ამ მატჩს განსაკუთრებულ ინტრიგას სძენდა ის ფაქტორი რომ სამუელ ეტო’ო მადრიდის რეალში იწყებდა თავის ევროპულ კარიერას, იქ ფეხი ვერ მოიკიდა, როგორც იწერება, ჩაგრავდნენ და თავად ყოველთვის რასისტულ მოტივებს ხედავდა ამაში, ნიკოლა ანელკაც მძიმედ იხსენებს მადრიდულ პერიოდს და აღნიშნავს, რომ გასახდელში ხმის გამცემი მხოლოდ სამუელ ეტო’ო იყო. ასე რომ, სამუელი სანამ ბარსელონაში გადავიდოდა და იქედან გააგრძელებდა მადრიდის გამწარებას, მანამდე მალიორკა იყო მისი შურისძიების მთავარი იარაღი.

არაგონესის კუნძული
ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში კარგი გაკვეთილი მიიღო, სახელოვანმა მწვრთნელმა მისი შეცვლა გადაწყვიტა, კამერუნელი განაწყენდა, სათადარიგოთა სკამთან ფეხით წყლის ბოთლები გადაყარა და არაგონესსაც ერთი-ორი ტკბილი სიტყვა მიაძახა. როგორც ჩანს ვიღაცაში შეეშალა, როგორც ჩანს ვერ გაიაზრა რას აკეთებდა, ჭაღარა მწვრთნელი წამოუხტა, ხელი მაისურში ჩაავლო და უთხრა - ჩემთან ასე მოქცევა არ შეიძლებაო. მოგვიანებით ეტო’ო ამ მოვლენას ყოველთვის იხსენებდა როგორც ცხოვრებისეულ გაკვეთილს, არაგონესი კი მამის ფიგურად მიაჩნდა.
ბოსკეს რეალი დიდებული გუნდი იყო, ტიტულებსაც აგროვებდა და ისეთ ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მას მერე რეალს ასეთი კარგი ფეხბურთი არ უთამაშია. ანჩელოტისა და ზიდანის ხელში გაცილებით დიდი წარმატება მოიპოვეს, გაცილებით ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ბოსკეს მაინც ყველაზე ლამაზი რეალი ჰყავდა. ლუის არაგონესისთვის კი ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობდა. ეს კარგი მალიორკა მისი შექმნილი იყო, ახალი საუკუნის დასაწყისში მან ჩაუყარა საფუძველი, მერე კლუბი დატოვა, ორი წლის მერე, ეტო’ს ბოლო სეზონში კი დაბრუნდა. ბიჭი დატოვა და კაცი დახვდა. ნიჭიერი ფეხბურთელი დატოვა და ვარსკვლავი დახვდა. სამუელს არასდროს დავიწყებია არაგონესის გაკვეთილები.

2000/01 წლების სეზონში მალიორკამ ორივე მატჩი მოუგო მადრიდის რეალს, გასვლაზე 2:0, სახლში 1:0. ეტო’ოს შურისძიებაც ასე დაიწყო, თუმცა, ჯერ მისი გვარი არ იწერებოდა ტაბლოზე. 2001/02 წლების სეზონში ორივე მატჩი ფრედ დასრულდა, 1:1 და 0:0. ეტო’ომ საგოლე პასი მიითვალა პირველ შეხვედრაში. აი მერე კი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩების ჯერი მოვიდა. ეს უკვე 2002/03 წლების სეზონია, პირველი შეხვედრა კუნძულზე გაიმართა და მადრიდის რეალმა 5:1 მოიგო, ის ერთი პრესტიჟის გოლი ეტო’ომ გაქვითა, განმეორებით შეხვედრაში კი მალიორკამ დიდებული რევანში აიღო, ასევე 5:1 დაამარცხა რეალი, ეტო’ომ ერთი გოლი შეაგდო და ერთიც საგოლე პასი მიითვალა. რეალს არ გაუმართლა და კოპა დელ რეის მეოთხედფინალშიც შეხვდა მალიორკას, კუნძულელებმა იქაც შავი დღე აყარეს, პირველი მატჩი ბერნაბეუზე 1:1 დასრულდა, მეორე მატჩი კი გრეგორიო მანძანოს გუნდმა 4:0 მოიგო, ეტო’ომ დუბლი შეასრულა.
მომდევნო სეზონში ერთმანეთს სუპერ თასზე შეხვდნენ, ორი მატჩის ჯამში რეალმა მოიგო, მაგრამ ეტო’ომ აქაც შეძლო ერთი გოლის შეგდება. ლა ლიგაში კი ჩვეული სურათი ვიხილეთ - რეალმა გასვლაზე 3:1 დაამარცხა მალიორკა, ეტო’ომ საგოლე პასი მიითვალა. ბერნაბეუზე კი ფაქტობრივად მარტომ დაამარცხა მადრიდის რეალი, ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო განვლილ კარიერაში, მალიორკამ 3:2 მოიგო, ეტო’ომ დუბლი შეასრულა, მათ შორის, ერთ-ერთი ლა ლიგის საუკეთესო გოლი იყო, დაახლოებით ისე ჩამოიცილა რეალის მცველები ბერნაბეუზე როგორც ტიერი ანრიმ ლიგის მერვედფინალში. ისე მარტივად როგორც რონალდინიომ იმ დაუვწიყარ კლასიკოში.
სამუს ფასი გაიზარდა, კლუბები რიგში ჩადგნენ მის ხელში ჩასაგდებად, გაზეთებმა ხავიერ ირურეტას სიტყვა გამოიტანეს მთავარ გვერდზე - „მეც მინდა ეტო’ო!“, თუმცა, დეპორტივოს ამის ფული არ ჰქონდა. სამაგიეროდ, რეალმა განიძრახა მისი დაბრუნება, მაგრამ კამერუნელმა ბარსელონა აირჩია, წყენა და იმედგაცრუება ჯერ კიდევ გულში ჰქონდა, ჯერ კიდევ დარწმუნებული იყო, რომ მადრიდის რეალში კანის ფერის გამო არ მისცეს შანსი, ბარსელონა მისთვის თავისუფალ მიწად იქცა, გაცილებით ძლიერ იარაღად მადრიდის რეალის წინააღმდეგ. ასეა, თუ რეალის გამწარება გინდა, ბარსელონაში უნდა გადახვიდე.
რობერტო კარლოსის შავი დღე
ამბობენ კარლოსი დაცვაში სუსტი იყოო, არ არის ასე, ძალიან სტაბილური და კარგი მცველი იყო, უბრალოდ ასეთი სტერეოტიპი არსებობს, თუ მცველი შეტევაში ძლიერია, რატომღაც ჰგონიათ რომ დაცვაში არ ვარგა, არადა, კარლოსი ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო თავის თაობაში, მისი შემტევი უნარები კი ყველა დროის საუკეთესო განაპირა მცველად აქცევდა. თუმცა, იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც ცუდ დღეში აგდებდნენ, მაგალითად, კლასიკოში ყოველთვის ჩაგრავდა ლუიშ ფიგუ, იქამდე სანამ მადრიდელი გახდებოდა. გვიანდელ წლებში სისხლს უშრობდა ახალგაზრდა ლიონელ მესი, ვერცხლისწყალივით რომ მოძრაობდა მოედანზე, ალბათ, სწორედ ამ დროს დაფიქრდა კარლოსი რომ მისი დრო დასრულდა დიდ ფეხბურთში. მაგრამ, ყველაზე მეტად მაინც სამუელ ეტო’ოსთან უჭირდა თამაში. ასე იყო მალიორკასთან, და ასე იყო ბარსელონას წინააღმდეგაც.

კარლოსის მთავარი უპირატესობა ყოველთვის სისწრაფე იყო, თუ პოზიციურ შეცდომას უშვებდა სისწრაფის ხარჯზე ასწორებდა, ეტო’ო კი სისწრაფეშიც ჩაგრავდა, განსაკუთრებით მოკლე მონაკვეთში, სასტარტო სისწრაფე თავისი სისხარტისა და გრძელი ნაბიჯის ხარჯზე ალბათ საუკეთესო ჰქონდა ხსენებულ პერიოდში. ასე რომ, გასაკვირი არ ყოფილა, თავის პირველ კლასიკოში რომ კარლოსი შეარცხვინა, უკნიდან მალულად წამოეპარა, ბურთი მოპარა, სანამ კარლოსი კასილიასს ელოდა და ცარიელ კარში შეაგდო. ასე გაიხსნა ანგარიში და ასეთი სულელური გოლის გამო რეალი გატყდა. საბოლოოდ, 3:0 წააგეს. მესამე გოლი თერთმეტმეტრიანით გავიდა, რომელიც კამერუნელმა მოიპოვა, ისევ თავის სტილში დაიხვია რეალის მცველები, ცენტრიდან წაიღო და საჯარიმოში წააქციეს. ამ სეზონში ბარსა გაჩემპიონდა და ეტო’ომაც ყველაზე ცნობილი სიტყვებით იზეიმა გაჩემპიონება - Madrid Cabron, Saluda el campeon!
ეს მომდევნო სეზონის შესავალი იყო, ეს სიტყვები არ აპატიეს, მადრიდში ჩასულ ბარსელონას ავტობუსს ქვები დაუშინეს, განსაკუთრებით ლანძღავდნენ ეტო’ოსა და რონალდინიოს, კამერუნელს რასისტულ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ, ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ის რაზეც მუდმივად აპელირებდა ამჯერად ხილული გახდა, თუმცა, ეს არავის ადარდებდა, მერე კი დაიწყო მატჩი და ბარსელონამ რეალს გადაურბინა. ეს მატჩი რონალდინიოს ბენეფისით შევიდა ისტორიაში, თუმცა, შეუდარებელი იყო ეტო’ოც და მესიც. პირველი გოლი სწორედ მათ შექმნეს, მესის დრიბლინგში ეტო’ო ჩაერია, ბურთი წაართვა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მოქნილობით შეიგდო საჯარიმოში და ჭვინტით გაიტანა, ეტო’ოს ჭვინტი კი არ ჰგავდა რომარიოს „ნასოკს“, ბრაზილიელი ამას მაღალტექნიკურად აკეთებდა, ეტო’ოს დარტყმა კი იაგუარის ნახტომს უფრო ჰგავდა.

მომდევნო ორი სეზონის კლასიკოში ეტო’ომ ორი გამოტოვა, ორი კი მცირე დაზიანებით ითამაშა. ცუდი წლები იყო მისთვის. მძიმე ტრავმები მიიღო და მკურნალობამ დიდი დრო წაიღო. სამაგიეროდ, პეპის მოსვლის მერე ფორმაში ჩადგა და გუარდიოლას სადებიუტო კლასიკოში სწორედ მან გახსნა ანგარიში, ჯერ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, მერე კი თავად გამოსწორა თავისი შეცდომა. არც ბერნაბეუზე შეურცხვენია თავი, ისტორიულ 6:2-ში გოლი არ შეუგდია, მაგრამ მორჩილად ითამაშა მარჯვენა ფლანგზე, არა მგონია, დიდად კმაყოფილი ყოფილიყო, მაგრამ არაგონესის გაკვეთილი აქ გამოადგა, მორჩილად მიიღო მწვრთნელის დავალება, გუნდს ასე სჭირდებოდა. თუმცა, რაღაცები არასდროს იცვლება. ეტო’ო გუარდიოლასაც რასიზმში ადანაშაულებდა, ამბობდა რომ არასდროს ენდობოდა, იმიტომ, რო აფრიკელია. იმავეს ამბობდა იაია ტურეც, კამერუნელი კი ამჯერად გუარდიოლასა და ბარსელონას მოევლინა შურისმაძიებლის როლში, მომდევნო სეზონშივე გააკეთა საქმე, ინტერის მაისურით დაამარცხა ბარსელონა, კამპ ნოუზე ჟოზეს მსგავსად გამომწვევად იზეიმა გამარჯვება, იმ შეხვედრაშიც მორჩილად იდგა მარცხენა ფლანგზე, უმეტესად დაცვით სამუშაოს ასრულებდა, ისე სურდა მიზნის მიღწევა რომ ყველაფერზე თავი დახარა. მოიგო კიდეც ყველაფერი.
ჯერ კიდევ კარგ სპორტულ ასაკში იყო, როცა ფეხბურთი მისთვის მეორეხარისხოვანი გახდა. რუსეთში ფულის გამო წავიდა, საკუთარმა აგენტმა გაძარცვა, ნულზე დარჩა და ფულზე დაიწყო ფიქრი. არავის ვუსურვებდი მისი აგენტის ადგილზე ყოფნას, რადგან სამუელ ეტო’ო ყველაზე დიდი შურისმაძიებელია ჩვენი საუკუნის ფეხბურთში, და როგორც წესი, მიზანს ყოველთვის აღწევს.















