1981 წლის 13 მაისი - დღე, როდესაც თბილისის დინამო თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა. ქართული გუნდის პირველი და ჯერჯერობით ბოლო ტრიუმფი ევროსარბიელზე. "ლურჯ-თეთრების" ჩემპიონობის 43-წლიან იუბილესთან დაკავშირებით, გავიხსენოთ ის ლეგენდარული გამარჯვება და ამ წარმატებამდე მიმავალი გზა.
დავიწყოთ თავიდან - რა არის თასების მფლობელთა თასი? უეფას ტურნირი, რომელიც 1960-1999 წლებში ტარდებოდა. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ქვეყნის თასის გამარჯვებული გუნდები იღებდნენ. სიძლიერითა და პრესტიჟით, ეს იყო ევროპის რიგით მე-2 ტურნირი ჩემპიონთა თასის შემდეგ.
თასების მფლობელთა თასის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი არის ბარსელონა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე ოთხჯერ იმარჯვა. სხვადასხვა დროს ეს გათამაშება ასევე მოუგია მილანს, ლონდონის ჩელსის, მადრიდის ატლეტიკოს, ლონდონის არსენალს, პარის სენ-ჟერმენსა და სხვებს. ჩემპიონებს შორის დინამოც არის.

1998-1999 წლებში გაიმართა თასების მფლობელთა თასის უკანასკნელი სეზონი, რომლის გამარჯვებული რომის ლაციო გახდა. იმის შემდეგ, აღნიშნული გათამაშება გაუქმდა და ქვეყნის თასის მფლობელმა გუნდებმა უეფას თასზე გადაინაცვლეს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო არის 1980/81 წლების სეზონი, რომელშიც სსრკ-ს თბილისური კლუბი წარმოადგენდა.
ქართული გუნდი თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ჩაერთო პირველი რაუნდიდან, რომელშიც მოწინააღმდეგე კასტორია იყო. გასვლით შეხვედრაში ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ, "ლურჯ-თეთრებმა" რამაზ შენგელიასა და ვლადიმერ გუცაევის ბურთებით ბერძნულ გუნდს 2:0 მოუგეს. საერთო ჯამში ეს იყო მარტივი გასეირნება ნოდარ ახალკაცის შეგირდებისთვის.
მეორე რაუნდი - უოტერფორდი. ისევ გასვლითი შეხვედრა და ამჯერად მინიმალური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვება. გოლის ავტორი - შენგელია. საპასუხო მატჩი გამოდგა პატარა საფეხბურთო დღესასწაული: დინამომ ირლანდიურ გუნდს 4 უპასუხო ბურთი გაუტანა. ვიტალი დარასელიას დუბლი, ალექსანდრე ჩივაძისა და გიორგი ჭილაიას თითო გოლი.

"ევროთასებზე ვთამაშობდით მეშვიდედ, თუმცა აქამდე, მერვედფინალზე წინ გასვლას ვერ ვახერხებდით. ჩვენი მოწინააღმდეგეები საწყის ეტაპებზე კასტორია და უოტერფორდი იყვნენ. ტურნირი დავიწყეთ უგოლო ფრით, მაგრამ საერთო ჯამში ორივე კლუბის ბარიერი მარტივად გადავლახეთ",
- გაიხსენებს თბილისელთა კაპიტანი წლების შემდეგ.
ქართულმა გუნდმა თასების მფლობელთა თასის დასკვნით ეტაპზე შეაბიჯა ომახიანად და თავდაჯერებულად, მოწინააღმდეგე კი ვესტ ჰემი იყო. მომავალ ჩემპიონებს წარსულში ნათამაშები ჰქონდათ ლივერპულთან და ტოტენჰემთან, აქედან გამომდინარე, "ლურჯ-თეთრები" დაახლოებით ხვდებოდნენ, თუ რას უმზადებდნენ მათ ლონდონელები.
შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა - ახალკაცის გუნდმა გასვლით შეხვედრაში "ჩაქუჩები" ანგარიშით 4:1 გაანადგურა. დუბლი შეასრულა შენგელიამ, თითო ბურთი კი ჩივაძემ და გუცაევმა გაიტანეს. საპასუხო მატჩს დაესწრო 90 000 მაყურებელი, რომლის წინაშე "ლურჯ-წითლებმა" ვერ მოახერხეს 3-გოლიანი სხვაობის აღმოფხვრა და მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

"დინამომ ტაქტიკურად გააზრებული ფეხბურთის დემონსტრირება მოახერხა. ამ გუნდის ფეხბურთელებმა აჩვენეს ოსტატობა და ვესტ ჰემის ბარიერის დაძლევაში მაქსიმუმი ჩადეს",
- წერდა ბრიტანული პრესა თბილისური გუნდის შესახებ. მომავალ ჩემპიონებს წინ ელოდათ 1/2 ფინალი, სადაც მეტოქე როტერდამის ფეიენოორდი იყო.
ქართული გუნდი პირველ შეხვედრას ამჯერად თამაშობდა სახლში, კვლავ 90 ათასი გულშემატკივარი, რომელმაც იხილა "თეთრ-წითლების" განადგურება, 3:0. თენგიზ სულაქველიძის დუბლი და ვლადიმერ გუცაევის ერთი ბურთი. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, "ლურჯ-თეთრებს" ნიდერლანდებში ნამდვილი ომი ელოდათ.
"ფერმერებმა" იმარჯვეს ანგარიშით 2:0, თუმცა აღნიშნული შედეგი შეხვედრის მიმდინარეობას არ ასახავს. შეიძლება ითქვას, რომ მთავარი მსაჯის, ფრანც ვიორერის სახით, დე კუიპის ბინადრებს ჰყავდათ მე-12 მოთამაშე, რომელმაც მასპინძლებს ჯერ დაუდო საკამათო 11-მეტრიანი, შემდეგ კი ახალკაცის შეგირდებს 3 (!) ბურთი არ ჩაუთვალა.

ამის გარდა, ავსტრიელი მსაჯი პრაქტიკულად თითოეულ სადავო გადაწყვეტილებას სწორედ ვაცლავ იეჟეკის გუნდის სასარგებლოდ იღებდა. დინამომ გაძლო და ფინალის საგზური მოიპოვა. ფეიენოორდთან საპასუხო მატჩს შენგელია მოგვიანებით გაიხსენებს ასე:
"იმ თამაში ჩვენს წინააღმდეგ იყო ყველა, არბიტრიც კი.ფეიენოორდის გულშემატკივრები გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, ჩვენს გულშემატკივრებს კი ტრიბუნებზე ლუდს ასხამდნენ. ბოთლების სროლასაც ჰქონდა ადგილი. ვიორერმა არ ჩაგვითვალა 3 ბურთი და ამის გარდა, მან ორჯერ 11-მეტრიანიც არ დაგვიდო. როტერდამელებმა კი პირიქით, მოგონილი პენალტით გაგვიტანეს",
- იხსენებს ქართველი ფორვარდი.

"თეთრ-წითლების" ბარიერის გადალახვის შემდეგ, თბილისური გუნდი გავიდა ფინალში, სადაც მოწინააღმდეგე იენის კარლ ცაისი იყო. თასების მფლობელთა თასის მთავარი მატჩის წინ, კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა სესარ ლუის მენოტიმ, რომელმაც შეაქო თიურინგიელები, მაგრამ ფავორიტად ქართული გუნდი ჩათვალა.
"კარლ ცაისს გაცილებით მეტი შანსი აქვს გავიდეს ფინალში, ვიდრე ბენფიკას, რადგან პირველ შეხვედრაში ანგარიშით 2:0 მოპოვებული გამარჯვება ბევრს ნიშნავს. ტურნირს კი მოიგებს ევროპის უძლიერესი გუნდი, დინამო",- აცხადებდა ლეგენდარული არგენტინელი სპეციალისტი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ "ალბისელესტეში" მუშაობდა.
ასეც მოხდა - გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრის 63-ე წუთზე გერჰარდ ჰოპეს გოლით ანგარიში გახსნეს "ლურჯ-ყვითლებმა", თუმცა ზუსტად 4 წუთში, გუცაევის ბურთით თბილისური გუნდი თამაშში დაბრუნდა. ქომაგი მთელი მატჩის მანძილზე უყურებდა დავით ყიფიანისა და ანდრეას კრაუზეს დუელს, როგორც იმ თამაშის ილუსტრაციას.

ერთ მხარეს იყო ტექნიკურად და ელეგანტურად მოთამაშე ქართველი შემტევი ნახევარმცველი, მეორე მხარეს კი ფიზიკურად ძლიერი, ხისტი და სწორხაზოვანი გერმანელი ჩამშლელი. ქართული გუნდი თამაშობდა ისე, როგორც მისი გამთამაშებელი, ჰანს მაიერის კოლექტივი კი ისე, როგორც ამ გუნდის მთავარი მამოძრავებელი ფეხბურთელი.
გამარჯვება დარჩათ "ლურჯ-თეთრებს", დარასელიას 86-ე წუთზე გატანილი გადამწყვეტი გოლით. ყიფიანის გადაცემის შემდეგ, ის დაიძრა კარლ ცაისის საჯარიმოსკენ, გზად მან მოატყუა ორი მეტოქე, ბურთის მარჯვენა ფეხიდან მარცხენაზე გადატანის შემდეგ კი ჰანს გრაპენტინს ახლო კუთხეში დაურტყა. 2:1, თასების თასს ახალკაცის გუნდი იგებს!

"ემოციები ფინალის შემდეგ? სიტყვებით ვერ აღვწერ. იგრძნობოდა ნერვიულობა, ყველაზე მეტად გაბელიას მხრიდან, რომელმაც ფორმაც კი დაკარგა. წარმოგიდგენიათ ფინალის წინ კარის დარაჯი, რომელსაც ეკიპირება არ აქვს?! დავეხმარეთ, რითაც შევძელით. ოთარს ეცვა ჩივაძის ბუცები, თავად კაპიტანს კი მატჩის დროს ჰქონდა სიცხე, 39 გრადუსი.თითოეულ ჩვენგანს ამ ფინალის მნიშვნელობა ძალიან კარგად ესმოდა!",
- იტყვის მოგვიანებით შენგელია. დინამომ ქართველ ხალხს ნამდვილი ზეიმი აჩუქა. არ შეიძლება ამ ისტორიის გახსენება კოტე მახარაძის ლეგენდარული კომენტარის გარეშეც, რომელიც უეფამ ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაზების სიაში შეიყვანა.

"წარმომიდგენია, ახლა რა ხდება თბილისში. ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა!",- ფრაზა, რომლის თქმის შემდეგ, ქართველი კომენტატორით სსრკ-ს უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა. მათ უნდოდათ გაერკვიათ, თუ რომელ ქვეყანას გულისხმობდა ლეგენდარული კომენტატორი.
საბჭოთა კავშირის მმართველმა ორგანომ ჩათვალა, რომ მახარაძის სიტყვები შესაძლოა ყოფილიყო ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლო. რაც არ უნდა იყოს, იმდროინდელმა პოლიტიკურმა რეჟიმმა ვერაფერი დააკლო ქართველების ზეიმსს. ლურჯ-თეთრ ფერებში შემოსილმა ფეხბურთელებმა ჩაიდინეს გმირობა, თანაც ისეთი, რომელსაც ათწლეულების გასვლის შემდეგაც ვიხსენებთ.

მსოფლიო ჩემპიონობა, მარადონა და დინამო თბილისი - ლეგენდარული სესარ ლუის მენოტი გარდაიცვალა















