ესპანური პრესა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ, იმაზე ალაპარაკდა, რომ კლუბმა მეკარის პოზიციის გაძლიერებაზე არ იზრუნა, რის გამოც დიდი შანსია, ამ სეზონში დაზარალდეს. იმის მიუხედავად, რომ გერმანელ კიპერს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი რეგრესი სახეზეა და ამაზე უკვე ყველა საუბრობს.
"განიავებული ტრანსფერი, რომელსაც მამარდაშვილი ჰქვია" - როგორც ესპანური პრესა, ისე გულშემატკივრების უმრავლესობა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ უფრო და უფრო მეტს საუბრობს და ამბობენ, რომ მის დამატებაზე უარის თქმა, უდიდესი შეცდომა იყო. ახალგაზრდა მეკარე, რომელიც ლა ლიგას კარგად იცნობს და უდიდეს ტალანტს ფლობს, ტერ შტეგენის იდეალური შემცვლელი იქნებოდა, თუმცა კლუბმა მის შესაძენად არაფერი მოიმოქმედა.
ბარსელონას უფროსობის გასამართლებლად, იმის თქმა შეიძლება, რომ მამარდაშვილის ფასი საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა მისი ყიდვა, ყველა ვარიანტში მაინც "კარგ ბიზნესად" ჩაითვლებოდა. ასე მოიქცნენ ლივერპულშიც, სადაც ალისონ ბეკერს ჯერ კიდევ ენდობიან, თუმცა მერსისაიდულ კლუბში მომავალზე იფიქრეს და ქართველი მეკარის დამატებით, დაახლოებით 10-წლიანი პრობლემა გადაჭრეს. მეტიც, დიდი შანსია მამარდაშვილის გამო, ალისონი 2025 წელს გუნდიდანაც კი გაუშვან, რადგან 23 წლის ფეხბურთელის შესაძლებლობის უკვე სჯერათ.
ახლა კი ბარსელონას ჩამოწერილი და ვეტერანი მეკარის დამატება მოუწევს, რამაც შეიძლება ჰანსი ფლიკის გეგმები სრულიად არიოს.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი
















