რიჩარდ ქოქრილი — ბრიტანელი სპეციალისტი დიდი გეგმებით
"ბორჯღალოსნების" ისტორიაში, რიჩარდ ქოქრილი მე-6 უცხოელი სპეციალისტია და მისთვის საქართველო პირველი ეროვნული ნაკრებია. საკლუბო დონეზე კი 54 წლის სპეციალისტს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს — სხვადასხვა დროს მას ტულონის, ედინბურგის და მონპელიეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმუშავია. ის ასევე იყო ინგლისის ეროვნული ნაკრების შერკინების მწვრთნელი და 2022 წელს დროებითი მთავარი მწვრთნელი. რიჩარდ ქოქრილის მოთამაშის კარიერაც საკმაოდ ხანგრძლივი და შთამბეჭდავია. 1991-2005 წლებში მან 298 საკლუბო და 27 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.
საქართველოს რაგბის კავშირსა და რიჩარდ ქოქრილს შორის კონტრაქტი 1+3 სისტემით გაფორმდა და "ბორჯღალოსნებთან" ერთად ის შავი ლომის მთავარ მწვრთნელადაც დაინიშნა, რომელიც ევროპის ჩელენჯ თასზე ასპარეზობს. ინგლისელმა სამწვრთნელო შტაბი ირლანდიელი, ავსტრალიელი, სამხრეთ აფრიკელი, ინგლისელი და ქართველი სპეციალისტებით დააკომპლექტა. რიჩარდ ქოქრილმა 4-წლიან ციკლში ახალგაზრდა მორაგბეების აღმოჩენა და 2027 წლის მსოფლიო თასზე ჯგუფიდან გასვლა დაისახა მიზნად.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი — ახალი მთავარი მწვრთნელის პირველი ნაბიჯები
"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რიჩარდ ქოქრილმა პირველი ნაბიჯები 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გადადგა. ტურნირი 3 თებერვალს დაიწყო და 17 მარტს სწორედ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებმა მე-16 ტიტული მოიგეს, რაც ტურნირის რეკორდია.
რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მეტოქე გერმანია იყო — მატჩი მოულოდნელად საკმაოდ დაძაბული გამოდგა და "ბორჯღალოსნებმა" გასვლაზე 28-17 იმარჯვეს. მომდევნო ორი ტურის მატჩები კი ქართველმა მორაგბეებმა თბილისში გამართეს და ნიდერლანდების და ესპანეთის ნაკრებები დამაჯერებლად დაამარცხეს. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეიოფში გავიდა.
ტურნირის ნახევარფინალში "ბორჯღალოსნებმა" მიხეილ მესხის სტადიონზე რუმინეთს უმასპინძლეს, მეტოქე 43-5 დაამარცხეს და ფინალის საგზურთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასიც შეინარჩუნეს. 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, სადაც საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, პარიზში გაიმართა. ფინალური მატჩი ქართველი მორაგბეების დომინაციით წარიმართა და გამარჯვებით, 36-10 დასრულდა. ტურნირის საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძე, ხოლო MVP ილია სპანდერაშვილი გახდა.
ასეთი გამოდგა რიჩარდ ქოქრილის პირველი ნაბიჯები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ხარისხში გარკვეული პრობლემები იყო, მთავარი მისია წარმატებით შესრულდა — "ბორჯღალოსნები" კვლავ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან.

ქოქრილის პირველი სერიოზული გამოცდა — ზაფხულის ტესტები
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტებზე გადაერთო, სადაც სამი ტესტ მატჩი გამართა — ფიჯის, იაპონიისა და ავსტრალიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ.
"ბორჯღალოსნებმა" ზაფხულის ტესტების პირველი მატჩი ბათუმში ჩაატარეს, სადაც ფიჯის უმასპინძლეს და 12-21 დამარცხდნენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქართველმა მორაგბეებმა აღნიშნულ მატჩში ლელო ვერ დადეს და ქულები მხოლოდ საჯარიმო დარტყმებით მოაგროვეს. ბათუმში განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები იაპონიას ესტუმრა და უხერხული მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 25-23 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის სპორტული ხასიათი, რითაც "ბორჯღალოსნები" სარაგბო სამყაროში ცნობილები არიან.
იაპონიაში მოგებული მატჩის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სიდნეიში ჩაფრინდა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიას დაუპირისპირდა. ზაფხულის ტესტების ბოლო მატჩი "ბორჯღალოსნების" მონაწილეობით სანახაობრივი გამოდგა, თუმცა "ვოლაბების" გამარჯვებით, 40-29 დასრულდა. მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მაღალი დონის თამაში აჩვენა და მსოფლიო პრესა კიდევ ერთხელ აალაპარაკა. სწორედ აღნიშნულ მატჩში დადო აკაკი ტაბუცაძემ 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლელო.
🧵 Here are the four nominees for the 2024 Men’s internationals try of the year!
— The Rugby Paper (@TheRugbyPaper) November 18, 2024
1. Akaki Tabutsadze vs Australia 🇬🇪
#WorldRugbyAwards pic.twitter.com/GDW7E2dRZ2
ორი მარცხის მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიჩარდ ქოქრილმა პირველი სერიოზული გამოცდა წარმატებით ჩააბარა — იაპონიის დამარცხება გასვლაზე და სიდნეიში ავსტრალიის წინააღმდეგ თანაბარი თამაში ამის დასტურია.
U20 მსოფლიო თასი — ორჯერ დამარცხებული იტალიის ნაკრები
2024 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასს სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა და ტრადიციულად, მონაწილეობა უმცროსმა "ბორჯღალოსნებმაც" მიიღეს. აღნიშნული ტურნირი 29 ივნისს დაიწყო და 19 ივლისს ინგლისის ტრიუმფით დასრულდა.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასზე B ჯგუფში მოხვდა, სადაც ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდა. უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ჯგუფში მხოლოდ იტალიის დამარცხება შეძლებს, მესამე ადგილზე გავიდნენ და 9-12 ადგილების პლეიოფში გადაერთნენ.
პლეიოფში საკმაოდ სანახაობრივ და დაძაბულ ორთაბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ფიჯი ანგარიშით 40-36 დაამარცხა, ხოლო შემდეგ, იტალიას 24-13 მოუგო და ტურნირზე ასპარეზობა მე-9 ადგილით დაასრულა. აღნიშნული შედეგით უმცროსმა "ბორჯღალოსნებსმა" ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს და მომდევნო მსოფლიო თასზეც მიიღებენ მონაწილეობას.
რაგბის ქართველი მსაჯების 2024 წელი
გამორჩეული იყო 2024 წელი რაგბის ქართველი მსაჯებისთვის. მათ არაერთ მაღალი დონის მატჩში მიიღეს მონაწილეობა. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნიკა ამაშუკელმა, შოთა თევზაძემ და საბა აბულაშვილმა იმსაჯეს, რომლებმაც სამსაჯო კომიტეტისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.
ნიკა ამაშუკელს წელს არაერთი ტოპ დონის მატჩი ჩააბარეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მსაჯია. 30 წლის ქართველი რეფერი 2024 წლის 6 ერზე მიიწვიეს, სადაც ინგლისისა და ირლანდიის მატჩის მთავარ მსაჯად დაინიშნა. ის ასევე მთავარი მსაჯი იყო ზაფხულის ტესტების ორ გამორჩეულ მატჩზე — ახალი ზელანდია V ინგლისის და ავსტრალია V უელსი. ნიკა ამაშუკელმა შემოდგომის ტესტების ერთ-ერთ ტოპ მატჩშიც იმსაჯა, სადაც საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

საქართველოს U18 ნაკრების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი 2024 წელსაც საქართველოს ტრიუმფით დასრულდა — უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიგეს.
ტურნირის 1/4 საქართველომ გერმანია 67-0 გაანადგურა, ხოლო 1/2 ფინალში ნიდერლანდებს მარტივად 36-5 მოუგო. ფინალში უმცროსი "ბორჯღალოსნები" ესპანეთს შეხვდნენ, მეტოქე 32-11 დაამარცხეს და ზედიზედ მეექვსედ გახდნენ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები.
ქართული საკლუბო რაგბი — შავი ლომი და დიდი 10
უკვე მეორე სეზონია რაც ქართული სარაგბო ფრანშიზა, შავი ლომი ევროპის რანგით მეორე ტურნირზე, ჩელენჯ თასზე ასპარეზობს. 2023/24 წლების სეზონი ქართული კლუბმა 1 გამარჯვებით, 3 მარცხით და ჯგუფში მე-5 ადგილით დაასრულა. 2024/25 წლების სეზონი კი შავმა ლომმა ხმაურიანად დაიწყო და პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ფრანგული ვანი 22-19 დაამარცხა. მეორე ტურში, ქართული კლუბი სკარლეტს ესტუმრა, მატჩი 36-18 დათმო და ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო წლის იანვარში შავი ლომი ფრანგულ ბაიონას უმასპინძლებს და შემდეგ შოტლანდიურ ედინბურგს ესტუმრება.
შავი ლომი წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას 3 წლის წინ შექმნილ რაგბი ევროპის სუპერ თასზე და მეოთხედ მოახერხა ტიტულის მოგება. 2024 წლის გათამაშებაში, ქართულმა კლუბმა დაუმარცხებლად იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
ტრადიციული ფორმატით ჩატარდა დიდი 10-ის გათამაშება, რომელიც აიას გამარჯვებით დასრულდა — ქუთაისურმა კლუბმა დიდ ფინალში ლელო სარასენსი 19-3 დაამარცხა და ისტორიაში მეხუთედ გახდა ტურნირის ჩემპიონი. დიდი 10-ის წლევანდელ გათამაშებას კი 11 მატჩის შემდეგ კვლავ ქუთაისელი მორაგბეები ლიდერობენ.
შემოდგომის ტესტები — დასანანი მარცხი გენუაში
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომაზე 3 ტესტ მატჩი გამართეს, საიდანაც ორი გასვლაზე ითამაშეს და ერთი სახლში. ზაფხულისგან განსხვავებით, მსოფლიო რაგბიმ ნოემბერში "ბორჯღალოსნებს" შედარებით დაბალი დონის მეტოქეები შეახვედრა — ახალი ზელანდიის მეორე ნაკრები, იტალია და ტონგა.
ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი, საქართველო ახალი ზელანდია XV-ს მონპელიეში შეხვდა და უშანსოდ, 13-31 დამარცხდა. "ბორჯღალოსნების" კარგი დებიუტის შემდეგ, მატჩის ინიციატივა ოლ ბლექსმა ჩაიგდო ხელში და დამსახურებული გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
"ბორჯღალოსნებმა" შემოდგომის ტესტებზე ყველაზე პრინციპული მატჩი გენუაში გამართეს და სამწუხაროდ, იტალიასთან 20-17 დამარცხდნენ. საოცარი პირველი ტაიმის შემდეგ, სადაც საქართველო დომინირებდა და მეტოქეს 17-6 ამარცხებდა, რადიკალურად განსხვავებული მეორე ნახევარი ვიხილეთ. შესვენების შემდეგ, ინიციატივა იტალიელი მორაგბეების ხელში გადავიდა და საბოლოოდ, მათივე გამარჯვებით, 20-17 დასრულდა.

გენუაში განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" ხასიათი თბილისში გამოიკეთეს, სადაც ტონგა 22-7 დაამარცხეს და შემოდგომის ტესტებზე პირველი და ერთადერთი გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში. ნოემბრის ტესტებზე, განსაკუთრებით იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამოჩნდა საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა — არასტაბილურობა, რაზეც აქცენტები მთავარმა მწვრთნელმა უნდა გააკეთოს.















