ილინოისში დაბადებული ბიჭი თავიდანვე შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, კოლეჯიდან მოყოლებული ანდრეს კრიტიკოსები არ აკლდა - მან კი ყოველივე ეს მოტივაციისთვის გამოიყენა. ბიჭი, რომელზეც ბევრმა თქვა, რომ მისნაირი სროლის მქონე მოთამაშე კოლეჯს ვერ გასცდებოდა, 2004 წლის დრაფტზე ფილადელფია 76-ერსმა მე-9 ნომრად აირჩია. იგუდალა კარგად მოერგო პენსილვანიას, როგორც კორტზე ასევე მის გარეთ - სეზონის სტარტზევე გახდა ძირითადი ხუთეულის წევრი და მონაწილეობა 82-ვე თამაშში მიიღო, მოქმედ ჩემპიონ დეტროიტ პისტონსთან კი საერთოდ სამმაგი დუბლით გამოირჩა.

ბოლომდე ბრძოლითა და გუნდისადმი უპირობო თავდადებით სიქსერსის ფანების სიყვარული იგიმ პირველივე სეზონში მოიპოვა. უნივერსალი და მშრომელი ბიჭი პენსილვანიელთა ლიდერის, ალენ აივერსონის, საყვარელი მოთამაშეც გახდა. ექსტრავაგანტურმა, ხელოვანმა და არაორდინალურმა ალენმა იგრძნო თუ ვისთვის უნდა გადაელოცა ფილადელფიას მემკვიდრეობა. The Answer-ის დენვერ ნაგეტსში გადაბარგების შემდეგ იგი გუნდის მთავარი კაცი გახდა. იგუდალა თამაშობდა მსროლელად, მსუბუქ ფორვარდად - ლიდერობდა გუნდს ქულებში, ასისტებში, ნათამაშებ წუთებში. ანდრემ იცოდა, რომ ის იყო ფილადელფია და პენსილვანიელმა ქომაგებმაც იცოდნენ ვინ იყო იგი! - თითქოს ეს მარადიული საგა უნდა ყოფილიყო, მაგრამ, NBA-ში სამუდამოდ არაფერი გრძელდება, ამ ლიგაში კომერციალიზმი მეტად ფასობს. ერთგულება აქ იშვიათია, შესაძლოა საერთოდაც შუა თამაშის დროს სარეკლამო ტიტრებს შორის ამოიკითხო ინფორმაცია შენი გაცვლის შესახებ, როგორც ეს ჰარისონ ბარნსმა იგემა თავის თავზე. იგუდალასა და სიქსერსის პარტნიორობა 2012 წელს დასრულდა - სიგარით და ვისკით ხელში დიდმა ბიძიებმა ტრეიდზე იმსჯელეს და იგუდალა დენვერ ნაგეტსში აღმოჩნდა.

კოლორადოში იგიმ სიმშვიდე ვერ იპოვა და ერთი წლის შემდეგ მათთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, რამაც გოლდენ სტეიტ უორიორსს სარფიანი გარიგების გაჩარხვის საშუალება მისცა. კალათბურთელი სან ფრანცისკოში აღმოჩნდა.
ოქროს შტატში სტეფ კარის ეპოქა იწყებოდა. მის მხარდამხარ საბრძოლველად ემზადებოდა ცეცხლოვანი და ფეთქებადი რაინდი - კლეი ტომპსონი. დინამიური დუეტის უკან შავი საქმეებისა და Bad Boy იმიჯის მქონე, გუნდის გამო ყველაფერზე წამსვლელი დრეიმონდ გრინი მუშაობდა. უორიორსს სჭირდებოდა გამოცდილება, სიმშვიდე და ავტორიტეტი, კაცი რომელსაც ვერც დრეიმონდ გრინი გაუბედავდა ზედმეტს და საჭირო დროს მოწინააღმდეგე შემტევების დაპრესინგებასა და ზეწოლაზეც იზრუნებდა - გრინისგან განსხვავებით მეტად აკადემიურად. იგუდალა ხვდებოდა, რომ ამ საძმოში ის გუნდის მთავარი კაცი ვერ იქნებოდა, მას საკუთარ თავთან კომპრომისის გაკეთება მოუწია - ანდრეს შეეძლო გუნდის პირველი თუ არა მეორე ოფცია გამხდარიყო და ყურადღების არეალში ხშირად ყოფილიყო, მაგრამ იგუდალა მოიქცა ისე როგორც სუპერგმირები იშვიათად იქცევიან - ეგო დაძლია და ოქროსშტატელებს რიგით მებრძოლად შეუერთდა.
სადებიუტო სეზონის შემდეგ სტივ კერის გადაწყვეტილებით, ანდრემ ძირითადი ხუთეულიდან სკამზე გადაინაცვლა და მე-6 კაცი გახდა. იქნებ სწორედაც ეს გახდა გოლდენის წარმატების მთავარი გასაღები.
2014-2015 წლების ფინალურ სერიაში, კლივლენდ კავალიერსთან იგი იყო ბრწყინვალე. ანდრე ითავსებდა ყველა როლს, რაც გუნდს სჭირდებოდა, როცა გუნდს პასი აკლდა საუკეთესო მეპასე ხდებოდა, როდესაც ქულების მოპოვებაში სტეფ კარისა და კლეი ტომპსონს დახმარება სჭირდებოდათ - ანდრეს მექულის რეჟიმს რთავდა, როცა ახალგაზრდა ბიჭებს ლეგენდარულო ლებრონის წინააღმდეგ ფეხი უკანკალებდათ - იგუდალა კლდესავით დგებოდა და „მეფეს" აჩრდილივით დაჰყვებოდა. ილინოისელმა ბიჭმა ფინალებში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვითი პერფორმანსი შემოგვთავაზა.

დინასტიამ პირველი ბეჭედი მოიგო, იგუდალა კი ფინალური სერიის MVP გახდა. ბიჭი რომელიც თავის თავს, შედეგსაც და ოჯახს ეძებდა კიდევ დიდი ხანი დარჩა ოქროს შტატში, კევინ დურანტის მოსვლის შემდეგ ეგოებისა და ლიდერების იერარქია ისევ გადაიხედა, მაგრამ იგუდალა უპრეტენზიო მოთამაშედ რჩებოდა, რომელიც საუკეთესო მე-6 მოთამაშის ტიტულის მოგებით და სკამზე ყოფნით იმაზე მეტ საქმეს აკეთებდა საჩემპიონო ესტაფეტაში, ვიდრე სხვები. 2020 წელს იგი ერთი სეზონით მაიამიში წავიდა, მაგრამ ფლორიდა ვერ გახდა მისი სახლი და დაბრუნდა იქ სადაც ყველაზე სწორად გამოავლინა თავისი შესაძლებლობები, როგორც სუპერგმირმა და როგორც ჯარისკაცმა. ტორონტო რეპტორსთან 2019 წელს განცდილი მარცხი ფორვარდს შინაგანად ჭამდა - „არ მსურდა უორიორსიდან დამარცხებული წავსულიყავი, ჩვენი დინასტია ასეთ დასასრულს არ იმსახურებდა, დავბრუნდი და ყველაფერზე ვიზამ გუნდის წარმატებისთვის.”
2022 წელს, როდესაც სტეფ კარიმ და კომპანიამ ბოსტონ სელტიქსი დაამარცხეს, იგუდალა როგორც რიგითი ჯარისკაცი სტეფის გვერდით იყო, ცხადია ანდრეს ქმედითუნარიანობა პარკეტზე ბევრგან ნაკლები იყო, ვიდრე 8-10 წლის წინანდელი მაჩვენებლები, მაგრამ მან სიტყვა შეასრულა - იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იყო - მშრომელი, უსიტყვო და რიგითი მებრძოლი. ამ დიდებული ისტორიის დასასრულს ანდრე იგუდალა დამსახურებულ პენსიაზე გავიდა, პარკეტს დაემშვიდობა, მაგრამ კალათბურთს - არა!
გოლდენ სტეიტ უორიორსმა კი მეომარს ბრძოლა და თავდადება დაუფასა - ფრენჩაიზმა იგუდალას 9-ნომრიანი მაისური უკვდავყო. იგი მეშვიდე მოთამაშეა, რომელსაც ამ გუნდში ასეთი პატივი ერგო. მეომრების განცხადებით ოფიციალური ცერემონია დალას მავერიქსთან საშინაო შეხვედრის წინ გაიმართება// ამ დღისთვის გულშემატკივრებიც განსაკუთრებულად ემზადებიან.
გოლდენ სტეიტ უორიორსმა კი მეომარს ბრძოლა და თავდადება დაუფასა - ფრენჩაიზმა იგუდალას 9-ნომრიანი მაისური უკვდავყო. იგი მეშვიდე მოთამაშეა, რომელსაც ამ გუნდში ასეთი პატივი ერგო. მეომრების განცხადებით ოფიციალური ცერემონია დალას მავერიქსთან საშინაო შეხვედრის წინ გაიმართება// ამ დღისთვის გულშემატკივრებიც განსაკუთრებულად ემზადებიან.

„ანდრე გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, გამჭრიახი, უნიკალური და წარმატებული მოთამაშე, რომელსაც ოდესმე უორიორსის მაისური უტარებია." - თქვა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯო ლაკობმა. „2013 წელს, როცა ის შევიძინეთ, ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ეს დღე დადგებოდა, მაგრამ რეალობა ასეთია - ოთხი ტიტული, მონაწილეობა ექვსი ფინალში და ფინალების MVP-ის ტიტული - ჩვენს ყველაზე ფანტასტიკურ ოცნებებსა ასეთ რამეს ვერც კი წარმოვიდგენდით.
ანდრე იგუდალას სამაგალითო კაცია. თუ გაინტერესებთ როგორ შეიძლება ეგოს დაძლევითა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებით შენი თავის საუკეთესო ვერსიაც შექმნა და გუნდიც ახეირო, იგის კარიერა ამას იდეალურად დაგანახებთ.















