს:
„ბურთი თუ გაქვს მეტოქე ვერ შეგიტევს, გოლსაც არ გაუშვებ.“ - ასეთი რამ გვითხრა არნემ სეზონის დაწყებამდე და ნათელი გახდა, რომ ლივერპულში რევოლუციის დრო დადგა.
ფორმაციული ცვლილება: ეს გამორჩეულად საინტერესო ნაწილია. თანამედროვე ფეხბურთში 4-3-3 და 4-2-3-1 სათამაშო სქემები ალალ ბიძაშვილებად ითვლებიან, რადგან მსგავსება უამრავია. პრინციპში, არნე სლოტმაც ხომ თქვა - ჩემსა და იურგენს შორის ბევრი დამთხვევააო, მაგრამ მოედნის ცენტრში, იქ, სადაც შარშან ლივერპულს ბევრი პრობლემა ჰქონდა, დამაიმედებელი ძვრებია.
„კიდევ ერთი მოთამაშე, რომელსაც ჰაერივით სჭირდებოდა უკეთესი პერფორმანსის ჩვენება და სეზონს ელექტროძრავივით მძლავრად იწყებს, რაიან გრავენბერხია.“ - ეს სიტყვები ერთ-ერთ ყველაზე ძველი და გავლენიანი გამოცემის, The Guardian-ის, მწერალ დეივის სიგერს ეკუთვნის.
გრავენბერხი ფენომენალურად რომ იწყებს, ამაზე უკვე 4 მატჩში საუკეთესოდ დასახელებაც მოწმობს. წარმატებული დუელების 59.3%-იანი მაჩვენებელიც, 61 ჯერზე დაბრუნებული ბურთიც, 19 ჩაჭრაც და 89.7%-იანი პასების სიზუსტეც ამის ნათელი დადასტურებაა. პასების გარდა ნიდერლანდელი ყველა ამ კომპონენტში „წითლებს" შორის საუკეთესოა, მაგრამ იქნებ მისი წარმატების საიდუმლო ფორმაციულ ცვლილებაშია?! 4-3-3 სქემაში ერთ ნომინალურ საყრდენსა და ორ რვიანს ვხედავთ, რაიანი კი წარმატებას ეულად ვერ ქმნიდა. 4-2-3-1 სქემაში კი ორი საყრდენის ადგილია.

მისი და მაკ ალისტერის დუეტი უბრალოდ ფენომენალურია. გრავენბერხის დიდებულ ბრუნს, ჩინებული დრიბლინგის კულტურასა და გრძელი კიდურების ხარჯზე უამრავ ჩაჭრილ ბურთს, მაკ ალისტერი ატმოსფერული ძრავის გამძლეობით, შესანიშნავი პასის კულტურითა და მეტოქეზე პერსონალური მეურვეობის უნარით აბალანსებს. მიუხედავად იმისა, რომ საყრდენის პოზიცია არცერთისთვისაა ბუნებრივი, მათი სინთეზი ბადებს იმას, რასაც მანჩესტერ სიტიში როდრის სახელით ვიცნობთ.
მსგავსებასა და სხვაობაზე საკითხს რა ამოწურავს, ჰოდა, სეზონის ადრეულ ეტაპზე ტაქტიკისა და მონაცემთა უსიერ ტევრში რომ არ აღმოვჩნდეთ, აქ შევჩერდეთ. სეზონი გრძელი და მომქანცველია, სასაუბრო კი ტურიდან ტურამდე იმატებს, იქამდე კი ჩელსი, არსენალი, ლაიფციგი, ლევერკუზენი, რეალი, მანჩესტერ სიტი და სხვა გრანდები მახვილს ლესავენ და ენფილდის ტრიბუნების მწუხარებაში მისაცემად ემზადებიან. რა გამოვა, ამას ერთად ვნახავთ.
მსგავსებასა და სხვაობაზე საკითხს რა ამოწურავს, ჰოდა, სეზონის ადრეულ ეტაპზე ტაქტიკისა და მონაცემთა უსიერ ტევრში რომ არ აღმოვჩნდეთ, აქ შევჩერდეთ. სეზონი გრძელი და მომქანცველია, სასაუბრო კი ტურიდან ტურამდე იმატებს, იქამდე კი ჩელსი, არსენალი, ლაიფციგი, ლევერკუზენი, რეალი, მანჩესტერ სიტი და სხვა გრანდები მახვილს ლესავენ და ენფილდის ტრიბუნების მწუხარებაში მისაცემად ემზადებიან. რა გამოვა, ამას ერთად ვნახავთ.
ავტორი: KOP















