ლივერპულმა ფრთები გაშალა, ალბათ იმიტომ, რომ კლოპი სწორ დროს წავიდა, დავიღალეო თქვა და წავიდა, გუარდიოლას კი ეტყობა, რომ ენერგია აღარ შერჩა, თითქოს ხათრით დატოვებულს ჰგავს, თითქოს ის პროექტიც მთავრდება, რომელსაც წლების წინ ჩაუყარეს საფუძველი და ბარსელონელები გადაიბირეს - ფერან სორიანო, ჩიკი ბეგირისტაინი, პეპ გუარდიოლა. ეს დიდი პროექტი წესით მესის ტრანსფერით უნდა დაგვირგვინებულიყო, მაგრამ არ გამოვიდა, სულ ცოტა დააკლდა მაშინ მუბარაქს.

ამ დროის განმავლობაში პეპის მთავარ მეტოქედ ლივერპული ჩამოყალიბდა. სიტი პრემიერ ლიგაში ჩაგრავდა, სულ მცირე ქულით, ეგეც, ალბათ, გრძელი სკამის მეშვეობით, ეგეც, განუსაზღვრელი ფინანსებით, თორემ, ურთიერთშეხვედრებში ლივერპულს არასდროს ჩაუხრია თავი. განვლილ დეკადაზე ნამდვილად ეს ორი კლუბი და ორი მწვრთნელი გაახსენდება ადამიანს, ჰოდა, მოდი, სხვა დეკადებიც გავიხსენოთ.
1960-იანები: მანჩესტერ იუნაიტედი VS. ლივერპული (მეტ ბასბი VS. ბილ შენკლი)
სამი მეფე - ასე უწოდებენ დიდ შოტლანდიელ მწვრთნელებს - ჯოკ სტეინს, მეტ ბასბისა და ბილ შენკლის. ამავე სახელწოდების წიგნი დაიწერა ლეო მონიჰენის ავტორობით, შემდეგ კი დოკუმენტური ფილმიც იხილა მაყურებელმა. სტეინის სელტიკზე უკვე ვწერდით, 1967 წელს ყველა ტიტულის მოგება შეძლეს, განსაკუთრებით აღსანიშნავი ჩემპიონთა თასია. ეგ შოტლანდიური ამბავია, და როგორც სელტიკის ფეხბურთელები იყვნენ ერთი უბნიდან, ასე ეს სამი დიდი კაციც 20 მილის რადიუსში დაბადებულა. თუმცა, სტეინისგან განსხვავებით შენკლიმ და ბასბიმ ინგლისში უფრო დიდი სახელი დატოვეს.
ბასბისგან და შენკლისგან იწყება ლივერპულისა და მანჩესტერის ოქროს ხანა, იმ საფუძვლის ჩაყრა და კულტურის ჩამოყალიბება, რომელმაც დღემდე ლიდერებად მოიყვანა ეს კლუბები. იუნაიტედს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ უფრო რთული დროც დაუძლევიათ. მეტ ბასბიმ ორი ეპოქის შექმნა მოასწრო მანჩესტერში, 50-იანებსა და 60-იანებში. აბსოლუტურად განსხვავებული გუნდებით. 50-იანებში სამჯერ შეძლო ინგლისის ჩემპიონატის მოგება (1951/52, 1955/56, 1956/57 წლების სეზონში) და კაცმა არ იცის კიდევ რამდენს მოიგებდა რომ არა მიუნხენის ტრაგედია, 1958 წლის თებერვალში. მანჩესტერის რვა ფეხბურთელი დაიღუპა, სამწვრთნელო გუნდის სამი წევრი. იუნაიტედის ვარსკვლავი დანკან ედვარდსი უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, კიდევ ორი კვირა იცოცხლა, შემდეგ კი გარდაიცვალა. ედვარდსი სულ რაღაც 21 წლისა იყო. შეიძლება ითქვას რომ დიდი მანჩესტერი ტრაგედიიდან დაიბადა. ბასბის მთელი დეკადა დასჭირდა მანჩესტერი ისევ კონკურენტუნარიან გუნდად ექცია, ტრაგედიიდან ცხრა წელში ისევ შეძლო ინგლისის ჩემპიონატის მოგება - ბობი ჩარტლონის, ჯორჯ ბესტისა და დენის ლოუს თაოსნობით. შემდეგ კიდევ ერთი ტრიუმფის ჯერი მოვიდა 1966/67 წლების სეზონში. ერთი წლის შემდეგ კი გვირგვინიც დაიდგეს - ჩემპიონთა თასი მოიგეს.

1963-დან 1967 წლამდე რიგრიგობით იგებდნენ ჩემპიონატს მანჩესტერი და ლივერპული. ორი შოტლანდიელი - ბასბი და შენკლი. ლივერპულის ხელახალი დაბადებაც ბილ შენკლის უკავშირდება, გუნდი მეორე დივიზიონში იყო გავარდნილი, როცა შენკლის ჩააბარეს. კლუბის პრეზიდენტი ტომ უილიამსი მივიდა მაშინ ჯერ კიდევ ჰადერსფილდის მწვრთნელთან და უთხრა: „რას ფიქრობ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი რომ ჩაიბარო?!" - შენკლიმ კი უპასუხა: „ნუთუ მეტ ბასბი მანჩესტერს ტოვებს?"
ასეთი პირდაპირი კაცი იყო, პრეზიდენტს მიახვედრა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი მეორე დივიზიონში ვერ იქნებოდა, მიახვედრა რომ წინ დიდი გზა და ბევრი დაბრკოლება ელოდათ. შოტლანდიელმა ჩაიბარა გუნდი და 1962 წელს პირველ დივიზიონში დააბრუნა, ასე დაიწყო წითელი ომი - იუნაიტედსა და ლივერპულს შორის. თუმცა, შოტლანდიელთა გამო ეს იყო დიდი პატივისცემით განმსჭვალული პერიოდი, მიუხედავად გაავებული ბრძოლებისა. შენკლის მეტ ბასბი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად მიაჩნდა, ხოლო, ბასბი ერთი კვირა არავის ელაპარაკებოდა, როცა შენკლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
იუნაიტედის ყოფილი შეგირდი ლი შარპი ამბობს: „ეს არ არის მხოლოდ ორი კლუბის ამბავი, ეს ორი ქალაქის ამბავია, ორი დიდი ისტორიის, ორივე კლუბის ქომაგს მიაჩნია, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. ძალიან დიდი ეგო დევს სასწორზე."
1970-იანები: ლივერპული VS. ნოტინგემი (ბობ პეისლი VS. ბრაიან კლაფი)
იყო დიდი სიძულვილი ლიდსსა და ჩელსის შორის 70-იანების დასაწყისში, იყო დერბის გაელვება ბრაიან კლაფის ხელმძღვანელობით, მაგრამ 70-იანებს თუ ვახსენებთ, მეტწილად დეკადის მიწურული და ლივერპული - ნოტინგემის ამბები გაგვახსენდება. უკვე ვწერდით ბრაიან კლაფზე, ლივერპულთან და პეისლისთან დუელიც ვახსენეთ, რომელთაც ყველა ტურნირზე ებრძოდნენ, ეს ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ოქროს ხანა იყო და ჩემპიონთა თასებიც ჩამოირიგეს. პეისლიმ სამჯერ შეძლო მთავარი ევროპული ტურნირის მოგება, კლაფმა ორჯერ. ჩემპიონატში დიდად საქები ბრძოლები იმართებოდა, მაგრამ პეისლი ისე ჩაგრავდა კლაფს, როგორც პეპი კლოპს. თასი როგორც წესი, ლივერპულს რჩებოდა. მიზეზი იდენტურია - ლივერპულს მეტი რესურსი ჰქონდა.

„როცა პირველ დივიზიონში დავწინაურდით კონკურენცია მაშინვე არ გვქონია, ყველაფერი მოგვიანებით დაიწყო, როცა სათავეში აღმოვჩნდით, ისე აღიქვეს თითქოს დაუპატიჟებლად ვეწვიეთ წვეულებას და ლივერპულს იუბილე ჩავუშალეთ, რთული მატჩები იყო, ფიზიკური ორთაბრძოლის თვალსაზრისით ყველაფერს ვაკეთებდით, რაც კი შეიძლება საფეხბურთო მოედანზე წარმოიდგინოთ, დღეს ასე თამაშს არავინ შეგარჩენს.“ - იხსენებს ნოტინგემის მცველი კოლინ ბარეტი.
„ნოტინგემი რა გუნდი იყო? ჩემს თავს ვეუბნებოდი, ჯანდაბა, არ მსურს ჯონ რობერტსონისა და ჯონ მაკგოვერნის წინააღმდეგ ყოველ დღე ვთამაშობდე. ჯონ რობერტსონი დღეს 100 მილიონი ეღირებოდა.“ - ამბობს ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი ალან კენედი.
ლივერპულთან ნოტინგემი ყველა შესაძლო ტურნირზე გადაიკვეთა, მთავარი კი ჩემპიონთა თასის მატჩი იყო, ლივერპულს ორჯერ ზედიზედ ჰქონდა მოგებული, ნოტინგემი კი პირველად თამაშობდა ამ ტურნირზე, ბევრი თვლიდა რომ ლივერპული ზედიზედ მესამე თასსაც შეწვდებოდა, მაგრამ წილისყრამ პირველივე ეტაპზე ნოტინგემს შეახვედრა, ესე იგი, იმ გუნდს, რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა. ბრაიან კლაფმა ბობ პეისლი მთავარ ტურნირზე დაამარცხა. ეს გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა ფინალისკენ სავალ გზაზე, ლივერპულზე ძლიერი ვეღარავინ შეხვდებოდათ და მოიგეს კიდეც ფინალი.
80-იანები: ლივერპული VS. ევერტონი (კენი დალგლიში VS. ჰოვარდ კენდალი)
როდესაც კენი დალგლიშმა მეორედ ჩაიბარა ლივერპული, მერსისაიდული დერბის წინ ჰკითხეს, რა იყო მისი საფეხბურთო მოღვაწეობის ყველაზე ლამაზი სურათი, ყველაზე შთამბეჭდავი მოგონება, ჰკითხეს კაცს, რომელსაც საფეხბურთო კარიერაში ყველაფერი აქვს ნანახი. დალგლიშმა უპასუხა - „მახსოვს როგორ მიჰყავდა მერსისაიდულ დერბიზე კაცს ორი ბიჭი, ერთი წითელ, მეორე კი ლურჯ ფორმაში, 1986 წლის ასოციაციის თასის ფინალზე დასასწრებად“. ერთი ოჯახი, ერთი ქალაქი, ორი ტრადიცია.
მერსისაიდული ომი 80-იანების შუაწელს დაიწყო, ლივერპულის მესამე თაობა დალგლიშმა ჩაიბარა, ის მიიჩნიეს შენკლისა და პეისლის მემკვიდრედ. ხოლო მერსისაიდის ლურჯი მხარე ისტორიაში არასდროს ყოფილა ასე დიადი, ევერტონის აღმასვლა ჰოვარდ კენდალის სახელს უკავშირდება, რომელმაც ყველა ტურნირზე თქვა თავისი სიტყვა და დიდი ალბათობით ჩემპიონთა თასზეც გაიბრწყინებდა მისი ევერტონი, მაგრამ ზუსტად იმ დროს, როცა ევერტონმა დუბლი შეასრულა (მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და თასების მფლობელთა თასი), ეიზელის ტრაგედია დატრიალდა. 1985 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში, ლივერპულსა და იუვენტუსს შორის გასამართ მატჩში, ინგლისელი ქომაგების აგრესიას ქაოსი, და საბოლოოდ ტრიბუნის ჩამოშლაც მოჰყვა, რასაც 39 ადამიანი ემსხვერპლა. ინგლისურ კლუბებს ხუთი წლით აუკრძალეს ევროთასებზე გამოსვლა. ასე დარჩა კენდალის დიდი ევერტონი მთავარი ტურნირის მიღმა.
ყველა დერბი სასაკლაოს ჰგავდა, დალგლიში აკეთებდა იმას, რასაც მოგვიანებით სერ ალექსმა მიჰყო ხელი - ლივერპულის ფეხბურთელებს უკრძალავდა ევერტონის მოთამაშეებთან ურთიერთობას, ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ, მაგრამ მტრებივით. ლივერპულის ლეგენდა ჯონ ბარნსი იხსენებს - „კარგი თამაშები, როგორც წესი, არ ყოფილა, ყოველთვის ზედმეტი ემოცია იყო, ეს კიდევ არ არის სწორი, მერე რა რომ ევერტონია?! - მესმის რატომ იყო ქომაგისთვის ასე მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მეტი რაციონალიზმი გვმართებდა, დერბიში ყოველთვის უფრო გულით თამაშობ, ვიდრე ტვინით, ეს კიდევ სახიფათოა.“

კენდალმა ორჯერ შეძლო ჩემპიონატის მოგება, 1985 და 1987 წლებში. ასევე მოიგო ასოციაციის თასი 1984 წელს, და მოიგო თასების მფლობელთა თასი 1985 წელს. ამავე პერიოდში, კენი დალგლიშმა სამჯერ მოიგო ჩემპიონატი - 1986, 1988 და 1990 წელს. მეფე კენიმ სამჯერ ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში და ორი მოიგო, ორივე ევერტონს მოუგო ფინალში. აკი, სწორედ '86 წლის ფინალი გაიხსენა ლივერპულში მეორედ მოსვლისას, განსაკუთრებით ტკბილი გამოდგა, რადგან ევროტურნირის გარეშე დარჩენილი ინგლისელები ბოლომდე საკუთარ ჩემპიონატში იხარჯებოდნენ, მთავარი მეტოქე ყველგან ევერტონი იყო. ფინალის მერე ჰოვარდ კენდალმა თქვა - „არ ვიტყვი რომ სეზონი არაფრით დავასრულეთ, ეს დიდებული სეზონი იყო, ჩემპიონატში ბოლომდე ვიბრძოლეთ და მეორეზე გავედით, უემბლიზე ფინალი ვითამაშეთ, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როცა ნახავ საბოლოოდ ვინ შეასრულა დუბლი.“

კენი დალგლიშისთვის ეს პირველი სეზონი იყო ლივერპულის თავკაცის რანგში, - „დუბლი პირველივე წელს წარმოუდგენელი სიხარულია, ძალიან ბედნიერი ვარ ფეხბურთელებისა და საკუთარი თავის გამო. ევერტონს კი ქება ეკუთვნის, ჩვენ შორის მხოლოდ პატივისცემაა.“ - ასე დაიწყო დალგლიშისა და კენდალის დუელი, რომელიც მაინცდამაინც დიდხანს ვერ გაგრძელდა. რომ არა ინგლისური კლუბების დისკვალიფიკაცია ევროთასებიდან, ევერტონი უფრო დიდხანს შეძლებდა მწვერვალზე დარჩენას. მას მერე მერსისაიდის ლურჯი მხარე ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა.
90-იანები: მანჩესტერ იუნაიტედი VS. არსენალი (ფერგი VS. ვენგერი)
90-იანების პირველ ნახევარში ვერავინ შეძლო მანჩესტერ იუნაიტედისთვის კონკურენციის გაწევა, თითქოს დალგლიშის ბლექბერნმა გამოანათა, მაგრამ ალან შირერის წასვლის მერე ბლექბერნიც დაღმა წავიდა, ფერგის მანჩესტერის გამჩერებელი გუნდი კი არ ჩანდა. 90-იანების შუაწელს ლონდონის არსენალში არსენ ვენგერი მოვიდა და ეპოქალური გუნდის შენებაც დაიწყო, დიდი დინასტია დაიწყო, მანჩესტერ იუნაიტედისა და არსენალის დაპირისპირება კი კლასიკად იქცა. ამ დროის განმავლობაში ვენგერმა და ფერგიმ რამდენიმე ფორმაციის კლუბი ჩამოაყალიბეს - ოვერმარსი, ანელკა, ბერგკამპი და ემანუელ პეტი, ეს არსენალის პირველი ჩემპიონობის დროს ძირითადი ბირთვია, მეორე ჩემპიონობის დროს უკვე მუშკეტერები მოვიდნენ და სულ სხვა ისტორიაც დაიწერა.

90-იანების მიწურულს დაიწყო და 2000-იანების დასაწყისამდე გაგრძელდა. რამდენიმე სურათია, რომელიც არასდროს დაავიწყდება ადამიანს - ანრის ზღაპრული გოლი ჰაიბერიზე, ოვერმარსისა და ვილტორდის საჩემპიონო გოლები მანჩესტერის კარში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმაციის არსენალის შემადგენლობაში. კინისა და ვიერას გაწევ-გამოწევა ჰაიბერის ვიწრო გვირაბში. ნისტელროის გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი და მატჩისშემდგომი ჩხუბი სტადიონზე.

ამის შედეგად არსენალის წაუგებელი სეზონი და დიდი შურისძიება ოლდ ტრაფორდზე. ბარტეზის ორი მძიმე შეცდომა და ანრის ცინიკური გამოხედვა. დევიდ ბექემის წარბიც არსენალთან თამაშს უკავშირდება და ცნობილი პიცაგეიტიც. განადგურებული არსენალი ოლდ ტრაფორდზე, გაძევებული არსენ ვენგერი და გახარებული იუნაიტედის ქომაგი. ყველაფერი ამ კლუბების ირგვლივ ტრიალებდა. თუმცა, ვენგერმა მაინც ვერ შეძლო დიდხანს ყოფილიყო ფერგის კონკურენტი, ეგეც რესურსის ამბავია, არსენალი მთავარ ვარსკვლავებს ვერასდროს ინარჩუნებდა. მით უმეტეს, მას მერე რაც პრემიერლიგაში ოლიგარქები გამოჩნდნენ. საუკუნის დასაწყისში თითქოს ულიეს ლივერპულიც ცდილობდა კონკურენციაში გარევას, თავისი მაიკლ ოუენით, ბოლოს და ბოლოს, ხუთჯერ ზედიზედ დაამარცხეს ფერგის მანჩესტერი, გინდა სახლში, გინდა გასვლაზე, მაგრამ მთავარი ამბები მაინც არსენალთან ხდებოდა.
2000-იანები: მანჩესტერი vs ჩელსი (ფერგი vs ჟოზე)
განსაკუთრებული კაცი მოვიდა და პრემიერ ლიგა თავდაყირა დააყენა, მოვიდა თავისი 4-5-1-ით, რის მერეც ყველა ამ ტაქტიკაზე გადაერთო, ფერგიც და არსენიც, კლასიკური 4-4-2 წარსულს ჩაბარდა. ჟოზემ დინასტიის შექმნა დაიწყო, მაგარი ბიჭებიც დახვდა, საუკეთესო ასაკში, უძლიერესი გუნდი ჩამოაყალიბა და სისხლი გაუშრო ფერგიუსონს, მაგრამ ისევ ოლიგარქმა გააფუჭა ყველაფერი, სულ ძალით მოიყვანა შევჩენკო, ჟოზემ კი დროგბას არ უღალატა, ვინც არ უნდა მოითხოვოს მაინც ძირითადში იქნებიო. ასე რომ, 4-3-3-ში შევჩენკო გარემარბად თამაშობდა, ხოლო, თუ 4-4-2-ს იყენებდა დროგბა-შევჩენკოს დუეტით, მაშინ ლამპარდს უწევდა ფლანგზე თამაში, ამის გამო ჩელსიმ იზარალა. ჟოზე კი ძალიან მოულოდენლად გაათავისუფლეს.

ამ დროს ჟოზეს ჩელსის ცუდი ბიჭების სახელი ჰქონდათ, თუმცა, მთავარი „ცუდი ბიჭი“ თავად იყო. არა მხოლოდ მანჩესტერისთვის, არამედ, არსენალისა და ლივერპულისთვისაც მთავარი გამაღიზიანებელი იყო. ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგაზე იკვეთებოდა, დაუვიწყარი მატჩებიც ვიხილეთ, როგორც წესი, ლივერპული იგებდა ხოლმე. ჯერ „მოჩვენება გოლი“ ვნახეთ, რის წყალობითაც ლივერპული წავიდა სტამბოლში. მეორედ კი თერთმეტმეტრიანები ვნახეთ, და აქაც ლივერპული გამოდგა უკეთესი. არსენალთანაც დასამახსოვრებელი მატჩები გაიმართა. ჟოზე ყოველთვის კარგი გამაღიზიანებელი იყო ანრისა და არსენისთვის, თქვა კიდეც, ანრის მხოლოდ პატარა კლუბებთან გააქვს გოლებიო, მატჩის წინ თქვა და ანრიმ დუბლი შეასრულა, მატჩის მერე პასუხიც გასცა - ის მართალია, ამჯერადაც პატარა კლუბს გავუტანეო.
თუმცა, მთავარი ბრძოლა სწორედ იუნაიტედთან იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დავკარგეთ, აბრამოვიჩმა წაგვართვა. ეს ბრძოლა მთელი დეკადის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, მანჩესტერი რუნისთან და რონალდუსთან ერთად უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბდა, და როცა მთავარი ამბავი იწყებოდა, ზუსტად მაშინ გაათავისუფლეს ჟოზე. სერ ალექსმა თავის ავტობიოგრაფიაში ჟოზე მოურინიოს ცალკეული თავიც მიუძღვნა, „განსაკუთრებული“ თავი.
2010-იანები - მანჩესტერული დერბი (ფერგი vs მანჩინი)
გამდიდრებული სიტისა და ფერგის იმპერიული იუნაიტედის პირობებში დერბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სანახაობრივი გახდა, პრემიერ ლიგის მთავარი დრამაც ამ დროს დაიდგა, 2011/12 წლების სეზონი განსაკუთრებული გამოდგა დერბისთვის, ჯერ იყო და სიტიმ ოლდ ტრაფორდზე 6:1 მოიგო, ასეთი სილა ფერგის არასდროს მოხვედრია. თანაც, თანაქალაქელისგან. მერე კი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინიში ვიხილეთ, შესაძლოა, არა მხოლოდ პრემიერ ლიგის, არამედ, დიდი ოთხეულის ჩემპიონატების საუკეთესო ფინალი. ჩემპიონობისთვის მანჩესტერელები იბრძოდნენ, ბოლო ტურამდე, ფერგი გასვლაზე იგებდა თავის თამაშს, სიტი კი მარცხდებოდა საკუთარ კედლებში, მარცხდებოდა ბოლო წუთებამდე, მერე კიდევ ის მოხდა, რასაც ყოველ წელს იხსენებენ ინგლისელები და ასე გაგრძელდება ალბათ კიდევ ძალიან დიდხანს. რობერტო მანჩინის გუნდმა ბოლო წუთზე დააქამბექა, ჩემპიონობის მოლოდინში მყოფი „ეშმაკები“ გასახდელში გაიქცნენ.

„მორჩა, წავედით.“ - ასე გაუძღვა ფერგი ბიჭებს. არ სურდა ხალხის დასაცინი გამხდარიყო, სწრაფად შეყარა ყველა გასახდელში, დიდი მადლობა გადაუხადა კარგი სეზონისთვის და მომავალ სეზონამდე დაემშვიდობა. ამ დროს ეტიჰედზე ჯერ კიდევ ყველა ყვიროდა - აგუეროოოოო....
გარდა ამისა, ყოველთვის იყო ფაქტორები, რომელიც დუღილის ტემპერატურას ზრდიდა. მაგალითად, კარლოს ტევესის საგა, მისი დიდი ბანერი ქალაქის ლურჯ მხარეს, ფერგის ნათქვამი „პროვინციელები“ და „ხმაურიანი მეზობლები“, უეინ რუნის საგა, რომელმაც სიტის ხელმძღვანელები მხოლოდ იმისთვის გამოიყენა, რომ იუნაიტედს მისთვის ხელფასი მოემატებინა, ამის მერე კი ადგა და პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეუგდო სიტის, ამ მომენტში ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დადგა. რაღაც ოინი დაგეგმა და შეასრულა.

ფერგის მერე ეგეც დამთავრდა, ველოდით გაგრძელებას, განსაკუთრებით მას მერე, რაც პეპმა სიტი ჩაიბარა, ჟოზემ იუნაიტედი, თითქოს მათი დუელი იკითხებოდა მომავალ დეკადაში, მაგრამ მანჩესტერს ვერც ჟოზემ უშველა, ამიტომ, სხვა ხალხის ჟრიამული დაიწყო ალბიონზე.
2020-იანები: მანჩესტერ სიტი VS. ლივერპული (პეპი vs კლოპი)
2016/17 წლების სეზონიდან დაიწყო და სასიამოვნოდ დიდხანს გასტანა. არა ათწლეული, მაგრამ გრძნობა ეგეთი დატოვა, თითქოს მოიცვა მთელი ეპოქა. მანჩესტერს დიდი კრიზისი დაეწყო, არსენალსაც იგივე გზა უნდა გაევლო ვენგერის წასვლის მერე და თითქოს უკეთესი გზაც იპოვეს, ჩელსიდან იმდენად არა მწვრთნელის, არამედ აბრამოვიჩის წასვლა იყო გადამწყვეტი. ასე რომ, ორი კლუბი დარჩა რადარზე - სიტი და ლივერპული. ეს მათი დეკადაა. განსაკუთრებით საინტერესო იყო პეპისა და კლოპის დუელი. ახლა მხოლოდ პეპი დარჩა, აბსოლუტურად ძალაგამოცლილი, გადამწვარი, სახედაკაწრული, თითქოს მოწყენილიც, არ მოსწონს ის ფეხბურთი, რასაც მისი გუნდი თამაშობს, ან, რა მოსაწონია.

კლოპის ლივერპული კი ისტორიას დარჩება. ერთადერთი პანდემიამ შეგვიშალა ხელი, როცა დიდი მოლოდინი დასრულდა, ენფილდი ცარიელი იყო. ამ მოლოდინის დასრულებას სულ სხვა ატმოსფერო მოუხდებოდა. ახლა კი ვნახოთ, რამდენს ხანს გასტანს პეპისა და სლოტის ამბავი.















