ამის გარდა, იმერული გუნდის ახალწვეული არის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი პსჟ-ს ისტორიაში. ის იყო სულ რაღაც 17 წლისა და 8 თვის, როდესაც სამკლაური მოირგო. 2013 წლის სექტემბერში პარიზელთა ყოფილი მე-3 ნომერი 19 მილიონ ევროდ გადავიდა ლივერპულში, სადაც 3 სეზონის მანძილზე 80 მატჩი ჩაატარა.
34 წლის ცენტრალური მცველი მერსისაიდელებთან ერთად ევროპა ლიგის ფინალშიც არის გასული. 2016 წლის ზაფხულში მას მოუვიდა კონფლიქტი იურგენ კლოპთან, რის გამოც სახოს "წითლების" დატოვება მოუწია. მან მიაშურა ლონდონის კრისტალ პალასს, თავდაპირველად იჯარით, შემდეგ კი სრულფასოვანი ტრანსფერით.

"არწივებმა" ფრანგი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ გადაიხადეს 28.2 მილიონი ევრო, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მასზე ძვირადღირებული ამ კლუბისთვის არის მხოლოდ კრისტიან ბენტეკე (31.2 მილიონი). "ლურჯ-წითლებში" გატარებული 5 წლის შემდეგ, მამადუ დაბრუნდა სამშობლოში და მონპელიეს მოთამაშე გახდა.
გასული წლის ნოემბრის შემდეგ, სქაუზერთა ყოფილი ცენტრალური მცველი უგუნდოდ იყო. სხვადასხვა დროს მას უთამაშია ისეთი გამორჩეული მოთამაშეების გვერდით, როგორებიც არიან: დევიდ ბექჰემი, სტივენ ჯერარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლუის სუარესი, კარიმ ბენზემა, კილიან მბაპე და ბევრი სხვა.
რაც შეეხება 34 წლის ცენტრალური მცველის სანაკრებო კარიერას - 29 შეხვედრა და ორი გოლი. ცნობისთვის, 2013 წლის 22 მარტს, ბრაზილიის მუნდიალის შესარჩევის ფარგლებში საფრანგეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სახომ საქართველოს წინააღმდეგაც ითამაშა. მისმა ნაკრებმა ანგარიშით 3:1 მოიგო.

რაც შეეხება ტორპედოსთან კავშირს, რამდენიმე კვირის წინ, გავრცელდა ცნობები, თითქოს ფრანგი ცენტრალური მცველი მოლაპარაკებებს სწორედ ქართულ კლუბთან აწარმოებდა. დროთა განმავლობაში აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, ცოტა ხნის წინ კი მამადუს ქუთაისში გადასვლა საბოლოოდ გაოფიციალურდა.
იმერული კლუბის პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ "მამლების" ყოფილი ცენტრალური მცველის ტრანსფერი შემდეგნაირად შეაფასა:
"რამდენიმე კვირა ყველაფერი კარგად შევისწავლეთ და ავწონ-დავწონეთ. გავაანალიზეთ, თუ რას ნიშნავდა სახოს ტორპედოში ჩამოსვლა. რამდენად ვიყავით მზად ორივე მხარე. მნიშვნელოვანი იყო კლუბში გამარჯვების მენტალიტეტის დამკვიდრება.
მამადუ იქნება არა მხოლოდ ქუთაისური გუნდის, არამედ მთელი ქართული ფეხბურთის საერთაშორისო ელჩი საფეხბურთო თანამეგობრობასთან. ის, ასევე იქნება ჩვენი კლუბის აკადემიის მენტორი. აღმოვჩნდით მსოფლიო ფეხბურთის რადარზე და გვინდა, რომ ფრანგი უკანახაზელის გადმოსვლა მხოლოდ დასაწყისი იყოს. სხვა ტრანსფერები აუცილებლად იქნება".

თავად "შავ-თეთრების" ცენტრალურმა მცველმა ახალი თავგადასავალი ასე შეაფასა:
"მიხარია რომ აქ ვარ. ჩემი ცოლი საქართველოს ესტუმრა გარემოს სანახავად და შვილისთვის სკოლის მოსაძებნად, როცა დაბრუნდა, თქვა, რომ აქ ძალიან თბილი ხალხია. შემდეგ გავიგე რომ ტორპედოში ამბიციური პროექტი მწიფდებოდა.
საუკეთესოს გავიღებ როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. 13 წლის ვიყავი როდესაც დავკარგე მამა, ვიცი, რა არის შიმშილი და სიღარიბე, აუცილებელია ადამიანების დახმარება. საქართველოში გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სიკეთის გაცემის სურვილია", - განაცხადა 34 წლის უკანახაზელმა.
ბოლოს კი საინტერესო ფაქტი - სახო ქუთაისურ გუნდში ითამაშებს მეთორმეტე ნომრით, რომელიც გუნდის გულშემატკივრებს ეკუთვნის. ეს იყო ქომაგთა საჩუქარი ფრანგი უკანახაზელისთვის, როგორც იმერული კლუბის ყველაზე ცნობილ გულშემატკივარს. ცნობისთვის, მის გადმოსვლამდე, მე-12 ნომერს არავინ იყენებდა.


















