ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მიმოვიხილოთ ბერნაბეუს ბინადრების ამჟამინდელი მწვრთნელის განვლილი გზა - "ეშმაკებიდან" დღევანდელ დღემდე. შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი სან სიროზე მუშაობდა 2001-2009 წლებში, რეალში კი თავდაპირველად 2013-2015 წლებში, შემდეგ კი 2021 წლიდან დღემდე. გავიხსენოთ იტალიელი სპეციალისტის მოღვაწეობა.

ანჩელოტის მილანი (2001-2009)
ანჩელოტი მილანში დაინიშნა 2001 წლის ნოემბერში, მაშინ, როდესაც ეს გუნდი კრიზისულ პერიოდს განიცდიდა. 1999 წელს მოპოვებული სკუდეტოს შემდეგ, "როსონერი" 2 სეზონში მე-6 პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ჩეზარე მალდინი, მაურო ტასოტი, ფათიჰ თერიმი, ანტონიო დი ჯენარო: კლუბმა აღნიშნულ სპეციალისტთა 4-ეული 1 წელზე ნაკლებ დროში გამოიცვალა.
იტალიელმა მწვრთნელმა მეტ-ნაკლებად შეძლო 2001/2022 წლების სეზონის გადარჩენა და სერია ა-ში მეოთხე ადგილის დაკავებით, "შავ-წითლები" ჩემპიონთა ლიგაზე დააბრუნა. სწორედ ამ მომენტიდან იწყება "ეშმაკების" აღზევება კარლოს ხელმძღვანელობით. 2002/03 წლების სეზონი: მიუნხენის ბაიერნის ჯგუფში ჩატოვებით, ანჩელოტის გუნდი ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ფურორს ახდენს.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე სან სიროს ბინადრების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე იყო მადრიდული გუნდი, რომელთანაც დაპირისპირება ევროპული ფეხბურთის კლასიკად იქცა. სტაჟიან ქომაგებს ემახსოვრებათ ლუიშ ფიგუსა და კახა კალაძის დუელი, რომლის მსვლელობისას ახალგაზრდა განაპირა მცველმა ოქროს ბურთის მფლობელს არაფერი დაუთმო.

მეოთხედფინალში მილანმა აჯობა ამსტერდამის აიაქსს, ნახევარფინალში კი თანაქალაქელ ინტერნაციონალეს. რაც შეეხება ფინალს, დამარცხებული იქნა "როსონერის" კიდევ ერთი უპრინციპულესი მეტოქე, ტურინის იუვენტუსი. რაც შეეხება შემდეგ სეზონს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მთავარ ფავორიტად ითვლებოდნენ "შავ-წითლები", მაგრამ მოქმედი ჩემპიონები უდიდესი სენსაციის მონაწილეები გახდნენ.
მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში განადგურებული იქნა ლა კორუნიის დეპორტივო, ანგარიშით 4:1, თუმცა განმეორებით თამაშში იყო კრახი - 0:4. ამის მიუხედავად, სეზონი შეგვიძლია ჩავთვალოთ წარმატებულად, "ეშმაკებმა" მოიგეს სკუდეტო, პირველი და როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი, იტალიელი სპეციალისტის მოღვაწეობის პერიოდში.
2004-2005 წლების სეზონი - ანჩელოტის გუნდი ფავორიტის რანგში გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, გზად კი "ნერაძურისა" და მანჩესტერ იუნაიტედს უგებს. რაც შეეხება გადამწყვეტ მატჩს, სან სიროს ბინადრების მეტოქე იყო ლივერპული, რომელიც 1-ელი ტაიმის ბოლოსთვის ანგარიშით 3:0 ნადგურდებოდა.

ყველაფერი მიდიოდა იმისკენ, რომ მილანი მოიპოვებდა მორიგ ტიტულს, თუმცა "წითლებმა" მეორე ტაიმში შეძლეს შეუძლებელი და მრისხანე მოწინააღმდეგეს თამაში შემოუტრიალეს. ძირითად დროში 3:3-ის შემდეგ, "როსონერიმ" მერსისაიდელებთან 11-მეტრიანების სერიაში წააგო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2 წლის შემდეგ, "შავ-წითლები" "სქაუზერებზე" რევანშს აიღებენ.
ეს ყველაფერი 2005-2007 წლების შუალედში ხდებოდა. იტალიელი მწვრთნელის უკანასკნელი ორი სეზონი "ეშმაკებში" უკვე ნაკლებად წარმატებული იყო. 2008/09 წლების სეზონის ბოლოს, კარლოს ისტორია სან სიროზე დასრულდა. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, სკუდეტო, კოპა იტალია, იტალიის სუპერთასი, 2 უეფას სუპერთასი, ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, 8 ტიტული საერთო ჯამში. ქვემოთ კი მცირე სტატისტიკა:

ყველაზე მეტი მატჩი ანჩელოტის მილანში:
1. ანდრეა პირლო - 327
2. კლარენს ზეედორფი - 325
3. ჯენარო გატუზო - 323
4. რიკარდო კაკა - 270
5. ნელსონ დიდა - 267
6. პაოლო მალდინი - 252
7. მასიმო ამბროზინი - 247
8. კახა კალაძე - 244
9. ფილიპო ინძაგი - 237
10. ალესანდრო ნესტა - 235
ყველაზე მეტი გოლი ანჩელოტის მილანში:
1. ფილიპო ინძაგი - 110
2. ანდრეი შევჩენკო - 103
3. რიკარდო კაკა - 95
4. კლარენს ზეედორფი - 49
5. ალბერტო ჯილარდინო - 44
6. ანდრეა პირლო - 39
7. იონ დალ ტომასონი - 35
8. ალეშანდრე პატო - 27
9. მასიმო ამბროზინი - 26
10. ერნან კრესპო - 17
ანჩელოტის რეალი (2013-2015, 2021-დღემდე)
ლონდონის ჩელსისა და პარის სენ-ჟერმენში ტიტულების მოგების შემდეგ, ანჩელოტიმ რეალში ჟოზე მოურინიო შეცვალა. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც მადრიდელებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო თასი ჯერ კიდევ 2002-ში ჰქონდათ მოგებული. მშრალი სერია შეწყდა სწორედ იტალიელ სპეციალისთან ერთად, რომელმაც "სამეფო კლუბს" თავის ისტორიაში მე-10 ტიტული მოაგებინა.
გზად დამარცხებული იქნა ბაიერნი, ფინალში კი თანაქალაქელი ატლეტიკო. ალბათ გვახსოვს ის დრამატული ბრძოლა, რომელშიც "ბლანკოსი" მარცხდებოდა 93-ე წუთამდე, მაგრამ შემდეგ, სერხიო რამოსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. რაც შეეხება შემდეგ სეზონს: 1/2 ფინალი და წაგება იუვესთან. 2014/15 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, კარლოსა და ბერნაბეუს ბინადრების გზები დროებით გაიყო.

ლეგენდარულმა მწვრთნელმა შემდეგ მოიარა მიუნხენური კლუბი, ნაპოლი და ევერტონი, 2021 წელს კი ის კვლავ რეალში დაბრუნდა. ქამბექი იყო შთამბეჭდავი: ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტიტული დაბრუნებიდან პირველივე სეზონში, თანაც გზად ისეთი მრისხანე მეტოქეების დამარცხებით, როგორებიც არიან პსჟ, ჩელსი და მანჩესტერ სიტი. რაც შეეხება ფინალს, მადრიდელებმა ლივერპულს მოუგეს.
2022/2023 წლების სეზონში "სამეფო კლუბზე" რევანში აიღეს "ქალაქელებმა", რომლებმაც მოქმედი ჩემპიონები ნახევარფინალში დაამარცხეს. რაც შეეხება გასულ სეზონს, ყველაფერი ისევ "ბლანკოსის" ტრიუმფით დასრულდა. მილანში თუ 65 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ოქროს ბურთი მოიგეს ანდრეი შევჩენკომ და რიკი კაკამ, ბერნაბეუზე ეს კრიშტიანუ რონალდუმ და კარიმ ბენზემამ შეძლეს.

დღეს, ანჩელოტის განკარგულებაშია გალაქტიკოსების ახალი თაობა - კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი, როდრიგო გოესი და სხვები. იტალიელი სპეციალისტის მიზანია მათ შორის ბალანსის პოვნა და შეთამაშება. ამ მისიის შესრულების შემდეგ, ის დიდი ალბათობით საკლუბო ფეხბურთიდან წავა.
დიახ, რეალი იქნება ბოლო კლუბი კარლოს კარიერაში. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, სეზონის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ გუნდში პრობლემებია, პირველ რიგში ვარსკვლავების შეთამაშებასთან, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მადრიდელთა რეალური სიძლიერე ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფში იზომება. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს "სამეფო კლუბი" წელს.
რაც შეეხება "ბლანკოსის" მწვრთნელის მონაგარს - 14 ტიტული - ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, ლა ლიგა ორჯერ, კოპა დელ რეი ორჯერ, ესპანეთის სუპერთასი ორჯერ, უეფას სუპერთასი სამჯერ, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ.

ყველაზე მეტი მატჩი ანჩელოტის რეალში:
1. ლუკა მოდრიჩი - 234
2. დანი კარვახალი - 221
3. ტონი კროოსი - 200
4. კარიმ ბენზემა - 187
5. ნაჩო ფერნანდესი - 172
6. ფედერიკო ვალვერდე - 171
7. როდრიგო გოესი - 170
8. ვინისიუს ჟუნიორი - 161
9. ედუარდო კამავინგა - 150
10. ედერ მილიტაო - 129
ყველაზე მეტი გოლი ანჩელოტის რეალში:
1. კარიმ ბენზემა - 121
2. კრიშტიანუ რონალდუ - 112
3. ვინისიუს ჟუნიორი - 77
4. როდრიგო გოესი - 48
5. გარეთ ბეილი - 40
6. მარკო ასენსიო - 24
7. ჯუდ ბელინგემი - 23
8. ისკო ალარკონი - 19
9. ფედერიკო ვალვერდე - 19
10. ხამეს როდრიგესი - 17

















