დარჩენილია სამი ვაკანტური ადგილი, რომელსაც ერთმანეთში ექვსი ნაკრები გაათამაშებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ერთ-ერთ კანდიდატად "ჯვაროსნებიც" არიან, რომლებიც პლეიოფში ხორვატიის ეროვნულ გუნდს ეთამაშებიან. პირველი მატჩი გაიმართება 15 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საპასუხო კი 4 დღის შემდეგ, რიეკაში, რუევიცაზე.
ფავორიტებად მოიაზრებიან ბალკანელები, რომელთა შემადგენლობაც ჩვენს გუნდზე თითქმის ოთხჯერ უფრო ძვირადღირებულია. ცხადია, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი და "თეთრ-წითლების" სხვადასხვა ასაკობრივ ეროვნულ გუნდებს უკვე აქვთ "ცეცხლოვნებთან" მოგების გამოცდილება, თანაც არც ისე იშვიათი. გავიხსენოთ საქართველოს ეროვნული გუნდის მიერ ყოფილ იუგოსლავიელთა დამარცხების ყველა შემთხვევა.

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება ქართული ფეხბურთის ისტორიაში
ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველად ხორვატია "ჯვაროსნების" მთავარმა ნაკრებმა დაამარცხა. ყველას გვახსოვს 2011 წლის 26 მარტს გამართული ლეგენდარული მატჩი, რომელშიც ჩვენებმა ბალკანელებს ლევან კობიაშვილის მიერ 90-ე წუთზე გატანილი ბურთით მოუგეს. ეს ყველაფერი ევრო 2012-ის შესარჩევზე ხდებოდა.
"თეთრ-წითლებისა" და "ცეცხლოვნების" გარდა, ჯგუფში განთესილები იყვნენ საბერძნეთი, ისრაელი, ლატვია და მალტა. გვქონდა როგორც წარმატებული, ისე წარუმატებელი მომენტებიც, მაგრამ ყველაზე გამორჩეული მაინც ყოფილ იუგოსლავიელებთან მოგებაა. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, თემურ ქეცბაიას გუნდისთვის მნიშვნელოვანი არაფერი წყდებოდა, სლავენ ბილიჩის შეგირდებმა კი ამ წაგებით ჯგუფიდან გასვლის საკითხი გაირთულეს.
საქართველოს ნაკრები იმ შეხვედრაში თამაშობდა შემდეგი თერთმეტეულით - რევიშვილი, ამისულაშვილი, ხუბუტია, სალუქვაძე, კალაძე, ხიზანიშვილი, დაუშვილი, კანკავა, კობიაშვილი, იაშვილი, დვალიშვილი. შეცვლაზე შემოვიდნენ სირაძე, მარცვალაძე და გოგუა. "ჯვაროსნებს" კაპიტნობდა კალაძე, რომლისთვისაც ეს იყო ბოლო მოგებული მატჩი ეროვნულ გუნდში.

რაც შეეხება ხორვატიას - რუნიე, ჩორლუკა, ლოვრენი, სტრინიჩი, სრნა, დუიმოვიჩი, რაკიტიჩი, მოდრიჩი, კრანჩარი, პეტრიჩი, კალინიჩი. სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდნენ პერიშიჩი, იელავიჩი, პრანიჩი. ბალკანელები ფავორიტებად მოაზრებოდნენ და მატჩიც მათი კარნახით მიმდინარეობდა, მაგრამ ყველაფერი ერთმა მომენტმა გადაწყვიტა.
90-ე წუთი - ჩვენი ნაკრები იწყებს შეტევას: კალაძე, კანკავა, მარცვალაძე, გადაცემა კობიაშვილზე და 1:0, გოლ! "ცეცხლოვნების" კარში ზუსტად წასული ერთადერთი დარტყმა "თეთრ-წითლების" გატანილი ბურთით დასრულდა. ზეიმობდა არა მხოლოდ მთელი დინამო არენა, არამედ მთელი ქვეყანა! ის მატჩი უკვე ისტორიაა...
"ემოციებით ვარ დატვირთული და არც ვიცი, რა ვთქვა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. უბედნიერესი ვარ არა იმიტომ, რომ გოლი გავიტანე, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ მახარებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გატარებული თითოეული წუთი და წამი, რომ ამ გუნდის წევრი ვარ", - აცხადებდა გოლის ავტორი ქართველი მარცხენაფლანგელი.

"ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას, გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მოვიდა და იმ ადამიანებს, ვინც სახლიდან გვქომაგობდნენ. ასევე მადლობა, ბიჭებს გულშემატკივრის სახელით, რომლებმაც მოედანზე დადეს ყველაფერი და მადლობა იმათაც, ვინც ყველანაირი პირობა შეგვიქმნა, რომ კარგ პირობებში მოვმზადებულიყავით", - ეს კი ქეცბაიას სიტყვებია.
ბოლოს კი ერთი საინტერესო ფაქტი - "ჯვაროსნების" წინააღმდეგ თამაშობდნენ ყოფილ იუგოსლავიელთა ნაკრების მომავალი ლეგენდები: მოდრიჩი, პერიშიჩი, რაკიტიჩი და სხვები. სათადარიგოთა სკამზე მარიო მანჯუკიჩიც იყო. ისმის კითხვა: სად იმყოფებოდა ბილიჩის გუნდის იმდროინდელი მთავარი ფორვარდი, ივიცა ოლიჩი?

ხორვატ თავდამსხმელს არ უთამაშია ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ და ამის მიზეზი იყო მუხლის უმძიმესი ტრავმა, რომელიც მან 2010 წლის ნოემბერში მიიღო. მიუნხენის ბაიერნის ფორვარდს საერთო ჯამში გაუცდა 241 დღე და "თეთრ-წითლებთან" მატჩის მომენტში ის რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა. "რეკორდმაისტერის" მე-11 ნომერი მოედანს 2011 წლის ივნისში დაუბრუნდა.
დღეს, 45 წლის ყოფილი თავდამსხმელი ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელია და მისი უახლოესი მთავარი ამოცანა რამაზ სვანაძის გუნდთან მოგება იქნება. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ბალკანელებმა ოლიჩის დამრიგებლობით მოასწრეს 4 მატჩის ჩატარება: დაამარცხეს საბერძნეთი, ანდორა და ფარერები, პორტუგალიასთან კი წააგეს.

21-წლამდელთა ნაკრების გამარჯვება ნაცნობი მწვრთნელის წინააღმდეგ
ლეგენდარული გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგ, "ცეცხლოვნები" დაამარცხა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმაც, თანაც გასვლაზე. ეს ყველაფერი ახალგაზრდული ევრო 2013-ის შესარჩევზე ხდებოდა. "ჯვაროსნებისა" და ყოფილ იუგოსლავიელთა გარდა, ჯგუფში იყვნენ ესპანეთი, შვეიცარია და ესტონეთი.
ჩვენმა ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრა სწორედ ივო შუშაკის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, რომელშიც მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. ერთადერთი გოლი თორნიკე თარხნიშვილმა გაიტანა. "თეთრ-წითლების" შემადგენლობა ასეთი იყო: მაკარიძე, კვირკველია, კაკუბავა (კ), ჯიშკარიანი, აფაქიძე, კვეკვესკირი, თარხნიშვილი, ძალამიძე, ყაზაიშვილი, შეყილაძე, მჭედლიძე.

ოთარ გაბელიას გუნდის მხრიდან შეცვლაზე ასევე შემოვიდნენ ჯიღაური, ბეგლარიშვილი და იოსელიანი. ხორვატიის შესახებ შეგვიძლია იმის თქმა, რომ აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა მიიღო მატეო კოვაჩიჩმა, გუნდს კი, როგორც აღვნიშნეთ, ხელმძღვანელობდა შუშაკი: სწორედ ის დამრიგებელი, რომელიც 2000-იანების დასაწყისში თბილისის დინამოსა და საქართველოს ეროვნულ გუნდში მუშაობდა.
რაც შეეხება ჯგუფური ეტაპის მიმდინარეობას, "ჯვაროსნებმა" საერთო ჯამში მოაგროვეს 10 ქულა - გაუსწრეს ბალკანელებსა და ბალტიისპირელებს, თუმცა წინ გაუშვეს მომავალი ჩემპიონი, "ფურია როხა" და "მესაათეები". საინტერესოა ისიც, რომ ევრო 2013-ის შესარჩევამდე, ჩვენი და "ცეცხლოვანთა" ახალგაზრდები ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.

სვანაძის 19-წლამდელთა გუნდის გამარჯვება
როგორც აღვნიშნეთ, "თეთრ-წითლებს" უკვე აქვთ ყოფილ იუგოსლავიელებთან გამარჯვების გამოცდილება და ერთ-ერთი ასეთი წარმატება სვანაძის დამრიგებლობითაც იყო. 2019 წლის 15 ოქტომბერს, ახალგაზრდული ევრო 2020-ის შესარჩევის ფარგლებში, რამაზის გუნდმა იოსიპ სიმუნიჩის შეგირდებს 2:0 მოუგო.
საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები გიორგი გულიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს. შემადგენლობა ასეთი იყო - ლომიძე, კალანდაძე, გელაშვილი, ჯანგიძე, კაპანაძე, აზაროვი, მესიაჩენკო, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, იაკობიძე. შეცვლაზე ნონიკაშვილი, გაგნიძე და ლომინაძე შემოვიდნენ.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იოშკო გვარდიოლიც იღებდა. "ჯვაროსნებმა" ჯგუფში მოიპოვეს სამიდან სამი გამარჯვება, ხორვატიის გარდა კი მათ უნგრეთსა და ყაზახეთსაც მოუგეს. ჩვენს 19 წლამდელებს ბალკანელები დაუმარცხებიათ 3 წლის შემდეგაც: გიზო მამაგეიშვილის ერთადერთი ბურთით, ვასილ მაისურაძის დამრიგებლობით.
საინტერესოა ისიც, რომ ქართველ გარემარბს "ცეცხლოვნების" კარი აღებული აქვს ორი წლით ადრეც - ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც დასრულდა "თეთრ-წითლების" მოგებით, ანგარიშით 3:2. თბილისის იბერიას ვინგერის გარდა, ყოფილ იუგოსლავიელებს გაუტანა გიორგი გვიშიანმაც, თანაც 2-ჯერ. ამით, საქართველოსა და ხორვატიის ურთიერთმატჩების ისტორია სრულდება.

ახალი თავგადასავალი
ვნახოთ, შეემატება თუ არა 15 და 19 ნოემბერს გასამართი შეხვედრები ამ წარმატებულ სერიას. "ჯვაროსნების" 21-წლამდელთა გუნდის გარკვეულ ნაწილს უკვე აქვს ბალკანელი თანატოლების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება, თანაც არაერთ მატჩში და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში. იგივე ითქმის "ცეცხლოვანთა" ახალგაზრდებზეც.
ყოფილ იუგოსლავიელებთან გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავის ისტორიაში მეორედ მოხვდება. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2023 წლის ზაფხულში, მაგრამ მაშინ "თეთრ-წითლები" ტურნირის მასპინძლების სტატუსით იყვნენ. მათ ახლაც შეუძლიათ ევროზე მოხვედრა, მაგრამ ამჯერად გასავლელი გზა ბევრად უფრო რთულია.


















