განვლილი გზა
ბრაზილია და არგენტინა ერთმანეთს შეხვდნენ მერვედფინალში, იქამდე კი აღნიშნულმა ნაკრებებმა გაიარეს შემდეგი გზა - შვედეთი, შოტლანდია, კოსტა რიკა, ასეთი იყო "სელესაოს" ჯგუფი, რომელიც ამ გუნდმა 3/3 მოგებით დაასრულა. "ალბისელესტეს" მეტოქეები: საბჭოთა კავშირი, რუმინეთი კამერუნი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "თეთრ-ლურჯებმა" იმარჯვეს მხოლოდ ერთ შეხვედრაში, ერთხელ ითამაშეს ფრედ, ერთხელ კი დამარცხდნენ. ამ ყველაფრის შედეგად, "ლა სელესიონი" ჯგუფიდან გავიდა მე-3 პოზიციიდან, მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ სხვა მესამეადგილოსნებთან შედარებით უკეთესი შედეგი ჰქონდა.

ნაკურთხი წყლის სკანდალი
როგორც აღვნიშნეთ, მერვედფინალში ერთმანეთს სწორედ ბრაზილია და არგენტინა შეხვდნენ. ერთ მხარეს ბრწყინავდნენ დიეგო მარადონა, კლაუდიო კანიჯა, ხორხე ბურუჩაგა და სხვები, მეორე მხარეს კი ანტონიო კარეკა, რომარიო ფარია, ბებეტო ოლივეირა და ა.შ. მატჩი დასრულდა "ალბისელესტეს" მინიმალური ანგარიშით მოგებით: მარადონას პასით "სელესაოს" კანიჯამ გაუტანა.
აღნიშნულ შეხვედრაში მოხდა ინციდენტი, რომელსაც მომავალში "ნაკურთხი წყლის სკანდალი" უწოდეს. კლაუდიო ბრანკო წყლის დასალევად მივიდა "ყვითლების" სათადარიგოთა სკამთან, მაგრამ პირველმა წყლის ბოთლი მას "თეთრ-ლურჯების" ფიზიოთერაპევტმა გადაუგდო. ბრაზილიელმა განაპირა მცველმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ წყლის დალევის შემდეგ მან თავბრუსხვევა იგრძნო.
პორტუს ყოფილი მარცხენა მცველი აღნიშნავდა, ის იყო იმდენად ცუდად, რომ ვერაფერს აკეთებდა "ლა სელესიონის" ფეხბურთელების წინააღმდეგ. "კანარინიოს" მე-6 ნომერი უბრალოდ გაშეშებული უყურებდა იმას, თუ როგორ სცდებოდა მას ლეგენდარული დიეგო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ბრანკომ ეს ყველაფერი გააჟღერა პირდაპირ ეთერში, მაგრამ მას ყურადღება არავინ მიაქცია.

აღნიშნულ ინციდენტზე საუბარი დაიწყეს 2004 წელსაც, რაზეც არგენტინის ნაკრების ლეგენდარულმა ათიანმა ბრაზილიელებს ხუმრობით განუცხადა, რომ ბოთლებში ნაკურთხი წყალი ესხა. "ფეხბურთის უგვირგვინო მეფის" შემდეგ, კომენტარი გააკეთა ბებეტომ, რომელმაც აღნიშნა, რომ "ალბისელესტეს" სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წევრმა მას სიმართლე უთხრა.
ყოფილი ბრაზილიელი თავდამსხმელის მტკიცებით, ბოთლებში ტრანკვილიზატორებით გაჯერებული წყალი ესხა. საინტერესოა ისიც, რომ ეს საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული, რადგან სიმართლე არ გარკვეულა. აღნიშნული მატჩის შემდეგ, "სელესაოსა" და "თეთრ-ლურჯებს" მუნდიალებზე ერთმანეთის წინააღმდეგ აღარასდროს უთამაშიათ.

რა მოხდა შემდეგ?
ბრაზილიის დამარცხების შემდეგ, არგენტინამ მეოთხედფინალში მოუგო იუგოსლავიას, ნახევარფინალში კი მასპინძელ იტალიას. მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში "ალბისელესტეს" მეტოქე იყო გერმანიის ეროვნული გუნდი, სწორედ ის, რომელიც ასევე მუნდიალის ფინალში 4 წლით ადრე იქნა დამარცხებული.
იგივეს გამეორება ამჯერად ვერ მოხერხდა, "ბუნდესნაკრებმა" რევანში აიღო. ანდრეას ბრემეს მიერ 85-ე წუთზე გატანილი პენალტის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი "თეთრ-ლურჯებისგან" "მანშაფტმა" გადმოიბარა. "ნაკურთხი წყლის სკანდალს" იხსენებენ დღემდე, ყოველი სამხრეთ ამერიკული დერბის წინ, გამონაკლისი არც დღევანდელი მატჩია.

ბოლოს კი რამდენიმე სტატისტიკური ფაქტი ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირებიდან. აქამდე გაიმართა 109 შეხვედრა - 45-ჯერ იმარჯვა "სელესაომ", 41-ჯერ - "ალბისელესტემ", 23 მატჩი კი ფრედ დასრულდა. აღნიშნული დაპირისპირების საუკეთესო გოლეადორი არის ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე, რომელმაც "თეთრ-ლურჯებს" 8 ბურთი გაუტანა.
რაც შეეხება ფეხბურთელს, რომელმაც ამ დუელში ჩაატარა ყველაზე მეტი შეხვედრა - ხავიერ ძანეტი, 16 თამაში. უნდა გავიხსენოთ ამ ნაკრებებს შორის რეკორდული მოგებაც - 1940 წლის 5 მარტს, "ლა სელესიონმა" "ყვითლები" 6:1 გაანადგურა.

















