ფსკერი ვახსენეთ და აქაც ფარდობითობის თეორია გვჭირდება, რადგან ის, რაც ინგლისელთა მკვდარი ზღვაა, სრული უმრავლესობისთვის ფლორენციული კედლებია, მაგრამ, მოდი, ყველაფერი 1985 წლიდან დავიწყოთ და პრემიერ ლიგის 7-მილიარდიან შემოსავლამდე განვლილი მაგიური ოთხი დეკადა მიმოვიხილოთ.
პელეს ჩასვნებულ და მარადონას ამომავალ ვარსკვლავებს შორის - ინგლისური რენესანსი 70-იანების ბოლოსა და 80-იანების სტარტზე:
პელეს ჩასვნებულ და მარადონას ამომავალ ვარსკვლავებს შორის - ინგლისური რენესანსი 70-იანების ბოლოსა და 80-იანების სტარტზე:
აბა, როგორი ამბავია, რვა შესაძლო ჩემპიონთალიგური ტიტულიდან შვიდჯერ რომ ინგლისელებმა იმარჯვეს?! - ლივერპული, ლივერპული, ნოტინგემ ფორესტი, ნოტინგემ ფორესტი, ლივერპული, ასტონ ვილა, ჰამბურგი და ბოლოს ისევ ლივერპული. ასეთია ჩემპიონთა თასების გამარჯვებულთა ქრონოლოგია 1977-დან 1984 წლამდე. ბობ პეისლის ლივერპული, ბრაიან ქლაფის ნოტინგემი, კევინ კიგანი, კენი დალგლიში, ტრევორ ფრენსისი, პიტერ შილტონი, ჯონ რობერტსონი, რეი კლემენსი და სხვები, რომელთა გამოისობითაც დაუჯერებელი დომინაციის წინაშე აღმოვჩნდით. ისე, 1985 წელს, იმ ავადსახსენებელ ეიზელის ფინალშიც ინგლისური კლუბი იყო, მაგრამ მიშელ პლატინის გოლით იუვენტუსმა ლივერპული დაამარცხა. ფინალის წაგების გარდა იმ მატჩით ინგლისურმა ფეხბურთმა დეკადა, ვარსკვლავები და პირველობა დაკარგა...

ეიზელის ტრაგედია - საფეხბურთო კარანტინი და ნიჰილიზმი ინგლისურ ცაზე:
1985 წლის მაისში, ეიზელის ფინალამდე 10 დღით ადრე გამოცემა The Sunday Times წერდა: „ბრიტანული ფეხბურთი კრიზისშია! გაღატაკებული სპორტი, რომელსაც ღარიბულ მინდვრებზე თამაშობენ და აუდიტორია, რომელსაც სტადიონზე წასვლა აღარ სურს!“ - იმ სეზონში დასწრების ისეთი დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 1907 წლის შემდეგ რომ არავის ახსოვს, ამასთან ერთად ინგლისურ საფეხბურთო გარემოს ფანებს შორის მოუთოკავი ძალადობა წამლავდა. უკვე ნახსენებ ბრიუსელის ფინალამდე, უესტ ჰემისა და მილუოლის ფანებმა ერთმანეთი არ დაინდეს, ბრეტფორდის სტადიონს კი ცეცხლი გაუჩნდა და 56 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეიზელი კი ამ სასტიკი ეპოპეის საკადრისი გვირგვინი და ინგლისური კლუბების დომინაციის ტიტანიკისებრი დასასრული აღმოჩნდა.
იუვენტუსისა და ლივერპულის ფანებს შორის შეტაკებას ჭყლეტა, 39 ადამიანის დაღუპვა და 600-ზე მეტის დაშავება მოჰყვა. იმ პერიოდში კი ინგლისელ ფანებს იმდენად ჰქონდათ სახელი შებღალული, რომ დამნაშავე მარტივად გამოვლინდა და ეს ლივერპულელები იყვნენ. საპასუხოდ მათ დანაშაული არ აღიარეს და რაღაც ისეთი მივიღეთ, რაც „კარიბის ზღვის მეკობრეებში" ხდება - როდესაც დეივი ჯონსი მოღალატის ამოცნობის მსურველთ მარჯვნივ გახედვისკენ მოუწოდებს, უკიდურეს მარჯვენა კუთხეში მყოფი ჯეკ სპეროუ კი უყოყმანოდ გასცქერის ლურჯი წყლის სიცარიელეს. ეს თემა ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, სჯობს აქვე შევჩერდეთ და მარგარეტ ტეტჩერისა და ქალაქ ლივერპულის შუღლი სამომავლო შეხვედრისათვის შემოვინახოთ. ჰო, პრემიერ მინისტრმა მერსისაიდელები გაამტყუნა, ინგლისური კლუბები გაურკვეველი ვადით ჩამოსცილდნენ საკლუბო ტურნირებს და ყველაფერი ქაოსმა მოიცვა...

1984+1 - ცხოვრება ეიზელის შემდეგ!
აი, ფარდობითობის თეორიის კიდევ ერთი გამოვლინება - დისკვალიფიკაციის ხუთი წელი ინგლისში უსასრულოდ გაიწელა. ვარსკვლავებმა ინგლისი ერთიანად დატოვეს. წავიდა გარი ლინეკერი, მას არც გლენ ჰოდლი ჩამორჩა. როგორც ჰარუკი მურაკამის კაფკა თამურამ, მათაც სახლიდან გაქცევით სცადეს ბედის გამოცდა, ოღონდ მათგან განსხვავებით კაფკა სამშობლოში მაინც დარჩა.
წარმოიდგინეთ, კლუბები მოიკვეთნენ, მაგრამ არავინ იცოდა რამდენი ხნით, მხოლოდ 1990 წელს, მუნდიალზე სამაგალითო ქცევის შემდეგ შეეხოთ ინგლისელებს ამნისტია და ევროტურნირებზეც მომდევნო სეზონიდან დაუშვეს. ჰოდა, 1985-86 წლების სეზონში ერთადერთი ლეგიონერი, რომელმაც ინგლისში სათამაშოდ გადაბარგება გადაწყვიტა დანიელი იონ სივებაკი იყო, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში 200 000 ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა.

The Guardian წერდა - ჩვენი პირმშო, ფეხბურთი, განსაცდელშია და კარანტინით უნდა ვუშველოთო, მაგრამ რამდენად დაასუსტებდა ეს ყოველივე ლოკალურ ფეხბურთს, ამის განსაზღვრა მაინც ჭირდა. ამასობაში სხვა ჩემპიონატები მოღონიერდნენ და რამდენიმე წლით ადრე ინგლისელებს, იქამდე გავარდნილი მეხივით რომ ეშინოდათ, უკვე ბატონყმურად, ზევიდან დაუწყეს ცქერა. თემა იმდენად ვრცელი, სიღრმისეული და საინტერესოა, რომ მცირე აბზაცებში სათქმელის გადმოცემა რთულია, ყველა სადგურში დიდხანს რომ დავრჩეთ, შინ გვარიანად დავიგვიანებთ. ჰოდა, აჯობებს მთავარ საკითხს, პრემიერლიგურ რეალობასა მის საწყისებს მივადგეთ, რადგან დასასრულამდე იქიდანაც რამდენიმე გაჩერებაა.
1992 წლის მაისი - გლობალური ბრენდის საძირკველი
ჯოშუა რობინსონისა და ჯონათან ქლეგის ავტორობით არსებობს წიგნი - The Club, რომელიც გვიხსნის, თუ როგორ გახდა პრემიერ ლიგა ყველაზე მდიდარი და დაუნდობელი ბიზნესი მსოფლიოში. ეს წიგნი საშუალო ტანისაა და 400 გვერდშია ჩატეული ის ფინანსური ისტორია, რომელიც მსოფლიოს აწ უკვე საუკეთესო ლიგამ 2019 წლამდე გაიარა. წარმოიდგინეთ, ბოლო 6 წელში პრემიერ ლიგა ისე გაიზარდა, რომ ჯამური შემოსავლით ბუნდესლიგასა და ლა ლიგას უტოლდება, სერია A-ს კი მალე ინგლისის ჩემპიონშიპიც წამოეწევა...
მოკლედ, 1992 წლის მაისში ჯერ კიდევ შეუქმნელი პრემიერ ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა, რიკ პერიმ ლანკასტერ გეითის სასტუმროში დივიზიონის ყველა წევრი შეკრიბა, სადაც პრემიერ ლიგის ჩამოყალიბება უნდა გაოფიციალურებულიყო. როგორც წიგნის ავტორები გვიამბობენ, ამაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, მხოლოდ 1863 წელს, ქოვენთ გარდენის პაბში შედგა, როცა ოქსბრიჯის ნასტუდენტარმა ხალხმა ფეხბურთის წესები შეადგინა.
„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დროა ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდეს!“- ეს რიკ პერის საბოლოო სიტყვებია და მონსტრების ლიგამაც სტარტი აიღო. საინტერესოა, რომ პირველი სატელევიზიო კონტრაქტი, რომელიც Sky Sports-მა და BT Sport-მა გაინაწილეს, 400-ფუნტიან პაკეტს მოიცავდა. სულ ახლახან კი Sky-მ რეკორდული, 6-მილიარდიანი გარიგება დაადასტურა პრემიერ ლიგასთან, მაგრამ ახლა ალბიონზე მსოფლიო ვარსკვლავები ბურთაობენ და უკვე ოფიციალურად ინგლისელებმა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის მეხუთე საგზურიც მოიპოვეს, სადებიუტო სეზონში კი პრემიერ ლიგაში მხოლოდ 13 უცხოელი მოთამაშე ირიცხებოდა და მათგან ერთ-ერთმა, კანადელმა ქრეიგ ფორესტმა Sky Sports-ს საინტერესო ინტერვიუში ისიც უთხრა, რომ გასამრჯელო კვირაში 50 ფუნტი ჰქონდა, მისი ბინის მეპატრონე კი უნდობლობის გამო ტელეფონით სარგებლობის უფლებას არ აძლევდა, რადგან ინგლისიდან კანადაში დარეკვა ძვირი სიამოვნება გახლდათ. ქალბატონს ეჭვი ეპარებოდა, რომ იფსვიჩ თაუნის მეკარეს თანხის გადახდა შეეძლო.
Sky-ს საფეხბურთო სიბრტყეში გამოჩენაც მინი სასწაულია, რადგან კომპანიის დამფუძნებელი რუპერტ მარდოკი პრემირელიგური უფლებების შესყიდვას არ გეგმავდა, მისმა ფინანსურმა ანალიტიკოსმა ლამის დაუჩოქა - გაიღე 30 მილიონით მეტი, ვაჯობოთ BT-ს და არ ინანებო. როგორც გითხარით, სულ ცოტა ხნის წინ, Sky-მ და პრემიერ ლიგამ სარეკორდო გარიგება დადეს.
რენესანსი 2.0 - ბორნმუთი, ნოტინგემ ფორესი, ნიუკასლი, ბრაიტონი... სია გრძელდება
უახლესი პრემიერ ლიგა გლობალურ მარკეტზე დიდი ბრიტანეთის ყველაზე მსხვილი ექსპორტია. ყოველკვირეულად პრემიერლიგურ მატჩებს 5 მილიარდამდე ადამიანი უცქერს და ჩემპიონშიპიდან ელიტაში აღზევებული 170 მილიონ ფუნტსაც იღებს, რაც ლამის 6-ჯერ აღემატება იტალიის ჩემპიონის ჯილდოს.
უახლესი პრემიერ ლიგა გლობალურ მარკეტზე დიდი ბრიტანეთის ყველაზე მსხვილი ექსპორტია. ყოველკვირეულად პრემიერლიგურ მატჩებს 5 მილიარდამდე ადამიანი უცქერს და ჩემპიონშიპიდან ელიტაში აღზევებული 170 მილიონ ფუნტსაც იღებს, რაც ლამის 6-ჯერ აღემატება იტალიის ჩემპიონის ჯილდოს.
სულ ახლახანს, ევერტონი ამერიკულმა The Friedkin Group-მა შეისყიდა - ამერიკელთა მფლობელობაში პრემიერ ლიგის კლუბების ნახევარი მოექცა. ევერტონზე ჯერ მეტს ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ახალი სტადიონის მშენებლობაც დაასრულეს. მაგრამ შევხედოთ ბორნმუთს, კიდევ ერთ ამერიკულ პროექტს.
ბოლო დროს „ალუბლები" ძალიან ცუდ ფორმაში არიან და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, ალბათ, გაჭირდება, მაგრამ Black Knight Football-ის მოსვლის დღიდან ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. იზრდებიან ტალანტები, რომელთა სანაცვლოდაც გრანდები აურაცხელ თანხებს იხდიან, გუნდს ჰყავს უნიჭიერესი და ასევე მოთხოვნადი მესაჭე - ანდონი ირაოლა, მათი სპორტული დირექტორი რიჩარდ ჰიუსი კი ლივერპულმა გააქცია.

ბრაიტონი განსხვავებული ფენომენია, რომლის მფლობელი პოკერის სამყაროში კარგად ნაცნობი ტონი ბლუმია, ბეთინგ სივრცის ექსპერტი და გარიგებების ოსტატი, რომელმაც „თოლიები" პრემიერ ლიგის ზედა ნაწილის წევრად აქცია. თითქმის ყოველ ზაფხულს გუნდიდან ვარსკვლავები მიდიან (როგორც მოთამაშეები ასევე მწვრთნელები), მაგრამ ამექს სთეიდიუმის ბინადრებს არაფერი ეტყობათ, რადგან იქ მთავარი კაცი მფლობელია და არა რომელიმე მოთამაშე.
მათგან რადიკალურად განსხვავებული შემთხვევაა ნოტინგემ ფორესტი, რომელიც სადაცაა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება. მათი მფლობელი ევანგელოს მარინაკისი ფეხბურთზე შეყვარებული, თავდადებული კაცია, რომელიც მიხვდა, რომ მხოლოდ საქმისადმი ტრფიალი ბევრს ვერაფერს მოიტანს და არსენალიდან სპორტული დირექტორი ედუ გასპარი წამოიყვანა. აქაც სისტემური პროგრესის მაგალითი გვაქვს და არა ერთჯერადი გამონათების, როგორც ლესტერის ან კიდევ უფრო ადრე მიდლსბროს შემთხვევა იყო.
მივედით იქამდე, რომ პრემიერ ლიგის საშუალო დონე პარანორმალურად გაიზარდა. ბორნმუთი ის გუნდია, რომელმაც ამ სეზონში შინ არსენალიც დაამარცხა და მანჩესტერ სიტიც. ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გამალებულ ბრძოლაშია ჩაბმული. მივედით იქამდე, რომ პრემიერლიგური კლუბი აინტერესებთ ყველგან, იმავე ნიუკასლის მფლობელი ხომ საუდის არაბეთის პრინცია 300-მილიარდიანი ქონებით.

დღეს ასეთი რეალობაა - ვულვზს ატლეტიკოდან მატეუს კუნიას დამატება 50 მილიონ ფუნტად შეუძლია, ბრაიტონმა ამ ზაფხულს ყველა სხვაზე მეტი დახარჯა, მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს არიან, სისტემური, ორგანული კლუბები კი შეუქცევადი პროგრესის გზაზე დგანან - გრანდად ჩამოყალიბებასთან არცთუ დრამატულ დისტანციაში. და ბოლოს, მივედით იქამდე, რომ ინგლისის უმაღლესი დივიზიონი აპრილის თვეში იბევებს ჩემპიონთა ლიგაზე ხუთი გუნდის გაგზავნის უფლებას.
ქრეიგ ფორესტიდან ერლინგ ჰოლანდამდე, ანდაც მოჰამედ სალაჰამდე განვლილი გზა ხანგრძლივი, მაგრამ იმდენად ფესვმომაგრებული აღმოჩნდა, რომ უკლებლივ ყველა ფინანსური ექსპერტი შიშობს - პრემიერ ლიგის დამწევი არავინ არისო! ნიუკასლი, რომელსაც ალექსანდერ ისაკი ჰყავს, 150 მილიონზე ნაკლებს არ ითხოვს, რადგან ინგლისში ფული არ უჭირთ, განსაკუთრებით კი თაინსაიდში. სადამდე მივა ეს ყველაფერი ამას ერთად ვნახავთ.















