შედეგმა გადააჭარბა ყველა მოლოდინს - "თეთრ-წითლებმა" მოწინააღმდეგე 4:1 გაანადგურეს. იმის შემდეგ იყო კიდევ ერთი გამარჯვება, ამჯერად ალბანეთის ეროვნულ გუნდთან, რასაც მოგვიანებით 3-მატჩიანი მოუგებელი სერია მოჰყვა. 5 ტურის შემდეგ, B1 ჯგუფში სიტუაცია საოცრად ჩახლართული და დაძაბულია.

ჯგუფში არსებული მდგომარეობა
პირველ ადგილზე 8 ქულით არიან "ბოჰემიელები", შემდეგ 7-7 ქულით ვილი სანიოლის შეგირდები და "არწივები", ბოლოზე 5 ქულით კი უკრაინის ნაკრები. როგორც ვხედავთ, ჯგუფური ეტაპის 1-ელ პოზიციაზე დასრულების შანსი აქვს 3 ეროვნულ გუნდს, უმოტივაციოდ არც "ყვითლები" რჩებიან, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ მე-2 ადგილზე გასვლა.
დავუბრუნდეთ საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ჯგუფური ეტაპის უმაღლეს პოზიციაზე დასასრულებლად "ლოკომოტივას" წინააღმდეგ მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ასეთი სცენარის შემთხვევაში, "ჯვაროსნები" ერთა ლიგის შემდეგ სეზონს უკვე A დივიზიონში დაიწყებენ. ბალკანელებისა და სლავების მატჩში დაფიქსირებული შედეგი ჩვენი ეროვნული გუნდის მდგომარეობაზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.

მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, "თეთრ-წითლებს" მოუწევთ პლეიოფის თამაში A დივიზიონის ჯგუფში მესამე პოზიციაზე გასულ ნაკრებთან. სანიოლის გუნდი ბრძოლას მე-2 ადგილზე დაასრულებს იმ შემთხვევაში, თუ მე-6 ტურის ორივე მატჩი ფრედ დასრულდება. მივადექით მე-3 პოზიციას, საფეხური, რომელიც არის დაქვეითებასთან უფრო ახლოს, ვიდრე დაწინაურებასთან.
მესამე ადგილზე გასული ნაკრები ასევე ითამაშებს პლეიოფს, C დივიზიონის ჯგუფში მეორე პოზიციაზე გასულ ეროვნულ გუნდთან. არსებობს იმის ალბათობა, რომ ამ მდგომარეობაში საქართველო აღმოჩნდეს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ტურში მოიგებენ ივან ჰაშეკის შეგირდები, მე-2 თამაშში კი "შავ-წითლები", ან ფრე დაფიქსირდება.
არის იმის ალბათობაც, რომ "ჯვაროსნები" ბოლო ადგილზეც გავიდნენ. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ტურში გაიმარჯვებს ჩეხეთი, მეორე შეხვედრაში კი "ზბირნა" და ამის გარდა, სილვინიო მენდესის გუნდს ბურთების ჩვენზე უკეთესი შეფარდება ექნება. როგორც ვხედავთ, მოდუნების საშუალება "თეთრ-წითლებს" არ აქვთ.

გადამწყვეტი მატჩი
არავინ დაობს იმის შესახებ, რომ სანიოლს გუნდს ელის ურთულესი შეხვედრა, თუმცა "წითლებთან" გამარჯვება ნამდვილად არ არის შეუძლებელი - ეს პირველ ტურშიც დამტკიცდა. "ბოჰემიელები" არ გამოირჩევიან სტაბილურობით, რაც დავინახეთ ალბანეთთან მატჩშიც, რომელშიც ჯგუფის ლიდერები ფავორიტებად მოიაზრებოდნენ.
საქართველოს სასარგებლოდ თამაშობს ის ფაქტიც, რომ "ლოკომოტივას" აქვს საკადრო პრობლემები - ბოლო ტურში ტომაშ სოუჩეკი და ტომაშ ჩორი არ იქნებიან. "ჯვაროსნები" თავის მხრივ ოპტიმალური შემადგენლობით გამოვლენ. სერგეი რებროვის გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულმა მეორე ტაიმმა აჩვენა, რომ ჩვენს გუნდს ბრძოლა ნამდვილად შეუძლია.


















