ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბარსელონა დაუპირისპირდება მილანის ინტერს, ისე როგორც 15 წლის წინ. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და რეზონანსული დუელი, რომლის შესახებაც დღემდე საუბრობენ. გავიხსენოთ 2009/10 წლების 1/2 ფინალი, კატალონიელებსა და "ნერაძურის" შორის.
ჟოზე მოურინიოს ბარსელონური წარსული
როგორც გვახსოვს, ინტერნაციონალემ მოახერხა ბარსელონას ბარიერის დაძლევა, შემდეგ კი ფინალში დაამარცხა მიუნხენის ბაიერნი და სეზონის ბოლოს ტრებლიც მოიგო. მილანელთა წარმატების სულის ჩამდგმელი იყო მოურინიო, რომელიც ერთ ღამეში კატალონიელებისთვის ყველაზე საძულველ პიროვნებად იქცა.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ პორტუგალიელი მწვრთნელი პირველ ნაბიჯებს სწორედ "ბლაუგრანაში" დგამდა. 90-იანების მეორე ნახევარში ჟოზე მუშაობდა სერ ბობი რობსონისა და ლუი ვან გაალის ასისტენტად/თარჯიმნად, რის შემდეგაც მან ახალი თავგადასავალი დაიწყო.
ლისაბონის ბენფიკა, უნიაუ დე ლეირია, შემდეგ კი პორტუ, რომელთან ერთადაც "ნერაძურის" მომავალმა მწვრთნელმა თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. "დრაკონებთან" ერთად მოხდენილი სენსაციის შემდეგ, "განსაკუთრებული" თავისთან წაიყვანა ლონდონის ჩელსიმ, რომელიც იმ პერიოდში ფინანსურ აღმასვლას განიცდიდა.
"არისტოკრატებში" მუშაობის პერიოდში მოურინიო ასევე გადაეყარა კამპ ნოუს ბინადრებს და ყველაფერი ასევე სკანდალური სცენარით წარიმართა. ჩემპიონთა ლიგის 2004/05 წლების სეზონის 1/8 ფინალში პორტუგალიელი ტაქტიკოსის გუნდმა მოუგო ფრანკ რაიკაარდის შეგირდებს, მაგრამ აღნიშნულმა დუელმა ბევრი კითხვა დატოვა.
განმეორებითი მატჩისთვის სტემფორდ ბრიჯის საფარი იყო საშინელ მდგომარეობაში, რამაც ბარსელონას პრობლემები შეუქმნა. არსებობდა ვარაუდი, რომ ჟოზემ ეს განზრახ გააკეთა. ამის გარდა, ყველაფერი გადაწყვიტა კუთხურის შედეგად ჯონ ტერის გოლმა თავით, რომლის გატანის დროს ჩელსის მოთამაშეები ხელს უშლიდნენ კატალონიელთა იმდროინდელ გოლკიპერს, ვიქტორ ვალდესს.
ერთი წლის შემდეგ, "ბლაუგრანამ" მოახერხა რევანშის აღება, თუმცა აღნიშნული დუელის გარშემო კვლავ ბევრი კითხვა იყო. ისევ საშინელ მდგომარეობაში არსებული სტემფორდის საფარი და ძალიან ხისტად მოთამაშე ლონდონელები, რომელთა უხეშობას ახალგაზრდა ლეო მესი შეეწირა.
არგენტინელ შემტევს პერსონალურად მეურვეობდა ასიერ დელ ორნო, რომლის უხეშობის შედეგად, ახალგაზრდა ფეხბურთელმა სეზონის ბოლომდე ლაზარეთში გადაინაცვლა. რაიკაარდის გუნდმა მოახერხა "არისტოკრატთა" ბარიერის დაძლევა და შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მოგებაც, მაგრამ ინგლისელთა სპეციალისტთან მტრობის ფუნდამენტი უკვე ჩაყრილი იყო.
ბარსელონაში დაბრუნებასთან ახლოს
რამდენიმე წლის შემდეგ, ბარსელონაში, ისევე როგორც ჩელსიში მოხდა მწვრთნელთა გადანაცვლება. ლა ლიგის ბინადრები ეძებდნენ რაიკაარდის შემცვლელს და ამისთვის კატალონიელებს შერჩეული ჰყავდათ ორი სპეციალისტი: ლონდონიდან გაშვებული მოურინიო და "ბლაუგრანას" ბ გუნდში მომუშავე პეპ გუარდიოლა.
პორტუგალიელი მწვრთნელის რეზიუმე იმ მომენტისთვის იყო ძალიან შთამბეჭდავი - პორტუსთან ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა, პლიუს პრემიერ ლიგაში სერ ალექს ფერგიუსონის მანჩესტერ იუნაიტედის ჰეგემონიის დამხობა "არისტოკრატებთან" ერთად. ჟოზეს კატალონიელი კონკურენტი კი იმ მომენტისთვის უბრალოდ დამწყები სპეციალისტი იყო.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კამპ ნოუს ბინადრებმა არჩევანი შეაჩერეს სწორედ სარეზერვო გუნდის იმდროინდელ მწვრთნელზე, სტემფორდ ბრიჯის ბინადართა ყოფილი დამრიგებელი კი უარით გაისტუმრეს. ბარსას ხელმძღვანელების აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მის შემდგომ კარიერაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
დღეს, როცა "განსაკუთრებული" გახდა "საძულველი"
ჩელსიდან გათავისუფლებისა და ბარსელონას უარის შემდეგ, მოურინიოს სამწვრთნელო თავგადასავალი გაგრძელდა ინტერნაციონალეში, ასევე დასამახსოვრებლად და სკანდალურად. როგორც აღვნიშნეთ, პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა მილანელებს მოაგებინა ტრებლი და ყველაზე რთული მეტოქე მათ გზაზე სწორედ კატალონიური კლუბი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნახევარფინალურ დაპირისპირებამდე, "ბლაუგრანა" და "ნერაძური" ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ. გამარჯვებული გამოვიდა გუარდიოლას გუნდი (2:0, 0:0) და ჯგუფშიც პირველ პოზიციაზე აღმოჩნდა. რაც შეეხება უშუალოდ 1/2 ფინალს, ფავორიტად სწორედ კამპ ნოუს ბინადრები მოიაზრებოდნენ.
ამის გარდა, ბარსელონა ხომ მოქმედი ჩემპიონის სტატუსით იყო. როდესაც ვიხსენებთ იმ დაპირისპირებას, არ უნდა დაგვავიწყდეს ბარტერი, რომელიც კატალონიელებმა და მოურინიოს გუნდმა გააკეთეს სეზონის დაწყების წინ: ზლატან იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ სამუელ ეტო'ო + 70 მილიონი.
დავუბრუნდეთ უშუალოდ ორმატჩიან დაპირისპირებას, რომელიც "ბლაუგრანასთვის" იდეალური სცენარით იწყებოდა - ასევე ჯუზეპე მეაცადან გადასული მაქსველ ანდრადეს ასისტით ანგარიში პედრო როდრიგესმა გახსნა. გუარდიოლას გუნდი ამტკიცებდა თავის ფავორიტობას, მაგრამ შემდეგ, ინტერმა ქამბექი შემოგვთავაზა.
მილანელებმა ნახევარი საათის შუალედში კამპ ნოუს ბინადრებს გაუტანეს სამი გოლი და განმეორებითი მატჩისთვის უპირატესობა შეიქმნეს. რაც შეეხება უშუალოდ საპასუხო შეხვედრას, ეს არის დღე, როდესაც "განსაკუთრებული" გახდა "საძულველი". "ნერაძურიმ" გადალახა ბარსას ბარიერი, მაგრამ პორტუგალიელი ტაქტიკოსის სტილში, სკანდალურად.
მოურინიოს გუნდმა კატალონიელების ტიკი-ტაკას დაუპირისპირა კატენაჩო, თანაც აბსოლუტში აყვანილი. იტალიელები თავს იცავდნენ მთელი შემადგენლობით და აღსანიშნავია ისიც, რომ მეაცას ბინადრებმა ეს ყველაფერი 10-კაცით გააკეთეს. სერხიო ბუსკეტსის სიმულაციას შეეწირა ტიაგო მოტა, რის შედეგადაც ინტერი უმცირესობაში დარჩა.
მართალია, 83-ე წუთზე "ბლაუგრანამ" გაარღვია მილანელთა დაცვა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა, მასპინძლებს კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდათ. ამ ყველაფრის შედეგად, გუარდიოლას გუნდი დარჩა ჩემპიონთა ლიგის ფინალის გარეშე, "ნერაძური" კი წინ გავიდა და ჩემპიონიც გახდა.
ჯუზეპე მეაცას ბინადრებთან ტრიუმფის შემდეგ, პორტუგალიელი მწვრთნელი ახალი გამოწვევისთვის წავა მადრიდის რეალში და ბარსელონასთან მტრობას აიყვანს ახალ საფეხურზე, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორია არის. დღეს, ინტერი კვლავ უპირისპირდება კატალონიელებს, მაგრამ მთავარ როლებში უკვე სხვები არიან.















