ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეექვსე ტურში რეალ მადრიდი საკუთარ კედლებში მანჩესტერ სიტის მიიღებს. ყურადღების ცენტრში ტრადიციულად იქნებიან კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი, რომლებიც შერაცხულები არიან ახალი თაობის ლიდერებად და ბალონ დ'ორის მომავალ მფლობელებად.
ფრანგი და ნორვეგიელი თავდამსხმელების გარდა, ეპიცენტრში იქნება ჯუდ ბელინგემიც, რომელმაც ორივე მათგანის შესაძლებლობები ძალიან კარგად იცის. პარის სენ-ჟერმენის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთან ინგლისელი ფლეიმეიქერი თამაშობს ახლა, "სამეფო კლუბში", "ქალაქელთა" ფორვარდთან კი ის დორტმუნდის ბორუსიაში ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების გამთამაშებელს ორივე მათგანის გვერდით ჩატარებული აქვს 63 - 63 მატჩი და ამის გარდა, ორივეს მან 7 - 7 ასისტი გაუკეთა. ვინ არის 22 წლის დირიჟორის ორკესტრის მთავარი მევიოლინე: საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მე-10 ნომერი თუ პეპ გუარდიოლას გუნდის ამჟამინდელი 9-იანი?
მომავლის ფეხბურთელების ტრამპლინი დორტმუნდში
ბელინგემი დორტმუნდში გადავიდა 2020 წლის ზაფხულში და ჰოლანდი იმდროისთვის ბუნდესლიგაში უკვე გაშინაურებული იყო. ინგლისელი ფლეიმეიქერის მოსვლამდე, ნორვეგიელმა ფორვარდმა ბორუსიაში 18 შეხვედრაში 16 ბურთის შეგდება მოასწრო. რა მოხდა შემდეგ? ბირმინგემის აღზრდილი ნახევარმცველის გადმობირების მომენტიდან ვესტფალიელთა გოლეადორმა 71 თამაშში მეტოქეების კარი 70-ჯერ აიღო.
როგორც აღვნიშნეთ, უშუალოდ 22 წლის გამთამაშებლის გადაცემებით სიგნალ იდუნა პარკის ბინადრების ცხრიანმა შვიდი გოლი გაიტანა. გამოსარჩევია ისიც, რომ იმ შეხვედრებიდან, რომლებშიც დორტმუნდის 22-ე ნომერი "ვიკინგს" უკეთებდა ასისტს, გერმანულმა გუნდმა წააგო მხოლოდ ერთი, 2021 წლის დეკემბერში გამართული დუელი მიუნხენის ბაიერნთან, 2:3.
25 წლის თავდამსხმელი და ბელინგემი ბორუსიას ერთობლივი ძალებით 2021 წელს დაეხმარნენ გერმანიის თასის მოპოვებაში და ცნობისთვის, იმის შემდეგ, აღნიშნულ გუნდს ტიტული არ მოუგია. ჰოლანდმა და ინგლისელმა ფლეიმეიქერმა ვესტფალიაში ერთად გაატარეს 2 სეზონი, რის შემდეგაც ახალგაზრდა გოლეადორი სიტიში გადავიდა.
ნორვეგიელი თავდამსხმელისა და ჯუდის თანამშრომლობა გამოდგა ხანმოკლე, თუმცა საოცრად ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი. ისინი დღემდე რჩებიან მეგობრებად და საინტერესოა, რომ ერლინგი აქტიურად ცდილობდა სიგნალ იდუნა პარკის ბინადრების ფლეიმეიქერის მანჩესტერულ კლუბში გადმოსვლაზე დაყოლიებას, მაგრამ მან რეალი აირჩია.
ბორუსიადან წასვლის შემდეგ, "ქალაქელების" თავდამსხმელი და მადრიდელთა ხუთიანი საფეხბურთო მოედანზე ერთმანეთის პირისპირ უკვე მეტოქეების რანგში აღმოჩენილან. 22 წლის ფლეიმეიქერის "სამეფო კლუბში" გადასვლის შემდეგ, გუარდიოლას გუნდის მე-9 ნომერმა მის წინააღმდეგ ითამაშა 3 შეხვედრა და ვერცერთი ვერ მოიგო.
ვნახოთ, რა იქნება ამჯერად, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეექვსე ტურში, სადაც "ვიკინგი" დაუპირისპირდება დირიჟორი ბელინგემის ახალ მთავარ მევიოლინეს, მბაპეს. ორივე ფორვარდი მიმდინარე სეზონში უბრალოდ საუცხოო ფორმაშია: 25 წლის გოლეადორმა 20 შეხვედრაში მოასწრო 20 ბურთის შეგდება, ფრანგმა შემტევმა კი 21 თამაშში მეტოქეების კარი 25-ჯერ აიღო.
ახლა ან არასდროს მბაპესთან ერთად
თუ ჰოლანდისთვის ბელინგემი გამოჩნდა სუპერვარსკვლავობის ტრამპლინზე, მბაპეს გზები მასთან უკვე კარიერის პიკში გადაიყარა. უკვე წლებია, რაც ფრანგი ფორვარდი ინარჩუნებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის სტატუსს და ყოველ ჯერზე მას მთავარი საკლუბო ტურნირისა და ბალონ დ'ორის მოგებას უწინასწარმეტყველებენ.
ფაქტად რჩება ის, რომ კილიანის კარიერაში ჯერ არც ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი ყოფილა და არც ოქროს ბურთის აღება. მას აღარ აქვს დასაკარგი დრო და პარის სენ-ჟერმენიდან რეალში მონაკოს აღზრდილი ფორვარდი სწორედ ტიტულების მოგებისთვის გადმოვიდა. მადრიდელთა მე-10 ნომერს ამ ყველაფერში ინგლისელი ფლეიმეიქერი ეხმარება.
"დონატელომ" ჯუდის გვერდით უკვე მოასწრო 63 მატჩის ჩატარება და მისგან შვიდი საგოლე გადაცემის მიღება. როგორც აღვნიშნეთ, ნორვეგიელ ფორვარდს ინგლისის ეროვნული გუნდის ფლეიმეიქერთან დორტმუნდში ჰქონდა იგივე სტატისტიკა, რაც 26 წლის შემტევს აქვს მასთან ახლა, "სამეფო კლუბში".
განსხვავება არის იმაში, რომ ერლინგისა და სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების ხუთიანის თავგადასავალი ბორუსიაში დასრულდა დიდი ხნის წინ, მბაპესთან მიმართებაში კი ყველაფერი ახლა იწყება. ერთობლივი ძალებით ტიტულების მოგების პირველი მცდელობა გამოდგა წარუმატებელი, კარლო ანჩელოტის გუნდმა შარშან ყველა ფრონტზე წააგო.
რეალის ფეხბურთელები იმსახურებდნენ კრიტიკას, თუმცა არა ფრანგი თავდამსხმელი, რომელმაც ახალი გუნდის მაისურით სადებიუტო სეზონში 59 შეხვედრაში 44 ბურთი შეაგდო. კილიანი აღნიშნული მაჩვენებლით გახდა ყველაზე შედეგიანი დებიუტანტი მადრიდელთა ისტორიაში.
"სამეფო კლუბის" თავდამსხმელი ძალიან კარგ ფორმაშია მიმდინარე სეზონშიც და ის 22 წლის გამთამაშებლის პოტენციალსაც სრულფასოვნად იყენებს. შარშან მათ კავშირს ხელს უშლიდა მხრის ტრავმა, რომელიც ბელინგემს არ ასვენებდა პრაქტიკულად მთელი სეზონის მანძილზე, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.
ინგლისელი გამთამაშებელი უბრუნდება ფორმას, რომელშიც ის იყო სანტიაგო ბერნაბეუზე გატარებულ სადებიუტო სეზონში, საფრანგეთის ეროვნული გუნდის მე-10 ნომერი კი უბრალოდ შეუჩერებელია. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ჯუდი "დონატელოს" მიყვანას ნანატრ 2 ტიტულამდე.















