შესავალი
მსოფლიო კრივის ისტორიას მაყურებელთათვის უამრავი სანახაობრივი თუ დიდი მნიშვნელობის მატარებელი ბრძოლა უჩუქებია. ბრძოლები, სადაც წყდებოდა მსოფლიოს საუკეთესოობის ბედი, როგორც მებრძოლთა წონებში, ისე კრივშიც. თუმცა, ისტორიას შემორჩა ერთი ისეთი დაპირისპირება, რომელსაც იმ პერიოდის გეოპოლიტიკის წარმართვაც კი შეეძლო. დაპირისპირება, სადაც გამარჯვებული ბოლომდე ვერ გამოვლინდა, მაგრამ დიდება თუ პატივი ორივე მხარეს არგუნა. დაპირისპირება, რომელსაც ორი თავი აქვს: 1) 1936 წლის 19 ივნისი და 2) 1938 წლის 22 ივნისი. თარიღები, რომლებიც ამერიკულ და გერმანულ და ზოგადად კრივის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. ამ ორ ბრძოლაში ხომ ერთმანეთის პირისპირ ორი ლეგენდა - ყავისფერი ბომბდამშენი და რაინის შავი კავალერი წარსდგნენ. საუბარი, ცხადია, რომ დეტროიტელ ჯო ლუისსა და ბრანდენბურგელ მაქს შმელინგზეა.
მებრძოლებზე, რომელთა უკანაც, სულ მცირე ხანში ომში ჩართული, ორი ზესახელმწიფო იდგა. გერმანია და აშშ ერთმანეთისათვის რაიმის დათმობას რინგი რომ რინგია, იქაც კი არ აპირებდნენ. თუ იმდროინდელ მიმომხილველებს ვენდობით, ბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ ამერიკული დემოკრატია და გერმანული ნაციზმი იდგა. შესაბამისად, ზეწოლა და მოლოდინები თითოეულ მებრძოლს გაათმაგებული რაოდენობით ჰქონდა. ამ ყველაფრის გასახსენებლად და შესაგრძნობად კი მათ გავლილ გზას ნაბიჯ-ნაბიჯ, მაქსიმალურად ზუსტად უნდა მივყვეთ.
ლუისი Vs. შმელინგი 1
დავიწყოთ მასპინძლით. ჯო ლუისი ალაბამაში დაბადებული და დეტროიტში გაზრდილი ის იშვიათი ფერადკანიანი მოკრივე გახლდათ, რომელსაც იმ პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელიც მოხვეჭის შესაძლებლობა მიეცა. ფაქტობრივად, ჯეკ ჯონსონის შემდეგ ის იყო პირველი აფრო-ამერიკელი ვინც სპორტის ამ სახეობაში საკუთარი სახელი დატოვა. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯო ლუისის კარიერა კუ კლუქს კლანის მეორე ტალღის პერიოდს დაემთხვა. დაჯგუფების, რომელთა მთავარი სამიზნეც სწორედ, რომ შავკანიანები და მათი სიცოცხლე გახლდათ. ბრძოლის წინ იგი დაუმარცხებლის სტატუსს ინარჩუნებდა, 24 მოგება 0 მარცხის წილ.
რაც შეეხება მის მეტოქეს, მაქს შმელინგს, იგი თავდაპირველად ისტორიაში საკმაოდ საინტერესო სტატუსით შევიდა. ის იყო ადამიანი, რომელმაც მძიმე წონის ჩემპიონის ქამარი მეტოქის დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო. მაქს შარკთან დაპირისპირებისას, ამ უკანასკნელმა მთელი ძალით მოქნეული ხელი შმელინგს საზარდულში მოარტყა. მაქსი რინგზე გაწოლილი აღმოჩნდა, მისი მეტოქე კი დისკვალიფიცირებული და შესაბამისად დამარცხებულიც. ამ ამბის აღსანიშნავად, შმელინგს მეტსახელიც კი შეერქვა - ჰორიზონტალური ჩემპიონი.
ბრძოლის წინ ლუისი იმდენად დიდ ფავორიტად ითვლებოდა, რომ გერმანიის ნაცისტურმა მთავრობამ ბრძოლა არც კი დაანონსა, რათა მათთვის პოტენციურად უდიდესი შერცხვენა ანუ არიელისთვის ფერადკანიანთან დამარცხება თავიდან აერიდებინათ. თანაც, შმელინგმა იოზეფ გებელსს გალანძღვის საბაბი იქამდეც მისცა, დამარცხდა რა ებრაული წარმოშობის მოკრივესთან - მაქს ბერნსთან. ამ ბრძოლის დასრულების შემდგომ გებელსმა შმელინგს არიული ერის სირცხვილიც კი უწოდა.
ამ ყველაფრის ფონზე, ჯო ლუისმა ჩათვალა, რომ გერმანელი მომავალი მარტივი საკბილო გახლდათ. სწორედ ამიტომ, ბრძოლის წინა დღეებში ლუისს არა დარბაზში, არამედ გოლფის კორტებზე თუ იპოვნიდით. აი მისი მეტოქე კი დროს მხოლოდ ბრძოლას და მოწინააღმდეგის შესწავლას უთმობდა. მაქსმა აღმოაჩინა, რომ ჯების შესრულების შემდგომ ჯო ლუისი მარცხენა ხელს ყოველთვის საკმაოდ დაბლა ტოვებდა, რაც მეტოქის ყველაზე დიდი მინუსის პოვნას ნიშნავდა.
დადგა ბრძოლის დღე. ორთაბრძოლა ბრონქსში, ნიუ იორკ იანკის სტადიონზე უნდა შემდგარიყო. როგორც მოგვიანებით დაითვალეს, მსოფლიოს მასშტაბით ბრძოლის მიმდინარეობას რადიოთი 57 მილიონი ადამიანი უგდებდა ყურს. ჯომ ბრძოლა ძალიან აქტიურად დაიწყო, თუმცა მაქსი თავის დაცვას წარმატებით ახერხებდა. მეტიც, გერმანელი კონტრშეტევებზე იმდენად მაგრად მუშაობდა, რომ ლუისს რაუნდიდან რაუნდამდე ზიანი მკვეთრად ემატებოდა.
ასე მივიდნენ მეტოქეები მეოთხე რაუნდამდე, სადაც მეტოქის მასირებულ შეტევებს ჯო ლუისმა ვეღარ გაუძლო და კარიერის განმავლობაში პირველად აღმოჩნდა ძირს, რინგის ზედაპირზე. მიუხედავად ამისა, ამერიკელმა გონს მოსვლა უმალვე შეძლო და ფეხზეც თითქმის 1 წამის შემდეგ წამოდგა. მიუხედავად ამისა, ეს მისთვის გაფრთხილება უნდა ყოფილიყო, შმელინგი მას საკმაოდ სახიფათო თამაშში მეთოდურად ითრევდა. ჯო ლუისი ჰგავდა ბავშვს, რომელსაც ხელში რუბიკის კუბიკი მიაჩეჩეს და წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ ამოეხსნა ის რებუსი, რაც მის წინაშე დამდგარიყო. ამის პარალელურად, შმელინგი ზეწოლას კიდევ უფრო ზრდიდა, მან ლუისს თვალი საკმაოდ დაუზიანა, ხოლო მე-12 რაუნდში კი, ბრძოლას საბოლოო წერტილი დაუსვა და ჯო ლუისს პირველ მარცხთან ერთად პირველი ნოკაუტიც აგემა. ისე, ეს ბრძოლა, ჩემი აზრით, ძალიან ჰგავდა მაიკ ტაისონისა და ბასტერ დაგლასის დაპირისპირებას და იქ განვითარებულ მოვლენებსა თუ შედეგებს.
ყავისფერი ბომბდამბშენის შეჩერებას გერმანიაში იმხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, რომ ჰიტლერმა ბრძანა, მაქს შმელინგის 3.5 მეტრიანი ძეგლიც კი დაედგათ, რათა გერმანელ ერს ასე მიეგო პატივი მათი უდიდესი მოკრივისათვის. ის ფაქტი, რომ შმელინგი არიული ერის სირცხვილად ითვლებოდა, წარსულს მიეცა. თუმცა, თავის მხრივ მარტივად დანებებას არც ჯო ლუისი და არც ზოგადად ამერიკელები აპირებდნენ, მათ ხომ რევანში სწყუროდათ.
ლუისი Vs. შმელინგი 2
რევანში კი ზუსტად 2 წლისა და 3 დღის შემდგომ - 1938 წლის 22 ივნისს შედგა. ბრძოლამ კულტურული ფენომენის ისეთ დონეს მიაღწია, რომ შმელინგის მხარეს მთელი გერმანია და ამერიკის მოსახლეობის ფერადკანიანთან მებრძოლთა რიგები აღმოჩნდნენ, დანარჩენი ამერიკა კი აფრო-ამერიკელების ჩათვლით, ჯო ლუისის მხარეს იდგა. ბრძოლა კვლავ „იანკების“ სტადიონზე ჩატარდა, დამსწრე საზოგადოებას შორის კი ისეთი ადამიანები ფიგურირებდნენ, როგორებიც „ჰოლივუდის მეფე“ - კლარკ გეიბლი, ამერიკელი მამაკაცის განსახიერება (სულ მცირე, ტონი სოპრანოს აზრით) - გარი კუპერი ანდაც ოსკაროსანი გრეგორი პეკი გახლდნენ.
ამ ბრძოლას ჯო ლუისი უდიდესი პასუხისმგებლობით მიუდგა, რადგან შმელინგთან გამარჯვება მისთვის ნიშნავდა ყველა იმ ადამიანზე გამარჯვებას, რომელსაც მისთვის და მისი ხალხისთვის მრავალი ტკივილი ჰქონდათ მიყენებული. მიუხედავად იმისა, რომ შმელინგს მსგავსი რამ არასდროს განუხორციელებია, საზოგადოების თვალში ის მაინც ნაცისტური პროპაგანდის იარაღი გახლდათ. თანაც, ამ სპორტს ხომ ადოლფ ჰიტლერი ეთაყვანებოდა, მისთვის არიული რასის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება კრივში წარმატებასთან ასოცირდებოდა. მსოფლიო მასშტაბით, რადიოში მაუწყებლობა 100 მილიონზე მეტ ადამიანს გადაეცემოდა. მთელი მსოფლიო მოლოდინის რეჟიმში გახლდათ, მიიღებდა თუ არა სასურველ რევანშს ლუისი, თუ შმელინგი საკუთარ სტატისტიკას კიდევ უფრო მეტად გაიუმჯობესებდა.
ფაქტად უნდა ითქვას, რომ იშვიათია ისეთი დომინაცია ამ დონის მებრძოლებს შორის, როგორიც მთელი ბრძოლის განმავლობაში ჯო ლუისს ჰქონდა. მისი ტაქტიკა, რომელიც მისივე მწვრთნელის ჯექ ბლექბერნის შემუშავებული გახლდათ, შემდეგს გულისხმობდა - ბრძოლის რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულება. ბლექბერნის თქმით, ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდებოდა.
მართლაც, ჯო ლუისმა ბრძოლა სუპერ აქტიურობით დაიწყო. პირველად ბრძოლა სულ რაღაც 90 წამში გაჩერდა, მას შემდეგ რაც ამ პერიოდში მაქს შმელინგს სხეულის მარცხენა ნაწილში ლუისისგან 5 მარცხენა ჰუკი მოხვდა, რამაც მაქსი თითქმის მწყობრიდან გამოიყვანა. ბრძოლის განახლების მომენტისთანავე ლუისმა მაქს მარჯვენა ჰუკი გაუტარა, რითაც გერმანელი რინგის ზედაპირზე აღმოჩნდა. წამოდგომისთანავე, შმელინგს ლუისის ხელი ყბაში კიდევ სამჯერ მოხვდა, რამაც ის კვლავ წააქცია. მესამე წაქცევის შემდეგ კი რაც სულ რამდენიმე წამში მოხდა, მაქსის მწვრთნელმა რინგზე პირსახოცი ისროლა - დანებების ნიშნად. შემდეგ კი, თავის დაზღვევის მიზნით, რინგზეც შევიდა, რათა ბრძოლა აღარ განახლებულიყო.
ასე და ამგვარად, ჯო ლუისმა დაკარგული დიდება უმალვე, სულ რაღაც 124 წამში დაიბრუნა. მისი სახელი ქუჩებში კვირების განმავლობაში გაისმოდა, მისი დიდება კი უფრო და უფრო იზრდებოდა. ამ ბრძოლამ ერთ მეტოქეს არნახული პოპულარობა და პირველი აფრო-ამერიკელი ვარსკვლავის სტატუსიც კი მოუტანა, აი მეორე მათგანს კი სამშობლოში უამრავი პრობლემა შეექმნა, რადგან ნაცისტური რეჟიმი მას ფერადკანიან მებრძოლთან დამარცხებას, ცხადი იყო, რომ არ აპატიებდა. მართლაც, შმელინგი იმით დაისაჯა, რომ მეორე მსოფლიო ომში, ბრძოლის ხაზზე გაუშვეს, თუმცა გერმანელი მებრძოლი ომს გადაურჩა.
საბოლოოდ, ჯო ლუისის კარიერა კიდევ უამრავ წელს გაგრძელდა, 1950 წლამდე კი მის დამარცხებასაც კი ვერავინ ახერხებდა, საუკუნის შუაწელს ეს ცინცინატელმა კობრამ - ეზარდ ჩარლსმა შეძლო, მესამე და კარიერის უკანასკნელი მარცხი კი ლუისს ლეგენდარულმა როკი მარჩიანომ აგემა. რაც შეეხება შმელინგს, იგი კრივს მალევე ჩამოშორდა და ხელი ბიზნეს საქმიანობას მიჰყო.
აღსანიშნავია, რომ ჯო და მაქსი მომდევნო წლებში დიდი მეტოქეებიდან დიდ მეგობრებად იქცნენ, მეტიც, როცა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოკრივე - ჯო ლუისი 1981 წელს გაკოტრების პირას მისული, სიღარიბეში გარდაიცვალა, მისი დაკრძალვის ხარჯები მისმა ყველა დროის ყველაზე დიდმა მეტოქემ - მაქს შმელინგმა აიღო.
ადამიანმა, რომელმაც პირველმა დაამსხვრია ჯო ლუისის, როგორც დაუმარცხებელი მოკრივის სტატუსი, თუმცა ლუისმა სწორედ მაქსთან გამარჯვების შემდგომ დაიბრუნა დიდებული მოკრივის სტატუსი და საფუძველი ჩაუყარა იმ წარმატებას, რაზეც ყველა აფრო-ამერიკელი ბიჭუნა ოცნებობდა - ჯო ლუისი გახდა ადამიანი, რომელიც ყველა ამერიკელისთვის საამაყო და სამაგალითო გახლდათ, განურჩევლად რასისა და კანის ფერისა. ჯო ლუისი არამარტო ფერადკანიანების, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო გმირი გახლდათ.















