პირველი ქართველი ჰაიდენჰაიმში
ქართველი ფეხბურთელის გერმანულ გუნდში თამაში სულაც არ არის უცხო ხილი, თუმცა კონკრეტულად ჰაიდენჰაიმის მაისური აქამდე არავის მოურგია. "ვაისბლაუსის" ფორვარდი იქნება ჩვენი პირველი თანამემამულე "ლურჯ-წითლებში", თანაც ის ამ გუნდში როგორც აღვნიშნეთ, მე-2 ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორის სტატუსით მიდის.
სეზონის დაწყებიდან დღემდე, ბადენელთა მე-11 ნომერმა 20 შეხვედრაში გაიტანა 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემაც გაიფორმა. 12 ბურთი მან გაიტანა მეორე ბუნდესლიგაში, ორი კი გერმანიის თასზე. 30 წლის ფორვარდი განსაკუთრებით ეფექტური იყო პირველი ტურის მატჩში, რომელშიც მან ნიურნბერგს ჰეთ-თრიკი შეუსრულა.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "თეთრ-ლურჯები" პირველი ტაიმის ბოლოსთვის მარცხდებოდნენ 0:2-ს, თუმცა ზივზივაძემ სამი გოლით შეხვედრის მიმდინარეობა თავდაყირა დააყენა. ქართველი ფორვარდის სახელს სეზონის მიმდინარეობისას უკავშირებდნენ რამდენიმე კლუბს, მათ შორის სანქტ პაულისაც, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მისი შემდეგი გაჩერება "როთბლაუსი" იქნება.

რა ვიცით ჰაიდენჰაიმის შესახებ?
ჰაიდენჰაიმი გერმანიისთვის ისტორიული გუნდი არასდროს ყოფილა. ამ კლუბის ანგარიშზეა მეორე და მესამე ბუნდესლიგაში ჩემპიონობა, მეტი არაფერი. "როთბლაუსის" აღმასვლა პირდაპირ კავშირში არის მის დამრიგებელთან, ფრანკ შმიდტთან, რომელიც უკვე მე-18 წელია, რაც მშობლიურ კლუბში მოღვაწეობს.
ევროპის ტოპ 5 ლიგის მოქმედ მწვრთნელებს შორის, გერმანელ დამრიგებელზე "დიდხნიანი" ერთ გუნდში არავინ არის. ის ამ მხრივ უსწრებს ისეთ გამორჩეულ სპეციალისტებს, როგორებიც არიან ჯან პიერო გასპერინი (ბერგამოს ატალანტა), პეპ გუარდიოლა (მანჩესტერ სიტი) და დიეგო სიმეონე (მადრიდის ატლეტიკო).
ცნობისთვის, ბადენელთა ამჟამინდელი მწვრთნელის დანიშნვის მომენტიდან (17/09/2007) დღემდე, ლონდონის ჩელსიმ 21 თავკაცი გამოიცვალა. დავუბრუნდეთ "ლურჯ-წითლებს", რომლებმაც თავიანთ 50 წლის დამრიგებელთან ერთად, გაიარეს გზა გერმანიის მე-4 ლიგიდან ბუნდესლიგაში. საინტერესოა ისიც, რომ შმიდტი თავის ამჟამინდელ კლუბში თავდაპირველად მხოლოდ 2 მატჩით მიიწვიეს.

გერმანელი მწვრთნელი წარსულში იყო ფეხბურთელიც და კარიერის დასკვნითი ნაწილი (2003-2007) მან სწორედ ფოით-არენაზე გაატარა. გამოდის რომ ფრანკისა და ჰაიდენჰაიმის ურთიერთობა უკვე 22 წელია გრძელდება. მოკრძალებული კლუბი ნელ-ნელა მიდიოდა თავისი მიზნისკენ და 2023 წელს მოხდა "როთბლაუსის" ისტორიაში მთავარი მიღწევა: აღზევება იქ, სადაც ვერცხლის სინისთვის იბრძვიან.
2023/2024 წლების სეზონში ბადენელებმა შემოგვთავაზეს ერთ-ერთი მთავარი სენსაცია - მერვე ადგილი ბუნდესლიგაში. გერმანიის თასზე დატრიალებული მოვლენების შედეგად კი "ლურჯ-წითლებს" კონფერენს ლიგაზე თამაშის ბედნიერებაც ხვდათ წილად. დიახ, ვისაც არ გახსოვდათ: ბუდუს მომავალი კლუბი წელს ევროთასებზე გამოდის.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს არ მოუწევს შორს წასვლა, რადგან შმიდტის გუნდი თამაშობს იმავე რეგიონში (ბადემ-ვიურტემბერგი), სადაც მდებარეობს მისი ამჟამინდელი სამუშაო ადგილი, ვილდპარკი. იგივე რეგიონიდან ბუნდესლიგაში გამოდიან შტუტგარტი, ფრაიბურგი და ჰოფენჰაიმი. როგორც ვხედავთ, კრისტიან აიხნერის გუნდის მე-11 ნომერს ძალიან საინტერესო თავგადასავალი ელის.

ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ფოით-არენას ბინადრების შესახებ. მათი სტადიონი განლაგებულია ზღვის დონიდან 555 მეტრზე, რაც ნიშნავს იმას, რომ გერმანიის პროფესიონალურ გუნდებს შორის ყველაზე მაღალ წერტილზე სწორედ ჰაიდენჰაიმი თამაშობს. რაც შეეხება არენის ტევადობას: "როთბლაუსის" სახლი 15 000-ს ქომაგს იტევს.
ბუნდესლიგის გუნდებს შორის ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, თუმცა იყო დრო, როდესაც ბადენელთა თამაშის საყურებლად 500 გულშემატკივარზე მეტი ვერ დადიოდა. 2009 წელს მოხდა სტადიონის რეკონსტრუქცია, მომავალში კი "ლურჯ-წითლები" კიდევ უფრო მასშტაბურ გაფართოებას გეგმავენ.

ბუდუს როლი ჰაიდენჰაიმში
ბუნდესლიგაში აღზევებით, გასული სეზონის მერვე ადგილზე დასრულებითა და კონფერენს ლიგაზე გასვლით, შმიდტის გუნდმა ისტორია უკვე დაწერა. მიმდინარე სეზონი ფოით-არენას ბინადრებისთვის აღარ არის ისეთი ზღაპრული, როგორც წინა: მხოლოდ 10 ქულა 15 ტურის შემდეგ და წლის გასავარდნ ზონაში დასრულება.
დიახ, ჰაიდენჰაიმი მე-16 ადგილზეა და ბუდუს მისია ახალ გუნდში ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება. გერმანიის ჩემპიონატის აუტსაიდერთა განკარგულებაში ამ დროისთვის არის 4 ფორვარდი: მარვინ პირინგერი, მაქსიმილიან ბროინიგი, მიკელ კაუფმანი და შტეფან შიმერი. ოთხივემ ერთად წელს ბუნდესლიგაში სულ რაღაც 6 ბურთი გაიტანა.
საუკეთესო შედეგი ამ მხრივ აქვს პირინგერს (ოთხი გოლი), რომელიც ამ მომენტისთვის "როთბლაუსის" საუკეთესო ბომბარდირი არის. სწორედ ის იქნება ქართველი ფორვარდის მთავარი კონკურენტი ახალ კლუბში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბადენელთა გერმანელი დამრიგებელი თამაშობს 2 წინახაზელითაც, არაა გამორიცხული, რომ მომავალში ახალი დუეტიც ვიხილოთ.

ფრანკი ხშირ შემთხვევაში იყენებს 4-2-3-1-ს, ზივზივაძემ კი კარლსრუეში საუკეთესო თვისებები 4-4-2-ით გამოავლინა. ვნახოთ, როგორ მოერგება "ვაისბლაუსის" ფორვარდი ახალ გუნდსა და მის სქემას. ბოლოს კი მიმოვიხილოთ "ლურჯ-წითლების" პერსპექტივები ევროსარბიელზე, სადაც ისინი დებიუტანტების სტატუსით არიან.
კონფერენს ლიგაზე ჩატარებული ექვსი შეხვედრის შემდეგ, შმიდტის გუნდმა 10 ქულით მე-16 ადგილი დაიკავა. ეს ნიშნავს იმას, რომ მერვედფინალში გასვლისთვის ფოით-არენას ბინადრებს პლეიოფში სჭირდებათ კიდევ ერთ მოწინააღმდეგესთან მოგება და ეს მოწინააღმდეგე გიორგი გოჩოლეიშვილის კოპენჰაგენი იქნება.
"ლომების" წინააღმდეგ დაპირისპირებები გაიმართება 13 და 20 თებერვალს, საქართველოს ნაკრების მერვე ნომერი იმ დროისთვის უკვე ჰაიდენჰაიმის სრულფასოვანი წევრიც იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ კონფერენს ლიგის პლეიოფში ვიხილავთ ერთგვარ ქართულ დერბის: ზივზივაძე გოჩოლეიშვილის წინააღმდეგ.



















