სამწვრთნელო კარუსელი
ჩემპიონობის შემდეგ, ნაპოლი დატოვა ლუჩიანო სპალეტიმ - მწვრთნელმა, რომელმაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ, სამხრეთულ გუნდს სკუდეტო აჩუქა. იტალიელმა სპეციალისტმა არჩევანი გააკეთა თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის სასარგებლოდ და ამ ყველაფერში საგანგაშო ნამდვილად არაფერია.
"პარტენოპეისთვის" ტიტულის მომტანი მწვრთნელი წავიდა, გასაგებია, მივიღეთ, თუმცა ისმის კითხვა - ვის უნდა შეეცვალა ის? მინიმუმ იგივე დონის სპეციალისტს ან თუნდაც უკეთესს. დე ლაურენტისს ჰქონდა სხვა მოსაზრება და 65 წლის ჩემპიონი დამრიგებლის ნაცვლად, "ლურჯებში" მან რუდი გარსია დანიშნა.
საუბარია მწვრთნელის შესახებ, რომლის უკანასკნელი მეტ-ნაკლებად წარმატებული სეზონი თარიღდება 2017/2018 წლებით, როდესაც მან მარსელის ოლიმპიკი ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა. ობიექტურად, ეს არ იყო ის დონე, რომელიც კალჩოს იმდროისთვის საუკეთესო კლუბს სჭირდებოდა. იტალიელი ბიზნესმენი ამ ყველაფერს სეზონის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ მიხვდა.

"აძურის" ახალმა მწვრთნელმა არ გაამართლა, სეზონი გადასარჩენია, რისთვისაც საჭიროა მაღალი დონის სპეციალისტი, თუმცა აურელიო აკეთებს მორიგ აბსურდულ ნაბიჯს და მარადონაზე ვალტერ მაძარის აბრუნებს. დიახ, 2010-იანი წლების დასაწყისში მის მიერ დამოძღვრილი სამხრეთული გუნდი ნამდვილად თამაშობდა კარგ ფეხბურთს, მაგრამ იმის შემდეგ ხომ 10 წელი გავიდა?!
დე ლაურენტისის კლუბიდან წასვლის შემდეგ, იტალიელმა მწვრთნელმა მოიარა მილანის ინტერი, უოტფორდი, ტორინო და კალიარი, თუმცა მან ყველგან ფიასკო განიცადა. წარუმატებელი გამოდგა ნაპოლიში მეორედ მოსვლაც და უკვე თებერვლისთვის აურელიოს კვლავ ახალი დამრიგებლის ძებნა მოუწია.

"პარტენოპეის" გადარჩენა ამჯერად დაევალა ფრანჩესკო კალცონას, თუმცა უშედეგოდ - იმდროინდელმა მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი დაასრულა მე-10 პოზიციაზე: ასეთ დაბალ საფეხურზე სკუდეტოს მფლობელი გუნდი არასდროს ჩამოსულა. ამის გარდა, "ლურჯებმა" პირველ ადგილზე აღზევების თეორიული შანსი დაკარგეს თებერვალში, რაც მოქმედ ჩემპიონებს შორის ანტირეკორდია.
კატასტროფული სეზონის შემდეგ, იტალიელმა ბიზნესმენმა გამოიტანა რამდენიმე დასკვნა და "აძურიში" მაღალი დონის მწვრთნელი მიიყვანა. საუბარია ანტონიო კონტეს შესახებ, რომელიც მარადონას ბინადრებთან ერთად კვლავ სკუდეტოსთვის იბრძვის. როგორც არ უნდა დასრულდეს წლევანდელი სეზონი, ის შარშანდელზე წარმატებული მაინც იქნება.

უცნაური და დაბალი ხარისხის ტრანსფერები
ნაპოლიდან ლორენცო ინსინიესა და კალიდუ კულიბალის წასვლის შემდეგ, დე ლაურენტისმა იმოქმედა ბიუჯეტურად და თავისი გუნდისთვის გაიფორმა ხვიჩა კვარაცხელია - კიმ მინ ჯეს დუეტი, ჯამში €30 მილიონზე ნაკლებად. ამ ტრანსფერებს ყველა უყურებდა სკეპტიკურად, მაგრამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ქართველმა შემტევმა და სამხრეთ კორეელმა ცენტრალურმა მცველმა "პარტენოპეის" ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშეს. იმდროინდელი მოქმედი ჩემპიონი "ლურჯებისთვის" სამწუხაროდ, მეორედ ამ ნომერმა არ გაჭრა. იტალიელმა ბიზნესმენმა გააგრძელა "აძურის" მომარაგება ბიუჯეტური მოთამაშეებით, მაგრამ სკუდეტოს მომგები აღარავინ აღმოჩნდა.
იენს კაიუსტე, იესპერ ლინდსტრომი, პასკუალე მაძოკი, ნათან დე სოუზა, სირილ ნგონგე და სხვები - დიეგო მარადონაზე ვერავინ ათამაშდა. მხოლოდ კონტეს მოსვლის შემდეგ გამოცოცხლდა ნაპოლი სატრანსფერო ბაზარზე, სხვა პირობით ის სამხრეთულ კლუბში არ მივიდოდა. დიახ, ახალმა სპეციალისტმა აურელიოს ფულის ხარჯვა აიძულა.

გაურკვევლობა ვიქტორ ოსიმენის გარშემო
საჩემპიონო სეზონის შემდეგ, ოსიმენს დაუდგა მსურველების რიგი და საფეხბურთო სამყარო მას პრემიერ ლიგაში გადასვლას უწინასწარმეტყველებდა. ნისლიან ალბიონზე გადაბარგების წინააღმდეგი არ იყო თავად ნიგერიელი ფორვარდიც, რომელიც თავის კერპად დიდიე დროგბას ასახელებდა. ამ სიტყვების შემდეგ, ვიქტორი თითქოს ლონდონის ჩელსის მიუახლოვდა.
ნაპოლის თავდამსხმელის ტრანსფერი არ შედგა, მიზეზი - ასტრონომიული თანხა, რომელიც დე ლაურენტისმა მის სანაცვლოდ მოითხოვა. დაინტერესებული კლუბები "პარტენოპეის" მე-9 ნომრის სანაცვლოდ ჩამოდიოდნენ 80-90 მილიონს, იტალიელი ბიზნესმენი კი მინიმუმ 120-ს ითხოვდა. ერთი სიტყვით, ვარსკვლავური ფორვარდის ალბიონური ოცნება აუხდენელი დარჩა.

ტრანსფერი ჩაიშალა, თუმცა "ლურჯებმა" მოახერხეს იმდენი, რომ 26 წლის თავდამსხმელი ვერც საკუთარ ინტერესებში გამოიყენეს. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, აურელიოსა და ოსიმენს შორის ურთიერთობა გაფუჭდა იმდენად, რომ ფორვარდი განაცხადშიც კი არ შეიყვანეს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე, ნიგერიელი გოლეადორი სასწრაფო ტემპით იჯარით სტამბოლის გალათასარაიში გაუშვეს.
ვიქტორი "ლომებში" დარჩება მიმდინარე სეზონის ბოლომდე, შემდეგ კი "აძურის" პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ეცდება მის სარფიანად გაყიდვას. ცხადია, მარადონას ბინადრების ფორვარდში არავინ გადაიხდის €100+ მილიონს, 75 წლის ბიზნესმენს ბევრად ნაკლები თანხით მოუწევს დაკმაყოფილება და ბიუჯეტის შევსება.

ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის არ არსებობა
ოსიმენთან ერთად, სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელი კვარაცხელიაც იყო. დე ლაურენტისი მის სანაცვლოდაც ითხოვდა ასტრონომიულ თანხას, მოგვიანებით კი ქართველი ვინგერის ტრანსფერი კონტემ დაბლოკა. მიმდინარე სეზონის პირველმა ნახევარმა გვაჩვენა, რომ ნაპოლისა და ხვიჩას შორის ყველაფერი დასრულებული იყო.
"პარტენოპეის" ლიდერს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი წასვლა, იტალიელმა ბიზნესმენმა კი ნიგერიელი თავდამსხმელის ტრანსფერის მიმართებაში დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეორა. რადარზე გამოჩნდა პარის სენ-ჟერმენი, რომელმაც "ლურჯებს" მიმართა კონკრეტული წინადადებით, აურელიომ აღარ ივაჭრა და €70-მილიონიანი შეთავაზებაც მიიღო.
24 წლის შემტევის წასვლა არ არის მთავარი პრობლემა, საგანგაშოა ის, რომ "აძურიში" მისი შემცვლელი არ მოსულა. ახალგაზრდა გარემარბის პსჟ-ში ტრანსფერი გაოფიციალურდა იანვრის პირველ ნახევარში, მარადონას ბინადრებს კი ჰქონდათ თითქმის 2 კვირა იმისთვის, რომ კლუბში საქართველოს ეროვნული გუნდის მე-7 ნომრის საქმის გამგრძელებელი მისულიყო.

კონტეს გუნდის სახელს უკავშირებდნენ ფედერიკო კიეზას, მარკუს რაშფორდს, ალან სენტ-მაქსიმენს, ქარიმ ადეიემისა და ალეხანდრო გარნაჩოს - იტალიის სამხრეთში არავინ გადასულა. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო მომენტში ნაპოლიმ მილანიდან იჯარით დაიმატა ნოა ოკაფორი, სწორედ ის, რომელიც ლაიფციგმა ჭარბწონიანობის გამო არ გაიფორმა.
დიახ, ბუნდესლიგის საშუალო დონის გუნდის მიერ დაწუნებული შვეიცარიელი შემტევი "პარტენოპეისთვის" მისაღები ვარიანტი გამოდგა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ კვარას პარიზში გაყიდვით, "ლურჯების" სატრანსფერო ბიუჯეტი €70 მილიონით შეივსო. იტალიელ სპეციალისტს უწევს თავის მართლება იმით, რომ "აძურის" ჰყავს დავიდ ნერეშიც, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ ეს უბრალოდ ცარიელი სიტყვებია.

ტოპ კლუბის მცნებისგან შორს ყოფნა
ბოლოს კი ერთგვარი შეჯამება. რა გამოიარა ნაპოლიმ სერია ა-ში ჩემპიონობის შემდეგ? დროს ჩამორჩენილი მწვრთნელების დანიშნვა, დაბალხარისხიანი შენაძენები და კლუბის ორი მთავარი მთავარი ვარსკვლავის სატრანსფერო შესაძლებლობების გამოუყენებლობა. ოსიმენის მომავალი ბურუსით არის მოცული, გარკვეულია მხოლოდ ის, რომ ვარსკვლავური ფორვარდი "პარტენოპეიში" აღარ დაბრუნდება.
კვარაცხელიას ნაცვლად კი "ლურჯების" მარცხენა ფრთას ნერეში და ოკაფორი გაამაგრებენ. როგორც ვხედავთ, საჩემპიონო სეზონის შემდეგ, სამხრეთული კლუბი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩამოიშალა. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს დე ლაურენტისმა უბრალოდ არ იცის, თუ რას ნიშნავს გუნდის ახალ საფეხურზე აყვანა სკუდეტოს მოგების შემდეგ.
სერია ა-ში ჩემპიონობა უნდა ყოფილიყო ათვლის ახალი წერტილი და სამომავლო წარმატებების ფუნდამენტი, თუმცა ამის ნაცვლად, "აძურის" უბრალოდ მიღწეულით დაკმაყოფილება მოუწია. დიახ, სკუდეტოს მომგები სპეციალისტი თავის დროზე წავიდა ინტერიდანაც (კონტე), ამის გარდა, კლუბი იმ ზაფხულსვე შეელია რომელუ ლუკაკუსა და აშრაფ ჰაკიმის, მაგრამ ბეპე მაროტამ კლუბის განადგურება არ დაუშვა.

ანტონიოს ნაცვლად მილანურ გუნდში მივიდა პერსპექტიული და თანამედროვე ხედვის მქონე სიმონე ინძაგი, რომელმაც მის მიერ აშენებულ ფუნდამენტზე ახალი გუნდი ააგო. იტალიელი ტაქტიკოსის ხელში "ნერაძურიმ" გაიმეორა 2021 წელს დაფიქსირებული წარმატება, იქამდე კი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალშიც ითამაშა.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "გველები", დიეგო მარადონას ბინადრებისგან განსხვავებით, განიცდიან ფინანსურ პრობლემებს და სატრანსფერო ბაზარზეც შეზღუდულად მუშაობენ. ცოტა ხნის წინ, დე ლაურენტისის კლუბმა სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია სწორედ მეაცას ბინადრებს დაუთმო.
ბოლოს კიდევ ერთი კითხვა - რა უშლიდა იტალიელ ბიზნესმენს ნაპოლის მიმართებაში გაეკეთებინა იგივე, რაც მაროტამ თავისი კლუბის მიმართებაში გააკეთა? მითუმეტეს, "პარტენოპეის" ფინანსური კრიზისი არასდროს შეხებია. აურელიოს არც არაფერი უშლიდა ხელს, მან უბრალოდ ჩათვალა, რომ 2 წლის წინ დაწერილ ტკბილ ზღაპარს გაგრძელება აღარ სჭირდებოდა.


















