იტალიელი მწვრთნელები და ლონდონის ჩელსი - თანამშრომლობა, რომელსაც შედეგი ყოველთვის მოაქვს. გავიხსენოთ, თუ რა კვალი დატოვეს აპენინელმა სპეციალისტებმა "არისტოკრატებში". ლეგენდარული ჯანლუკა ვიალის დაწყებული გზა, რომელიც თანადროვეობაში ენცო მარესკამ გააგრძელა.
ჯანლუკა ვიალი - 1998-2000 | ჩელსის დიდი დაბრუნება ევროსარბიელზე
ვიალის ლეგენდარულმა საფეხბურთო კარიერამ ჰარმონიულად გადაინაცვლა სამწვრთნელოში, მას შემდეგ, რაც ჩელსიმ შუა სეზონში რუდ გულიტი გაუშვა. ჯანლუკა 33 წლის ასაკში გახდა ლონდონელთა მოთამაშე დამრიგებელი, თანაც ის იყო პირველი იტალიელი სპეციალისტი ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში.
"არისტოკრატების" იმდროინდელმა მწვრთნელმა ორ წელში მოიპოვა ხუთი ტიტული, მათ შორის ევროსარბიელზეც. 1998 წელს, თასების მფლობელთა თასის ფინალში ვიალის გუნდმა მოუგო შტუტგარტს, სუპერთასზე კი თვით მადრიდის რეალს. ეს იყო ინგლისური კლუბის პირველი ევროთასი 27-წლიანი მშრალი სერიის შემდეგ.
კლაუდიო რანიერი - 2000-2004 | ბოლო მწვრთნელი რომან აბრამოვიჩის ეპოქამდე
რანიერის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში უმუშავია უამრავ გუნდში, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი კი მას სწორედ ჩელსიში ჰქონდა. ლონდონელებმა კლაუდიოს ხელმძღვანელობით ჩაატარეს 199 შეხვედრა, რაც ლეგენდარული სპეციალისტის პერსონალური რეკორდია. იტალიელი დამრიგებელი იყო "არისტოკრატების" ბოლო დამრიგებელი აბრამოვიჩის მისვლამდე.
რა მოხდა შემდეგ? სტემფორდ ბრიჯის ბინადრების იმდროინდელი მწვრთნელი უფრო პერსპექტიულმა და ამბიციურმა ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლა. ჩელსის შემდეგ, რანიერი დიდხანს ეძებდა კლუბს, რომელშიც ის კიდევ ერთხელ იპოვიდა საკუთარ თავს და ასეთი გარემო ერთი დეკადის შემდეგ მან ლესტერში აღმოაჩინა.
კარლო ანჩელოტი - 2009-2011 | ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ხუთივე ტოპ ლიგა მოიგო
მილანში რვაწლიანი საოცრად ნაყოფიერი მოღვაწეობის შემდეგ, ანჩელოტი 2009-ში პირველად გასცდა სერია ა-ს ფარგლებს და ძალები ინგლისის ჩემპიონატში მოსინჯა. კარლო არის ერთადერთი სპეციალისტი, რომელმაც მოიგო ევროპის ხუთივე ტოპ ლიგა და მისი პრემიერ ლიგაში ტრიუმფის ნაწილი სწორედ ჩელსის უკავშირდება.
სერია ა - "როსონერიში", პრემიერ ლიგა კი ლონდონელებთან ერთად, მოგვიანებით იქნება ლა ლიგა რეალში, ბუნდესლიგა ბაიერნში და ლიგა 1 პარის სენ-ჟერმენში. ინგლისის ჩემპიონატის მოგების გარდა, იტალიელმა სპეციალისტმა "არისტოკრატებს" ასოციაციის თასი და ქვეყნის სუპერთასიც მოაგებინა.
რობერტო დი მატეო - 2012 | ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტული ჩელსისთვის
ჩელსიში ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მცდელობა ჰქონდათ ჰიდინკს, სკოლარის, ანჩელოტის, მოურინიოსა და სხვებს, თუმცა უშედეგოდ. 2012 წელს, ლონდონელებმა მაინც მოიგეს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი, თანაც ისეთი სპეციალისტის ხელში, რომლისგანაც ამას არავინ ელოდა.
დი მატეო "არისტოკრატებში" მივიდა 2012 წლის მარტში, სეზონის დასკვნით ფაზაში, ორი თვის შემდეგ კი ის უკვე ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორად მოგვევლინა. მომენტი, როცა გევალება სეზონის უბრალოდ გადარჩენა, შენ კი კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას აღწევ.
ანტონიო კონტე - 2016-2018 | საჩემპიონო რბოლაში დამარცხებული გუარდიოლა, კლოპი და სხვები
კონტემ ჩელსი პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახადა პირველივე სეზონში და აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, თუ ვინ იყვნენ მისი კონკურენტები ტრიუმფისკენ მიმავალ გზაზე. ვენგერის არსენალი, მოქმედი ჩემპიონის, რანიერის ლესტერი, მოურინიოს მანჩესტერ იუნაიტედი, გუარდიოლას მანჩესტერ სიტი, კლოპის ლივერპული და პოჩეტინოს ტოტენჰემი.
დიახ, ანტონიომ სწორედ ზემოაღნიშნული მწვრთნელები დაამარცხა. გამოსარჩევია ისიც, რომ ლონდონელებმა საჩემპიონო სეზონში იმარჯვეს 38 შეხვედრიდან 30-ში, რაც იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო. იტალიელმა "არისტოკრატებში" გაატარა სულ რაღაც 2 სეზონი, მაგრამ საოცრად ნაყოფიერი.
მაურიციო სარი - 2018-2019 | როცა პირველ ტიტულს 60 წლის ასაკში იგებ
სარიმ პირველ ტიტულამდე მართლაც უდიდესი გზა გაიარა. 2003 წელს, მოკრძალებულ სანსოვინოსთან ერთად სერია D-ს თასის მოპოვების შემდეგ, მაურიციოს თასების კოლექცია ცარიელი იყო. მისი მშრალი სერია შეწყდა სწორედ ჩელსიში, 2019 წელს, როდესაც მან ევროპა ლიგა მოიგო.
იტალიელი მწვრთნელი გამარჯვების მომენტისთვის უკვე 60 წლის იყო. საფეხბურთო სამყაროს სამუდამოდ დარჩება კადრი, რომელზეც ლონდონელთა სპეციალისტი ევროპა ლიგის ოქროს მედალს ერთდროულად გაოგნებული და ბედნიერი მზერით უყურებს. ერთი წლის შემდეგ, სარი მოიგებს სკუდეტოსაც, უკვე ტურინის იუვენტუსში.
ენცო მარესკა - 2024-დღემდე | მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელი
ჩელსის კრიზისის გათვალისწინებით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფავორიტების რიცხვში ამ გუნდს არავინ განიხილავდა. მითუმეტეს, მუნდიალზე იყვნენ რეალი, პარის სენ-ჟერმენი, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი, ბაიერნი, ინტერი და სხვები. ტურნირის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ მათ შორის საუკეთესოები სწორედ ლონდონელები გამოდგნენ.
"არისტოკრატებმა" ფინალში დაამარცხეს პსჟ, რომლის გამჩერებელი საფეხბურთო სამყაროში არავინ ჩანდა. "სამეფო კლუბის", "ნერაძურისა" და ატლეტიკოს განადგურების შემდეგ, უმრავლესობას ეგონა, რომ შემდეგები იქნებოდნენ სტემფორდის ბინადრები, მაგრამ ენცო მარესკამ "ლურჯ-წითლების" ჰეგემონია დაამხო.















