აგერ უკვე დიდი ხანი გამოხდა, რაც ფეხბურთზე არ დამიწერია. შეიძლება ორი წელიწადი გავიდა. ან უფრო მეტი ან ოდნავ ნაკლები. ეგ არ დამითვლია, მაგრამ დიდი ხანი რომ არის, ვგრძნობ.
მაქვს მიზეზი. ბევრია და ჩამოსათვლელად მოსაწყენი. სხვისთვის მოსაწყენი.
ჰოდა, ბოლოს როცა დავწერე, ქეცბაიაზე იყო. ,,დიდი ქეცბი’’ - გალი და გოლი, გოლი და ბოლტონთან მოქნევები, ,,აიქონიქ’’ - როგორც ალბიონის კომენტატორები იტყვიან. ,,საუთჰემპტონთან’’ გაქცევა და დაკვრა. ნერვიული დაკვრა, რაგვარიც იმდროინდელი ქართველი უნდა იყოს - მით უფრო, თუ კოლხეთიდანაა.
და ახლა ვიფიქრე, რომ ამ ბიჭზეც დასაწერია. მეორე ბიჭზე ,,ნიუკასლში’’. ახალზე.
თავური რომ შეაგდო და დებიუტი გადასარევი ჰქონდა იქაურ ახალგაზრდულ კლუბში, ვიცით და გაისმა. ამ დროში ჩქამიც ისმის და აბა, ეს ამბავი როგორ არ მოგვწვდებოდა. მაგრამ ჩქამი კი არა, მე თუ მკითხავთ ქუხილი იყო და აი, ქუხილად კი, მაინცდამაინც ვერ მოგვწვდა. სხვა ბევრი ხდებოდა ჩვენებურ ყოფაში და ალბათ, ამიტომ.
არადა, ინგლისელები გადაირივნენ. ,, New Kvaratskhelia’’ , ,,The Next Georgian Big Talent Star’’ - სულ ასეთები წერეს. განა მხოლოდ ამ თავურის გამო. უკან მიახედათ ამ თავურმა და სხვა ბევრი ნახეს. ნახეს როგორ ატარებს ბურთს, როგორია მისი მიზანი და შემართება. დინამო ნახეს.
აგერ სტოკდეილმაც თქვა; იშვიათია, ახალგაზრდა კაცი ამხელა ტრავმიდან აღდგეს და ამგვარი თავდაჯერებით იყოს, დიდი პოტენციალის ნიშანია და საერთოდაც, უკვე ჩამოყალიბებულ მობურთავესთან რომ გაქვთ საქმე, ესეც დაიმახსოვრეთო.
სტოკდეილი ახალგაზრდა ჯორდების მწვრთნელია, ვინც არ იცის.
ვახო სალია კი, მათი ფეხბურთელი.
ქეცბადან სალიამდე ქართულმა ფეხბურთმა ბევრი იცურა. კაცმა რომ თქვას, დიდწილად ყვინთვით და აგერ მკლავური რომ მოუსვა და მზე დავინახეთ, ვახო მაშინ გამოჩნდა. მისნაირი გვჭირდება. კიდევ ორი-სამი მაინც, თორემ ავი ხმები ამბობენ, ისევ ყვინთურისკენ ხომ არ მიდისო საქმე.
ვახოს აქვს თანამედროვე ფორვარდად ყოფნის ყველა ნიშანი, რაც რომ უკვე ტოტალურად გამეფებულმა ტოტალურმა ფეხბურთმა მოიტანა. თან ინგლისური სპორტი, მისი აკადემიები, დღეს, მგონი ყველაზე მეცნიერულია, ამ სიტყვის არა მაინცდამიანც მოსაწყენი გაგებით - ნიუანსებს ზომავს და დეტალებს აკვირდება, მაგრამ არც სტერილურობისკენ მოგიწოდებს.
მოკლედ, ვახოს გაუმართლა. და გაუმართლა თუნდაც იმადაც, რომ იქ ქართული კვალი დახვდა და ბუცი ადვილად შეუძლია მოარგოს.
ახლა, როგორც ძველები იტყოდნენ, ბურთი მის მოედანზეა.
ამასწინ ველაპარაკე. რაც დავინახე და მომეწონა, ფიქრს არ გაურბის. რასაც აკეთებს, ფიქრიანად აკეთებს და ეგ ფიქრი მომავალსაც გულისხმობს - კარგად გააზრებულს და ნაოცნებარს.
მითხრა, რომ ბურთს ფეხს მანამდე ვურტყამდი, სანამ ნაბიჯებს გადავდგამდიო. და სიარულიც ეგრე დაიწყო, თითქოს დრიბლინგი იყო. ალბათ ამის გამოცაა ეს უპირობო სიყვარული, სიყვარული - როგორც ღრმა ბავშვობის მემკვიდრეობა, რომელსაც ვეღარ გაექცევი.
და მით უფრო, თუ გაქცევას არც ცდილობ - მაშინ მთლიანად მისი ტყვე ხარ.
ასეც მითხრა - ,,ფეხბურთი არის ჩემთვის ყველაფერი, პროფესია, პროცესი, ცხოვრება. ფეხბურთის გარეშე არ წარმომიდგენია. ფეხბურთი არის რაც თითქოს მართმევს ყველაფერს, რაც ამ დროს უნდა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამავდროულად, სხვა სიხარულის და ვნების სახით, ორმაგს მიბრუნებს’’
კი. ასე მითხრა და გამიხარდა, რომ სიტყვებში ცოტა პოეზია ვიპოვე. მე ხომ ყველგან, როგორც ახირებული კაცი, პოეზიას ვეძებ.
ყველაზე მეტად რონალდუ მიყვარს, მას შევყურებ, მისგან ვსწავლობ და თუ მცირედით მაინც დავემსგავსე, დიდი საქმე იქნებაო.
აქო, ნიუკასლშიო, ქეცბა ძალიან უყვართ, სულ ახსენებენ და ენატრებათ - მე მეუბნებიან, შემდეგი ქეცბა შენ იქნებიო. ეს დიდი კომპლიმენტი და ავანსია.
ინგლისური ფეხბურთი ყოველდღიურ ცვლილებას გაიძულებსო, ესეც მითხრა და ეს ცვლილება კიდევ ყოველდღიურ ვარჯიშს და დაკვირვებას.
ისიც, რომ ნიუკასლისთვის ბევრი გოლის გატანაზე ოცნებობს და კიდევ, ჩვენთან, ეროვნულში თამაშს. და თამაშს მადრიდის რეალში. რონალდუს მოყვარულისგან ეს, ბოლო ოცნება ვერ გაგიკვირდებათ.
აწი, მონდომების ამბავია. ნიჭი არის. შრომის სურვილიც. ცოტა იღბალიც უნდა. ეს ოთხი რომ დამეგობრდა, ქართულ ფეხბურთში დღეს დიდი საქმე ვნახეთ.
და იმედი მაქვს, ხვალაც ასე იქნება.















