პირველი ნაბიჯები ფეხბურთში და ჩაშლილი ტრანსფერი ვერდერში
ნოვოსიბირსკში დაბადებულმა მომავალმა თავდამსხმელმა ფეხბურთის თამაში დაიწყო უკრაინაში, სადაც კარიერის დასაწყისში რამდენიმე გუნდი მოიარა. ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა პირველად გაიბრწყინა ზაპოროჟიეს მეტალურგში, 1994/95 წლების სეზონში, როდესაც მან 31 მატჩში 18 ბურთის გატანა შეძლო.
უკრაინულ გუნდში თავის გამოჩენის შემდეგ, გერმანიაში ზამთრის შეკრებაზე მყოფ თავდამსხმელს სინჯებზე დარჩენა ვერდერმა შესთავაზა. სარეზერვო გუნდში თამაშის დროს, ბრემენში სინჯებზე მყოფი ფორვარდის დამრიგებელი იყო ტომას შააფი, რომლის ხელმძღვანელობით მან 7 მატჩი ჩაატარა. საქმე მიდიოდა სრულფასოვან ტრანსფერამდე, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ჩაიშალა.
საქმე ისაა, რომ მეტალურგმა მოითხოვა ისეთი სატრანსფერო თანხა, რომელიც "მუსიკოსებს" ეძვირათ. ფოცხვერიას მოუწია თავის იმდროინდელ გუნდში დაბრუნება, მაგრამ მალევე ის დონეცკის შახტარში გადავიდა. კლუბში იმ დროს ახალი მოსული იყო რინატ ახმეტოვი და მისი ერთ-ერთი პირველი ტრანსფერი სწორედ ქართველი ფორვარდი იყო.

საქართველოს ნაკრები - ტყუილი და მუქარა უკრაინელებისგან
მიხეილს არ გასჭირვებია დონბასში და ადაპტაცია მან მალევე მიიქცია სამი ნაკრების ყურადღება - საქართველო, უკრაინა და რუსეთი. უკანასკნელი ვარიანტი გამოირიცხა მალევე, პირველ ორს შორის კი "მაღაროელების" ფორვარდისთვის ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. მას თავიდანვე სურდა თავისი ისტორიული სამშობლოს სახელით თამაში, მაგრამ უკრაინელებს სხვა გეგმები ჰქონდათ.
"ჯვაროსნების" იმდროინდელ მთავარ მწვრთნელამდე, ვლადიმერ გუცაევამდე მივიდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ფოცხვერიამ "ლურჯ-ყვითლებში" თამაში აირჩია. ამის პარალელურად, შახტარის პრეზიდენტმა ქართველ ფორვარდს წაუყენა ულტიმატუმი: სლავთა ეროვნულ გუნდში თამაში ან დასჯა, დუბლებში გადაყვანის სახით.
მიხეილი მართლაც გადაიყვანეს დონეცკელების სარეზერვო გუნდში, თუმცა ამის მიუხედავად, მას თავისი პრინციპებისთვის არ გადაუხვევია. როდესაც სიმართლე გაირკვა, დონბასელთა ახალგაზრდა თავდამსხმელი დარჩა გაოგნებული, რადგან ჩვენი ეროვნული გუნდიდან მოწვევის შესახებ მას გაგონილიც კი არ ჰქონდა.

ფოცხვერიამ მაინც მოაღწია "თეთრ-წითლებამდე", თუმცა უკრაინელებმა ბოლოს ხელის შეშლა კიდევ ერთხელ სცადეს. როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს, მიხეილს საქართველოს ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩის ჩატარება უწევდა სწორედ "ლურჯ-ყვითლებთან" და ის თავის თანამემამულეებს კიევში უნდა შეხვედროდა.
ქართველი თავდამსხმელი "შეცდომით" მიიყვანეს ბაზაზე, სადაც ვარჯიშობდნენ არა "ჯვაროსნები", არამედ სლავები. უკვე გვიანი იყო, წასასვლელი არსად ჰქონდა, ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდს ქუჩაში დაძინება მოუწია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც გამოვიდა მოედანზე, თანაც ძალიან დასამახსოვრებლად.

იმ შეხვედრაში "თეთრ-წითლები" ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ და ის ერთადერთ გოლი სწორედ ფოცხვერიამ გაიტანა. იმის შემდეგ, ახალგაზრდულ ნაკრებში ქართველმა ფორვარდმა კიდევ 6 მატჩი ჩაატარა. გამოსარჩევია რუსთავში გამართული თამაში იტალიის 21-წლამდელთა ეროვნულ გუნდთან, რომელიც საქართველოს მოგებით დასრულდა.
მოედანზე იყო მიხეილიც და 71-ე წუთზე ფრანჩესკო კოკოსთან ჩხუბის შემდეგ, არბირტმა ორივეს წითელი ბარათი უჩვენა. "სკუადრა აძურას" რიგებში თამაშობდნენ ჯიჯი ბუფონი, მასიმო ამბროზინი, სტეფანო ფიორე, კრისტიანო ლუკარელი, ალესიო ტაკინარდი, ნიკოლა ვენტოლა და სხვები. "ჯვაროსნებმა" გიორგი კიკნაძისა და ლევან ქებაძის გოლებით მოიგეს.

სამწუხარო ფინალი
ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, შახტარის თავდამსხმელმა ჩვენი ნაკრების მთავარ გუნდშიც ითამაშა. სამწუხაროდ, ხშირი ტრავმიანობის გამო, ფოცხვერიას "თეთრ-წითელი" მაისურის მორგების ბედნიერება სულ 4-ჯერ ჰქონდა. მან 2-ჯერ ითამაშა ლიბანთან, შემდეგ კვლავ უკრაინასთან, ბოლოს კი სლოვენიასთან.
ქართველ თავდამსხმელს ტრავმებმა იმდენად შეუშალა ხელი, რომ კარიერის დასრულება 27 წლის ასაკში მოუწია. მას არასდროს უნანია თავისი გადაწყვეტილება და წლების შემდეგ, მიხეილმა ეს უკრაინულ პრესასთან საუბარშიც გააჟღერა. საქართველოს ეროვნული გუნდის გარდა, მისთვის სხვა ნაკრები უბრალოდ არ არსებობდა.


















