
ისე, აღსანიშნავი ამბავია, რომ გვარი ფორლანი ურუგვაელი გულშემატკივრისთვის დიეგოთი არ დაწყებულა. მამამისი პაბლოც ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ და ნაკრებშიც არაერთხელ უთამაშია. თავის მხრივ, უფროსი ფორლანი, წარსულში კიდევ ერთი ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ხუან კარლოს კორასოს, სიძე გახლდათ. კი, ეს ის კორასოა, ურუგვაის ორჯერ კოპა ამერიკა რომ მოაგებინა და ეროვნულ ნაკრებს 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ უხელმძღვანელა. ფაქტი იყო, რომ დიეგოს ფეხბურთის ნიჭი არამარტო სახელში, არამედ გენებშიც გააჩნდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, 12 წლამდე ფორლანს არა ფეხბურთი, არამედ ჩოგბურთი იტაცებდა. 12 წლის ფორლანის ცხოვრებაში კი მოხდა, ის, რამაც მისი მთელი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. 1991 წლის 14 სექტემბერს, მისი უფროსი და ავარიაში მოყვა, მისი გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ეტლს მიჯაჭვული აღმოჩნდა. ფორლანის ოჯახმა, რომელიც საკმარისად შეძლებული გახლდათ, მთელი თანხა მკურნალობაში დახარჯა, რამაც, ისინი მძიმე ფინანსურ მდგომარეობამდე მიიყვანა. ამ სიტუაციის დაძლევაში ფორლანებს ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა დაეხმარა, რომელმაც საქველმოქმედო მიზნებით მათი ოჯახისთვის საკმაო თანხა მოაგროვა. უფროს დიეგოს, არც უმცროსი ჩამორჩა და გადაწყვიტა, რომ ოჯახის სიტუაციიდან გამომდინარე ფეხბურთს უფრო სერიოზულად მოკიდებოდა და წარმატებისთვის წინაპართა გზაზე სვლით მიეღწია.

სათქმელია, რომ დიეგო ფორლანის საფეხბურთო დებიუტი არა საკუთარ, არამედ დიეგო მარადონას სამშობლოში შედგა - ინდეპენდიენტეს რიგებში. 19 წლის ფორვარდისა და ლეგენდარული არგენტინელი 10-იანის კიდევ ერთი გადაკვეთა იმაში გამოიხატა, რომ სადებიუტო შეხვედრაში ფორლანის გუნდი სწორედ მარადონას აღმზრდელ კლუბს, არგენტინოს ხუნიორსს, უპირისპირდებოდა. არგენტინულ კლუბში ურუგვაელმა ჯამში 80 შეხვედრა ჩაატარა და თავი 37 გოლსაც მოუყარა, რამაც მას გზა ინგლისამდეც გაუხსნა. ფორლანის ინგლისში გადაბარგებას წინ ძალიან საინტერესო პერიპეტიები უძღოდა. არგენტინულმა კლუბმა ტრანსფერი მიდლსბროსთან შეათანხმა და მოთამაშეც ინგლისში ჩაფრინდა, რათა ახალ კლუბთან კონტრაქტი გაეფორმებინა. არსაიდან კი საქმეში მანჩესტერ იუნაიტედი ჩაერთო, ბოროს აჯობა და დიეგოც მანჩესტერულ გუნდში აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სერ ალექსს ფორლანის ტრანსფერი მისმა ძმამ, რობერტ ფერგიუსონმა ურჩია, რომელიც იმ დროისათვის კლუბის სასკაუტე სისტემაში მუშაობდა. ზოგადად, კარიერის ნებისმიერ ეტაპზე, დიეგო ფორლანი ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და პირდაპირი მოთამაშე გახლდათ, ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, თუ რატომ იუნაიტედი და არა მიდლსბრო, ურუგვაელმა უბრალოდ უპასუხა, რომ მანჩესტერი უფრო დიდი კლუბია და მათი შემოთავაზება ფინანსურად ბევრად მსუყე გახლდათ.
მიუხედავად იმისა, რომ ფორლანმა „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრებს თავი თავდადებული თამაშითა და ბოლომდე ბრძოლით საკმაოდ შეაყვარა, მისი კარიერა ინგლისში მაინც ვერ აეწყო. 98 ჩატარებულ მატჩში ურუგვაელმა ფორვარდმა მხოლოდ 17 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. მის მანჩესტერულ კარიერაში კი გამორჩეული მატჩი მაინც 2002 წლის დეკემბერში, ენფილდზე ჰქონდა. 3-წუთიან მონაკვეთში ფორლანის მიერ გაფორმებულმა დუბლმა მანჩესტერელებს ისტორიული მეტოქის სტუმრად დამარცხება, ხოლო, თუ გარი ნევილს სიტყვაზე ვენდობით, დუბლის ავტორს ფანების მეხსიერებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში უკვდავება გაუნაღდა. მართლაც, მანჩესტერის ფანები ფორლანს ვალში არ დარჩნენ და ამ დიდებული მომენტის გასახსენებლად მას მცირე ტექსტიც კი მიუღძვნეს - Diego Forlan, he came from Uruguay, he made the Scousers cry.

საინტერესოა ფორლანის მანჩესტერიდან წასვლის მიზეზიც. ამაზე პასუხი თავად ურუგვაელმა ფორვარდმა გაგვცა. მისი ბოლო მატჩი ინგლისური კლუბის მაისურით ლონდონის ჩელსისთან შედგა, მატჩის წინ ფერგიუსონმა მოთამაშეები გააფრთხილა, რომ მოედნის საფარიდან გამომდინარე უმჯობესი იქნებოდა, თუ გრძელი შიპებით ითამაშებდნენ, დიეგოს თქმით კი მას მოკლეშიპებიანი ბუცებით თამაში ბევრად ეკომფორტულებოდა, ამიტომ სერ ალექსის მითითებებსაც არ მიჰყვა, თამაშის მიმდინარეობისას კი ამის გამო ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა და დარტყმის მომენტში ფეხი მინდორზე აუსრიალდა. როცა გასახდელში მყოფმა ლეგენდარულმა შოტლანდიელმა დაინახა, თუ რა ზომის შიპები ჰქონდა დიეგოს, ადგა და მისი ბუცები უბრალოდ გადაყარა. ამ ფაქტის შემდეგ ფორლანს მანჩესტერში აღარ უთამაშია და სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ესპანეთს, ქალაქ ვილიარეალს მიაშურა.

კონფუცის უთქვამს - ჩვენი ყველაზე დიდებული მიღწევა ის კი არაა, რომ არასდროს წავქცეულვართ, არამედ ის, რომ ყველა წაქცევის შემდეგ ისევ ფეხზე დადგომა შევძელითო. სწორედ ეს სიტყვები აასრულა ფორლანმა ესპანეთში გადასვლის პირველივე სეზონში. სადებიუტო სეზონში 25 გატანილი გოლით, მან პიჩიჩის ჯილდო და ოქროს ბუცი დაისაკუთრა (ტიერი ანრისთან ერთად). ვილიარეალმა კი ლა ლიგაში საუკეთეს შედეგი აჩვენა და ცხრილში მესამე პოზიცია დაიკავა. შედეგად გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა, სადაც დიეგო ფორლანისა და ტიერი ანრის გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში. საბოლოოდ ლონდონელებმა გაიმარჯვეს. „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ისტორიული სვლა ფინალამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯით ადრე შეჩერდა.
ვილიარეალის შემდეგ იყო მადრიდული გაჩერება, კერძოდ კი ატლეტიკო, სადაც ურუგვაელმა თავდამსხმელმა 4 სრული სეზონი დაჰყო და კლუბს ორი ევროპული ტიტულის - UEFA ევროპა ლიგისა და UEFA სუპერ თასის მოგებაშიც დაეხმარა. თავად მან კი კიდევ ერთი, რიგით მეორე ოქროს ბუცი დაისაკუთრა, ამჯერად 2008/09 წლების სეზონში, სადაც „როხიბლანკოს“ მაისურით 32 გოლის გატანა მოახერხა. მოიგო პიჩიჩი და ოქროს ბუცი ორჯერ ორ ესპანურ გუნდში ისე, რომ მათგან არცერთი იყოს რეალი ან ბარსელონა, ეს აქამდე მხოლოდ დიეგო ფორლანმა შეძლო.

ასეთ სახასიათო მოთამაშეს კარგი სანაკრებო კარიერა, რომ არ ჰქონოდა, ძალზედ უცნაური იქნებოდა და დიეგომ არც აქ დაგვაღალატა. მისი გამორჩეული პერიოდი ურუგვაის რიგებში სწორედ ატლეტიკოში თამაშის პერიოდს დაემთხვა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურმა ბურთმა, ჯაბულანმა, რომ მოთამაშეებში დიდი რეზონანსი და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია, ეგ ამბავი ბევრს გემახსოვრებათ. დიეგო ფორლანს კი ბევრი ამ საკითხზე არ უსაუბრია, თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე ატლეტიკოს ვარჯიშების შემდგომ ის მინდორზე რჩებოდა და ცდილობდა ბურთისთვის დამახასიათებელი ელემენტები კარგად შეეთვისებინა და სათავისოდ გამოეყენებინა, ამ ვარჯიშმა კი როგორი შედეგი გამოიღო, უმეტესობას ეგეც გემახსოვრებათ. ფორლანი აღნიშნულ ჩემპიონატზე უბრალოდ დაფრინავდა.
მისი თამაშის შემხედვარე იფიქრებდი, რომ საქმე მსოფლიო დონის ვარსკვლავთან გვქონდა (სიმართლისგან შორს არ ვყოფილვართ). თან ეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩემთვის, ასაკიდან გამომდინარე, პირველი იყო და ისეთი ლამაზი გოლები, როგორიც ფორლანმა სამხრეთ აფრიკასა და განას, გნებავთ ნიდერლანდებსა და გერმანიას გაუტანა, ორმაგად ლამაზად დამამახსოვრდა, ურუგვაის ნაკრებისა და თავად დიეგოსადმიც კი დიდი სიმპათიებიც გამიჩინა.

თუმცა, ანდერდოგების სვლა 1/2 ფინალში დასრულდა და სამხრეთამერიკელები ოდენ მე-4 ადგილს დასჯერდნენ, ხოლო მათმა ლიდერმა და 10-იანმა კი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო დაიმსახურა. ისე, ჯაბულანის მორჯულება შესაძლოა ჰაერის ნამდვილ მბრძანებელს „ავატარიდან“ - აანგსაც გასჭირვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ცისფერი ფერი მისთვისაც არ იყო უცხო. ფორლანის თამაშმა კი მაშინ ეჭვები გამიჩინა, მართლაც ის ხომ არ იყო ჰაერის მბრძანებელი რეალურ სამყაროში. მისი დარტყმული ბურთები ისეთი მოზახული ტრაექტორიებით გადიოდა მეტოქეთა კარებში, კომპიუტერით კარგად დამუშავებულ ვიდეოებშიც კი რთული გასაკეთებელი რომ იქნებოდა. წინა წელს დაწყებული საქმე კი ურუგვაიმ ლოგიკურ დასასრულამდე 2011 წელს მიიყვანა და 16-წლიანი პაუზის შემდგომ ამ საუკუნეში ჯერჯერობით კოპა ამერიკის ერთადერთი ტიტული მოიგო. დიეგო ფორლანმა ფინალში დუბლის შესრულება შეძლო.
2011 წლის კოპა ამერიკის შემდგომ კი დიეგოს კარიერა რეგრესისკენ წავიდა, გამართლებული არ აღმოჩნდა მისი ინტერში ტრანსფერი, სადაც მან სამუელ ე’ტოოს ჩანაცვლება ვერ შეძლო. შემდეგ იყო უამრავი კლუბი თუ ქვეყანა - ბრაზილიური ინტერნასიონალი, იაპონური სერეზო ოსაკა, ურუგვაული პენიაროლი, ინდური მუმბაი სითი და ჰონგ კონგის კიტჩე, სადაც ერთ დროს ურუგვაის საუკეთესო ბომბარდირმა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ კარიერა დაასრულა კიდეც.
2011 წლის კოპა ამერიკის შემდგომ კი დიეგოს კარიერა რეგრესისკენ წავიდა, გამართლებული არ აღმოჩნდა მისი ინტერში ტრანსფერი, სადაც მან სამუელ ე’ტოოს ჩანაცვლება ვერ შეძლო. შემდეგ იყო უამრავი კლუბი თუ ქვეყანა - ბრაზილიური ინტერნასიონალი, იაპონური სერეზო ოსაკა, ურუგვაული პენიაროლი, ინდური მუმბაი სითი და ჰონგ კონგის კიტჩე, სადაც ერთ დროს ურუგვაის საუკეთესო ბომბარდირმა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშემ კარიერა დაასრულა კიდეც.

კარიერის დასრულების შემდეგ დიეგო ბავშვობის ოცნებას დაუბრუნდა და ხელში ჩოგანი აიღო. წლევანდელ წლამდე იგი მხოლოდ ვეტერანთა ტურნირებზე იღებდა მონაწილეობას, წელს კი ურუგვაიში 11-17 ნოემბერს მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზეც ითამაშა - აწ უკვე პროფესიონალურ დონეზე. ფაქტია, დიეგო ფორლანი ყოველმხრივ და ყველა სპორტში ნიჭიერი ადამიანია, ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ წარმატებები ვუსურვოთ მას და ამჯერად მისი თამაშით არა ფეხბურთის, არამედ ჩოგბურთის ბურთითა თუ ჩოგანის გამოყენებით დავტკბეთ.















