ანტონიო კონტე - ერთადერთი მწვრთნელი, ვინც სერია ა-ს გამარჯვებული გახდა სამი სხვადასხვა გუნდით - იუვენტუსით, ინტერითა და ნაპოლით. ამის გარდა, იტალიელი სპეციალისტი არის მე-4 დამრიგებელი ისტორიაში, ინგლისსა და კალჩოში ჩემპიონობით, კარლო ანჩელოტის, რობერტო მანჩინისა და ჟოზე მოურინიოს შემდეგ.
შთამბეჭდავი შედეგია და შეიძლება ითქვას, რომ შიდა ჩემპიონატში გამარჯვება "პარტენოპეის" ამჟამინდელი მწვრთნელის კომფორტის ზონას წარმოადგენს. იგივეს ვერ ვიტყვით ევროსარბიელზე, სადაც "პადრინოს" სტატისტიკა უბრალოდ კატასტროფულია: 17 მოგება, 16 ფრე და 16 წაგება.
56 წლის მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა დამრიგებლის რანგში მიუღია ექვსჯერ და აქედან, სამი შემთხვევა დასრულდა ჯგუფში ჩარჩენით, ორი 1/8 ფინალიდან გამოვარდნით, ერთი კი 1/4 ფინალში წაგებით. დიახ, კონტე სპეციალისტის რანგში 1/2 ფინალში არასდროს ყოფილა.
გავიხსენოთ იტალიელი მწვრთნელის წარუმატებლობები ჩემპიონთა ლიგაზე და ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზები. საინტერესოა ის, რომ ანტონიო ფიასკოს განცდის წინაშე დგას წელსაც, "აძურისთან" ერთად. როგორი დიდებულიცაა ის შიდა ჩემპიონატებში, ისეთივე წარუმატებელია ევროთასებზე.
იუვენტუსი - საუკეთესო შედეგი და პირველი ფიასკო (2012-2014)
კონტემ ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში პირველად შეაბიჯა იუვენტუსთან ერთად და უნდა ითქვას, რომ კალჩოპოლის შემდგომი კრიზისიდან ამოსვლა სწორედ მას უკავშირდება. დებიუტო იყო იდეალური: პირველი პოზიცია და ჯგუფში ჩატოვებული მოქმედი ჩემპიონი, ლონდონის ჩელსი.
ეს არის პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. "არისტოკრატთა" წარუმატებლობაში უდიდესი როლი ითამაშეს სწორედ ტურინელებმა, რომლებმაც ჯერ ქულა აიღეს სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, შემდეგ კი მოქმედი ჩემპიონი შინ 3:0 გაანადგურეს.
"ბიანკონერიმ" მერვედფინალში უმარტივესად გადალახა გლაზგოს სელტიკის ბარიერი, მეოთხედფინალში კი იგემა მარცხი მომავალი ჩემპიონისგან, მიუნხენის ბაიერნისგან. ეს ყველაფერი ხდებოდა 2012/13 წლების სეზონში და ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 1/4 ფინალში გასვლა, იტალიელი ტაქტიკოსის კარიერაში დღემდე საუკეთესო შედეგად რჩება.
რაც შეეხება ანტონიოს შემდეგ სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე - პირველი ფიასკო, ჯგუფური ეტაპის ვერ გადალახვის სახით. სერია ა-ს იმდროინდელ ჩემპიონებს მადრიდის რეალმა და სტამბოლის გალათასარაიმ აჯობეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მე-6 ტურში კონტეს გუნდის იმედები უესლი სნეიდერმა დაასამარა.
ექვსი ჩატარებული მატჩიდან, ალიანს სთეიდიუმის ბინადრებმა გამარჯვება მოიპოვეს მხოლოდ ერთში - კოპენჰაგენთან, საკუთარ კედლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ იუვე ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურამდე მოგებას ვერ ახერხებდა. უჩვეულო შედეგი, სკუდეტოს იმდროინდელი მფლობელი ტურინელების ვარსკვლავური შემადგენლობის გათვალისწინებით.
ჩელსი - ლიონელ მესის ბენეფისი (2017-2018)
კონტემ ჩელსიში გაატარა ორი სეზონი, პირველში ის გახდა პრემიერ ლიგის გამარჯვებული, მეორეში კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალამდე მივიდა. რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპს, რომასთან განადგურების მიუხედავად (0:3), ლონდონელები მაინც მოხვდნენ პლეიოფში, ისე რომ მადრიდის ატლეტიკო ევროპა ლიგაზე გაუშვეს.
"არისტოკრატების" მეტოქე მერვედფინალში აღმოჩნდა ბარსელონა, რომელთანაც დედაქალაქურ გუნდს აკავშირებდა ბევრი მოგონება, როგორც დადებითი, ისე, უარყოფითიც. აღსანიშნავია ის, რომ 2017/18 წლების სეზონამდე, მესის სტემფორდ ბრიჯის ბინადრების წინააღმდეგ ჩატარებული ჰქონდა 8 შეხვედრა, მაგრამ მათი კარის აღებას ის ვერ ახერხებდა.
არგენტინელმა შემტევმა ჩელსისთვის გოლის გატანა შეძლო მეცხრე ცდიდან, თანაც სამჯერ - ეს ყველაფერი სწორედ იტალიელი მწვრთნელის მუშაობის დროს. ლონდონში დაფიქსირდა 1:1, საპასუხო შეხვედრაში კი კატალონიელებმა მოწინააღმდეგე გაანადგურეს უშანსოდ, 3:0. პირველ თამაშში "ბლაუგრანას" მხრიდან ის ერთადერთი ბურთი შეაგდო ლეომ, განმეორებითში მან დუბლი და ასისტი გაიფორმა.
ინტერი - ზედიზედ ორი ფიასკო (2019-2021)
ჩელსის მსგავსად, კონტე ორი სეზონით გაჩერდა ინტერშიც და ორივე შემთხვევაში მან ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხა. პირველ წელს კიდევ შეიძლება იტალიელი სპეციალისტის დაცვა, იმის გათვალისწინებით, რომ მილანელები მოხვდნენ ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში", ბარსასა და დორტმუნდის ბორუსიასთან ერთად.
დიახ, კონკურენცია იყო უდიდესი, თუმცა "ნერაძური" რეალურად საკუთარი შეცდომების გამო დაისაჯა. თავად განსაჯეთ - ფრე საკუთარ კედლებში პრაღის სლავიასთან და წაგება ბოლო ტურში აბსოლუტურად უმოტივაციო კატალონიელებთან. დიახ, ეს ის შეხვედრაა, რომელშიც ერნესტო ვალვერდეს ჩაეძინა.
ჯუზეპე მეაცას ბინადრების იმედები დაასამარა ანსუ ფატიმ, ვინც გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ჩემპიონთა ლიგაზე "ბლაუგრანას" მხრიდან. კონტეს გუნდის კარის აღების მომენტისთვის ესპანელი ვინგერი 17 წლის, 1 თვისა და 9 დღის იყო. აღნიშნული მაჩვენებლით მონაკოს გარემარბი მესისა და ლამინ იამალზე წინაც კი არის.
რაც შეეხება იტალიელი მწვრთნელის მეორე სეზონს ინტერში, კიდევ ერთი იმედგაცრუება, ამჯერად ყოველგვარი "სიკვდილის ჯგუფის" არსებობის გარეშე. მილანელებმა დაიკავეს ბოლო ადგილი, 1/8 ფინალში გაუშვეს რეალი და დონეცკის შახტარი, ევროპა ლიგაზე კი მიუნხენგლადბახი.
"ნერაძურიმ" პირველად იმარჯვა ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში, "პრუსიელებთან", გადამწყვეტ მატჩში კი დონბასურ გუნდს საკუთარ მოედანზე უგოლო ფრე გაუგორა. ანტონიო გახდა პირველი თავკაცი მეაცას ბინადრების ისტორიაში, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ 2-ჯერ ჩარჩა.
ტოტენჰემი - ევროსარბიელზე მილანის დაბრუნება (2022-2023)
კონტემ ტოტენჰემში გაატარა არასრულფასოვანი ორი სეზონი, 2021 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის მარტამდე. ინგლისის დედაქალაქში მუშაობის მე-2 წელს იტალიელ სპეციალისტს მოუწია ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე თამაში და უნდა ითქვას, რომ თავიდან ყველაფერი კარგად იწყებოდა.
ლონდონურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აჯობა მარსელს, აინტრახტსა და სპორტინგს, რითაც მერვედფინალის საგზური პირველი პოზიციით გაიფორმა. ანტონიოსთვის სამწუხაროდ, "მამლების" თავგადასავალი დასრულდა მალევე, მილანთან წაგებით (0:1, 0:0). დიახ, კონტეს გუნდმა "როსონერის" კარის აღება ერთხელაც ვერ შეძლო.
ეს იყო პირველი შემთხვევა 2012 წლის შემდეგ, როდესაც "ილ დიაბოლომ" გადალახა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი, მადლობა იტალიელ სპეციალისტს. სან სიროს ბინადრებთან წაგებიდან ორ კვირაში, ანტონიო ჰოტსპურ სთეიდიუმიდან გაუშვეს. ამ წარუმატებლობის შემდეგ, ტოტენჰემის ყოფილი სპეციალისტი ევროსარბიელისგან 3 წლის მანძილზე ისვენებდა.
ნაპოლი - ერთ ნაბიჯში მორიგ ფიასკოსთან (2025-2026)
ჩემპიონთა ლიგის ფაზის უკანასკნელი ტურის წინ, ნაპოლი 24 საუკეთესო გუნდს შორის არ არის. სერია ა-ს ჩემპიონი რვა ქულით არის 25-ე პოზიციაზე და პლეი-ინში თამაშის შანსს ინარჩუნებს. "პარტენოპეი" დგას ურთულესი მისიის წინაშე, იმის გათვალისწინებით, რომ შინ მოწინააღმდეგე ჩელსი იქნება.
ლონდონურ გუნდს ამ მატჩთან მიმართებაში აქვს თავისი მიზნები - გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირდაპირ მოხვედრა. მოგება სჭირდება "აძურისაც" და კონტესთვის ყველაზე კოშმარული არის ის, რომ "არისტოკრატების" დამარცხება პლეი-ინში მოსახვედრად შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს.
დიახ, დიეგო არმანდო მარადონას ბინადრები არ არიან დამოკიდებულები მხოლოდ საკუთარ თავზე, იტალიელი მწვრთნელისთვის ცალკე თავსატეხია ის, თუ რას იზამენ კონკურენტები. კონტეს გუნდის გზა შეიძლება ყოფილიყო უფრო მშვიდობიანი, რომ არა ქულების ფლანგვა ისეთ მოწინააღმდეგეებთან, როგორებიც არიან ბენფიკა, პსვ, აინტრახტი და კოპენჰაგენი.
ეინდჰოვენთან გამანადგურებელი მარცხი ანგარიშით 2:6, ცალკე გამოსარჩევია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგაზე გაუშვა 6 ბურთი და ასევე პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნულმა გუნდმა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 4-ბურთიანი სხვაობით წააგო.
"ფერმერებთან" მატჩამდე, პერსონალურად იტალიელმა მწვრთნელმაც არ იცოდა, თუ რას ნიშნავს, როდესაც შენი გუნდის კარში ექვსი გოლი გადის. დავუბრუნდეთ სტემფორდის ბინადრებთან მოახლოებულ შეხვედრას, რომელიც ანტონიოსთვის გარკვეული მიზეზების გამო ორმაგად პრინციპული იქნება.
როგორც გვახსოვს, "პარტენოპეის" მწვრთნელს ფიასკო ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთანაც განუცდია. მის საწინააღმდეგოდ თამაშობს საკადრო პრობლემებიც, რადგან ლონდონელებთან გადამწყვეტი შეხვედრისთვის "აძურის" არ ეყოლება არაერთი წამყვანი მოთამაშე, იგივე კევინ დე ბრუინი, რომელუ ლუკაკუ, მატეო პოლიტანო, ფრენკ ანგისა, დავიდ ნერეში, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი და სხვები.















