კლინიკური ფინიშერი - ალბათ, ეს სიტყვათა წყობა ყველაზე კარგად ახასიათებს ვაჩეიშვილს. სრულყოფილ ფორვარდად რომას მრავალი საფეხბურთო თვისება აქცევს, მათგან კი, ალბათ, ყველაზე მეტად გამოსარჩევი მოედანზე მისი ფეთქებადობა, ინდივიდუალიზმი და გუნდურობაა, რომლის ხარჯზეც იბერიას U17 გუნდი საქართველოს ჭაბუკთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

ვაჩეიშვილის დახასიათებისას აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მის სათამაშო სტილზე, ის არ შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც საჯარიმოს ფორვარდი, რადგან მოედანზე მას, პრაქტიკულად, ყველგან ვხედავთ. დაცვითი მოქმედებებით რომა ყოველთვის აქტიურად ეხმარება თანაგუნდელებს და მეტოქე გუნდის მცველებს მუდმივ წნეხში ამყოფებს. როგორც ცენტრალური ფორვარდი რომა მუდმივად ჩასაფრებულია და ეძებს მეტოქე გუნდის მეკარის ან მცველების შეცდომებს, რის ხარჯზეც წინა სეზონში ცენტრალური ფორვარდისთვის დამახასიათებელი რამდენიმე გოლი გაიტანა. საინტერესოა ისიც, რომ რომა თანაბრად კარგად თამაშობს როგორც ფეხით, ისე თავით. სწორედ ამის გამო ის მეტოქე გუნდისთვის ნებისმიერ სახიფათო მომენტში პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
ვაჩეიშვილის ერთ-ერთი გამორჩეული უნარი არის მისი აქტიური და შედეგიანი თამაში სტანდარტული სიტუაციების დროს, ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ვარჯიშებზე გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგიცაა, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება სწორედ ვაჩეიშვილია ის, ვინც ბურთთან არსაიდან ჩნდება და გოლიც გადის. მისი ასაკის მიუხედავად, რომა შეიძლება დაღვინებულ მოთამაშედ მივიჩნიოთ,რომელსაც ახალგაზრდული სული წარმატების მიღწევაში ხელს არ უშლის.
მიუხედავად იმისა, რომ მის პოზიციაზე ძალიან ბევრი ნიჭიერი ტალანტი გვეზრდება და კონკურენცია მაღალია, რომამ სანაკრებო გამოცდილება უკვე მიიღო. როდესაც საქმე ცენტრალურ ფორვარდზე საუბარს ეხება, ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალაა. 2023-2024 წლების სეზონში, რომელიც იბერიას U17 გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ვაჩეიშვილმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მისი გუნდის წარმატებაში და ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებში შეძლო მისი საუკეთესო თვისებების გამომჟღავნება.

2025 წელი რომა ვაჩეიშვილისთვის შეიძლება ძალიან დიდი ტრამპლინი აღმოჩნდეს, რითაც შეიძლება უფრო დიდი და მკაფიო გზა გაიკვალოს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მივადევნოთ თვალი საქართველოს U19 ჩემპიონატს და სეზონის მიმდინარეობისას დინჯად დავითვალოთ რომა ვაჩეიშვილის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა.















