კვირას ელ კლასიკო გაიმართება. მილანში განცდილი მძიმე მარცხის მერე ბარსა მთლიანად ჩემპიონატზე გადაერთვება და ეცდება შვიდ ქულამდე გაზარდოს სხვაობა, მერე კიდევ სულ ერთი ნაბიჯი იქნება დარჩენილი. მეორე მხრივ, რეალის გამარჯვების შემთხვევაში სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდება და ძალიან დაძაბულ ფინალს მივიღებთ. ასეთი კი ბევრი არ ყოფილა ლა ლიგის ისტორიაში, თუმცა, რამდენიმე ისეთი დრამატურგიის იყო, რომლის მსგავსიც სხვა ჩემპიონატებს იშვიათად თუ ახსოვთ.
ვინც მეტს გაიტანს
1959/60 წლების სეზონში ორივე კლუბს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა, ეს მაინც გვიანდელი ხანაა, ბარსაში კუბალას ერაა, რეალში - დი სტეფანოსი. ასეთი თანაბარი ორთაბრძოლა ამ ორ კლუბს შორის ალბათ არც ყოფილა, რადგან ორივე გუნდმა 46 ქულა დააგროვა. ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობდა და 30 ტური ტარდებოდა. გადამწყვეტი გამოდგა 26-ე ტურში ჩანიშნული ელ კლასიკო, რომელიც ბარსელონამ 3:1 მოიგო. ამის შედეგად ქულებით გაუთანაბრდნენ ერთმანეთს და მხოლოდ ბურთების სხვაობა დარჩა გამარჯვებულის განმსაზღვრელი. შესაბამისად, დარჩენილ ტურებში გუნდები ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი ბურთი შეეგდოთ მეტოქის კარში. ბოლო ტურში ბარსელონამ 5:0 დაამარცხა სარაგოსა, მადრიდის რეალმა კი 1:0 ლას პალმასი. ბარსელონა +2 ბურთით დაწინაურდა და ჩემპიონიც გახდა.
*ლადისლაუ კუბალა და ალფრედო დი სტეფანო
26-ე ტურის კლასიკოში უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში უნგრელმა ლეგენდამ, სანდორ კოშიჩმა გახსნა, ლუის სუარეს მირამონტესის პასის შემდეგ. ეს სწორედ ის სეზონია, რომლის მერეც ლუის სუარესი ოქროს ბურთს მოიგებს, ის დღემდე ერთადერთი ესპანელია ვინც ოქროს ბურთს შეწვდა. რვა წუთში დი სტეფანომ გაათანაბრა, რომელსაც მესის მერე ყველაზე მეტი გოლი აქვს ელ კლასიკოში შეგდებული. ორ წუთში ბარსა ისევ წინ გავიდა, ისევ ლუის სუარესის პასის მერე გოლი ეულოჯიო მარტინესმა გაიტანა, ეულოჯიო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა 23 გოლით, პირველი ფერენც პუშკაში იყო 25 გოლით. წერტილი კი ვილავერდემ დასვა - 3:1.
ასეთი მნიშვნელობის ელ კლასიკო ბევრი ნამდვილად არ ჩატარებულა.
90-იანების სიგიჟე
კრუიფის “ოცნების გუნდმა” ზედიზედ ოთხჯერ შეძლო ლა ლიგის მოგება, ამ ოთხიდან კი ბოლო სამია განსაკუთრებით აღსანიშნი. სამივეჯერ ბოლო ტურში გადაწყდა ჩემპიონის ვინაობა, ბარსას სამივეჯერ ჩამორჩენა ჰქონდა ბოლო ტურისთვის და შესაბამისად არც ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ მაინც მოხდა ის, რაც მოხდა.
მსგავსი დრამატურგია ლა ლიგას მანამდე არ ჰქონია და ეს ისეთი ამბავია პრემიერლიგასაც კი არ ახსოვს. თავისი აგუერო - ფერგიუსონის ამბით. ბედკრულში კი გამოგვეპარა ეს ამბავი, რადგან ეს სამწლიანი სიგიჟე 1991 წელს დაიწყო და, აბა მაგ დროს ვის ეცალა აქ ფეხბურთისთვის?! ტყვია-ტყვიას მიჰყვებოდა და ჩვენი ეკონომიკაც ელვის სისწრაფით ეშვებოდა ფსკერამდე. არც არხი იყო, არც შუქი, გაზეთები კი ენთუზიასტების წყალობით არსებობდნენ. ასე რომ, მივიწყებულია ეს გიჟური ამბავი.
1991/92 წლების სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდა, ბოლო ტურისთვის ბარსას რეალთან ერთ ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა, მადრიდის რეალი ბოლო ტურში ხორხე ვალდანოს ტენერიფეს ესტუმრა, ვალდანო კიდევ მადრიდის რეალის ლეგენდაა, ასე რომ, რეალის ჩემპიონობის გაცილებით დიდი შანსი იყო. ბარსამ ბილბაო 2:0 დაამარცხა სახლში, სტოიჩკოვის დუბლით, მადრიდის რეალსაც 2:0 მიჰყავდა თავისი შეხვედრა და თითქოს ამით დასრულდა ეს ამბავი, მაგრამ საბოლოოდ 2:3 წააგეს. ბარსელონა ცოტა არ იყოს მოუმზადებელი შეხვდა ზეიმს, არავის სჯეროდა, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.
*ხრისტო სტოიჩკოვი 1991/92 წლების სეზონი
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია.
ეგ კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომდევნო წელს მოხდა, ესპანური დე ჟა ვუ. 1992/93 წლების სეზონში ბარსელონა ბოლო ტურისთვის ისევ ერთი ქულით ჩამორჩებოდა მადრიდის რეალს, სახლში ისევ ბასკებს შეხვდნენ, ამჯერად რეალ სოსიედადს და ისევ სტოიჩკოვის გოლით მოიგეს, მადრიდის რეალი ისევ ტენერიფეში ჩავიდა, მოგების შემთხვევაში ჩემპიონი ხდებოდა, მაგრამ ხორხე ვალდანოს გუნდთან ისევ დამარცხდნენ. ჩემპიონი ისევ ბარსა გახდა. ვალდანო კიდევ ყველაზე საყვარელი მადრიდელი გახდა ბარსას ქომაგებისთვის.
წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ნამდვილად მოხდა.
ეგ კიდევ არაფერი, მომდევნო სეზონში ისევ დაუჯერებელი ამბის მოწმენი გავხდით, ოღონდ, ბოლო ტურისთვის ბარსა ამჯერად დეპორტივოს ჩამორჩებოდა ერთი ქულით. 37-ე ტურში ელ კლასიკო შედგა, ბერნაბეუზე, ტიტულისთვის საბრძოლველად ბარსას აუცილებლად მოგება სჭირდებოდა და მოიგო კიდეც, 77-ე წუთზე გილერმო ამორმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო.
ბოლო ტურში ისევ გვარიანი სიგიჟე ვიხილეთ, ბარსა სევილიას მასპინძლობდა სახლში და თავის თავზე აღარ იყო დამოკიდებული. დეპორტივო კი ვალენსიას მასპინძლობდა და მოგების შემთხვევაში ჩემპიონობასაც იზეიმებდა. სანამ რეაზორზე 0:0 იყო ანგარიში, კამპ ნოუზე სევილიამ მოიგო პირველი ტაიმი, შუკერისა და სიმეონეს გოლებს სტოიჩკოვმა ერთით უპასუხა. მეორე ტაიმში ბარსამ მატჩი მოატრიალა, სტოიჩკოვის, რომარიოს, ლაუდრუპისა და კუმანის გოლებით 5:2 მოიგო, ყველას ყურადღება რადიოსკენ იყო მიმართული სადაც რეაზორის ამბებს გადმოსცემდნენ, კულმინაცია ბოლო წუთებზე დატრიალდა, როცა ვალენსიას კარში პენალტი დაინიშნა, გოლი და ჩემპიონობა ერთი იქნებოდა, ბურთთან ჯუკიჩი მივიდა და ეს ალბათ ყველა ლაკორონიელის ტკივილია, ნეტავ, ბებეტო მისულიყო.. ასე იხსენებენ ხოლმე, ახლა კიდევ რაღა შეცვლის ამ ამბავს, ჯუკიჩმა პენალტი გააფუჭა და ჩემპიონი ბარსელონა გახდა. ეს სამწლიანი სიგიჟეც ასე დასრულდა.
ამჯერად მადრიდი
მსგავსი დრამატურგია ვიხილეთ 2006/07 წლების სეზონში, ეს ის დროა, როცა ვარსკვლავურ ბარსელონას კრიზისი დაეწყო, მსოფლიო ჩემპიონატის მერე რონალდინიომ ძველებური ფორმა ვეღარ აღიდგინა, ეტო’ომ მძიმე ტრავმა მიიღო, ლიონელ მესის კუნთის ქრონიკული ტრავმა აწუხებდა, ხშირი იყო კონფლიქტი ბრაზილიელ და კატალონიელ ფეხბურთელებს შორის, იყო კონფლიქტი რაიკაარდთანაც, მოკლედ, ბარსაში პრობლემები მომრავლდა. ამ დროს რა ხდება მადრიდში? კაპელო მოვიდა. თავისი მკაცრი და პრაგმატული მეთოდებით, რონალდო გვერდზე გასწია, მის წონას ვერაფერი მოუხერხა, აქცენტი რაულისა და ნისტერლოის დუეტზე გააკეთა, რამაც გაამართლა. თუმცა, ბარსა ჩემპიონატს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა. მაგალითად, 30-ე ტურისთვის ბარსა 5 ქულით უსწრებდა მადრიდს და თითქოს ყველაფერი მომთავრებული იყო, მაგრამ უპირატესობა ქარს გაატანეს.
32-ე ტურისთვის ბარსას 62, სევილიას 61, რეალს კი 60 ქულა ჰქონდა.
33-ე ტურში მადრიდმა სევილია 3:2 დაამარცხა. ბარსამ თავისი მატჩი მოიგო და 65 ქულით დაწინაურდა.
ერთ-ერთი გადამწყვეტი გამოდგა 34-ე ტური, რეალმა ესპანიოლს უმასპინძლა და პირველ ტაიმში 1:3 დამარცხდა, ვალტერ პანდიანიმ პირველივე ტაიმში ჰეტრიკი შეასრულა. მეორე ტაიმში რეალმა მატჩი მოატრიალა - რაულის, რეიესისა და იგუანის გოლებით. გონსალომ ბოლო წუთზე შეაგდო. თავის მხრივ, ბარსამ ბეტისს უმასპინძლა და ასევე ბოლო წუთზე გაშვებული გოლის წყალობით ორი ქულა დაკარგა, რონალდინიოს გოლს 90-ე წუთზე სობიშმა უპასუხა - 1:1. რეალი 66 ქული გალიდერდა, რადგან ბარსასთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჰქონდა. მეორეზე ბარსელონა იყო ასევე 66 ქულით და მესამეზე სევილია 64 ქულით.
*2006/07 წლების სეზონის მადრიდის რეალი
არაფრით ნაკლები არ ყოფილა მომდევნო ტური, სადაც რეალმა ორბურთიანი სხვაობა გაფლანგა, უჩემ 86-ე წუთზე გაათანაბრა უელვაში, თითქოს მორჩა ყველაფერი, მაგრამ 91-ე წუთზე რობერტო კარლოსმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო და რეალი ისევ დააწინაურა. თავის მხრივ, ბარსელონამ მადრიდში ატლეტიკოს გადაუარა - 6:0. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა გუნდს ყველა ლიდერი ჯანმრთელად ჰყავდა. თავისი მატჩი 83-ე წუთზე მოიგო სევილიამაც.
37-ე ტური სამუდამოდ შევიდა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში. ბარსა ესპანიოლს მასპინძლობდა და რაულ ტამუდოსგან მატჩის დასაწყისშივე მიიღო გოლი. აღშფოთდა კამპ ნოუ, მაგრამ მცირე ხანში ცოტათი მაინც დამშვიდდნენ, რადგან სარაგოსაში დიეგო მილიტომ მადრიდის რეალს გაუტანა - 1:0. ტაიმის მიწურულს კი ლიონელ მესიმ ხელით შეაგდო, მსაჯმა გოლი ჩათვალა, ბარსამ გაათანაბრა და შესვენებაზე ჩემპიონის რანგში დატოვა მოედანი.
დაიწყო მეორე ტაიმები და რუუდ ვან ნისტერლოიმ სარაგოსაში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ სულ რაღაც წამებში ლიონელ მესიმ მეორე შეაგდო და ბარსა წინ გაიყვანა. გაიხარა კამპ ნოუმ და ჩემპიონობისთვისაც გაემზადნენ. კიდევ უფრო დიდი სიხარული მოჰყვა ახალ ამბავს - დიეგო მილიტომ სარაგოსაში მეორე გოლი შეუგდო რეალს. ბარსა უკვე სამი ქულით დაწინაურდა. მერე კიდევ იყო ბოლო წუთის დრამა, შემზარავი გადაკვეთა, წამების საზომით გადაკვეთილი ბედისწერა, კამპ ნოუზე რაულ ტამუდომ დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, ბარსას ქომაგებს იმედად მხოლოდ ის ჰქონდათ, რომ სარაგოსა იგებდა, მაგრამ ტამუდოს გოლის აღნიშვნა არ ჰქონია დასრულებული რომ სარაგოსადან ცნობა მოვიდა - ნისტერლოიმ ანგარიში გაათანაბრა. ფაქტობრივად საჩემპიონო გოლი შეაგდო. ქულებით ისევ გათანაბრდნენ, ურთიერთშეხვედრებში კი რეალი ლიდერობდა.
მესის დუბლი, ტამუდოს დუბლი, მილიტოს დუბლი, ნისტერლოის დუბლი. ასეთი უცნაური მართლა არაფერი მინახავს და ამას ისიც დაემატა, რომ სევილიამ ვერ ისარგებლა ბარსა - რეალის გაფლანგული ქულებით და თავადაც ფრედ დაასრულა თავისი შეხვედრა. ახლა რთულია იმის აღწერა, რაც მაშინ კამპ ნოუზე ხდებოდა, სარაგოსაში კი რეალი ჩემპიონობას ზეიმობდა, რადგან ბოლო ტურში ბერნაბეუზე აუცილებლად მოიგებდა თავის შეხვედრას და ასეც მოხდა, რეალი გაჩემპიონდა.
იყო კიდევ მნიშვნელოვანი ელ კლასიკოები 1996/97 წლების სეზონში, 2011/12 წლების სეზონში, როცა კრიშტიანუ რონალდუმ კამპ ნოუ გააჩუმა, 2017/18 წლების სეზონში, როცა მესიმ თავისი მაისური ბერნაბეუზე გამოფინა, მაგრამ, ისეთი დრამატურგია როგორიც 90-იანებსა და 2007 წელს ვნახეთ აღარ გვინახავს, ახლა კი შეიძლება რაღაც მსგავსი ისევ ვიხილოთ.















