ყველაფერი კი 1986 წელს დაიწყო. იტალიის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი - მილანი გაკოტრების პირას გახლდათ, ერთი შეხედვით, იმედი აღარსაიდან ჩანდა, თუმცა გუნდს მხსნელად 49 წლის ბიზნესმენი - სილვიო ბერლუსკონი მოევლინა. სილვიომ გუნდი თებერვალში შეიძინა და ცხადია, რომ პირველივე სეზონში ძირეული ცვლილებები ვერ განახორციელა. მოსალოდნელმა შედეგმაც არ დააყოვნა და გუნდი სერია A-ში მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა. რასაკვირველია, ბერლუსკონის მიზნებთან ეს შედეგი თანხვედრაში ვერ მოდიოდა, სილვიოს გაცილებით მეტი სურდა.

1986 წლის 18 ივლისს მან ქალაქ მილანის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ - ჯანი ბრეშას სახელობის - არენაზე „შავ-წითლების“ 10000-მდე ფანი შეკრიბა, რათა მათთვის გუნდის ახალი შემადგენლობა წარედგინა. არსაიდან მინდორზე შვეულმფრენებისა და რიხარდ ვაგნერის შემოქმედების ერთ-ერთი გამორჩეული ქმნილება - „ვალკირიების რბოლა“ გაისმა. სწორედ გერმანელი კომპოზიტორის შედევრის ფონზე წარადგინა ბერლუსკონიმ „ახალი მილანი“. გუნდის მოთამაშეები კი მინდორზე პირდაპირ შვეულმფრენებიდან დაეშვნენ. ვერაფერს იტყვი, იმ დროისთვის მსგავს რამეს მხოლოდ სილვიო თუ ჩაიფიქრებდა და აასრულებდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ შესაძლოა ამ ჟესტზე ფანებს გასცინებოდათ, თუმცა ამ ქცევით მას მსოფლიოსათვის სხვა შეტყობინება ჰქონდა - „როსონერი“ საფეხბურთო ფილოსოფიის შეცვლასა და ახალ საფეხურზე გადასვლას გეგმავდა. მის გვერდით კი, რასაკვირველია, ადრიანო გალიანიც იყო. ბერლუსკონიმ და გალიანიმ გუნდში პირველი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. მილანი დატოვა წინა წელს დამატებულმა და 1982 წლის მუნდიალის ბომბარდირმა - პაოლო როსიმ. გუნდმა კი დიდი შევსება მიიღო - ჯოვანი გალის, რობერტო დონადონისა და დანიელე მასაროს სახით, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო. სილვიოს ბიჭებმა სეზონი ცუდად ჩაატარეს და მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ, რამაც მათი მწვრთნელისა და კლუბის ლეგენდის - ნილს ლინდჰოლმის გუნდიდან გაშვება გამოიწვია, სეზონის ბოლომდე „როსონერი“ ფაბიო კაპელოს ჩააბარეს, მაგრამ საკითხავი ის იყო, თუ ვინ უნდა გაძღოლოდა იმ გუნდს, რომელსაც პრეზიდენტი უდიდეს მიზნებს უსახავდა.
1987 წლის ზაფხულში გუნდის მომზადება არიგო საკის დაევალა. ახლა, როცა არიგო საკისა და მილანის წარმატების ისტორია ვიცით, ეს ფაქტი, ალბათ, ძალიან ლოგიკურ არჩევნად მოსჩანს. თუმცა, ამ გადაწყვეტილების გამო იმ დროის იტალიურმა პრესამ სილვიო ბერლუსკონი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. მათი თქმით, სილვიომ კლუბი ფეხსაცმელების გამყიდველს ჩააბარა, რაც გუნდს კარგს არაფერს უქადდა (არიგო ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ამ საქმიანობით მართლაც იყო დაკავებული). თუმცა, რეალობა ის იყო, რომ საკის პარმა შესანიშნავად გამოიყურებოდა და წინა წლის Coppa Italia-ს გათამაშებიდან მილანი სწორედ მან გამოთიშა. საკის ფეხბურთისადმი მიდგომა და მისი საფეხბურთო ხედვა ბერლუსკონის ძალიან მოეწონა და კლუბშიც ამის გამო მიიწვია. მედიის კრიტიკა ხაზს იმასაც უსვამდა, რომ არიგოს პროფესიონალურ ფეხბურთში მაღალ დონეზე ერთი მატჩიც კი არ ჰქონდა გამართული. გავრცელებული კრიტიკა უპასუხოდ არც არიგომ დატოვა და განაცხადა - "კარგი ჟოკეობისთვის წარსულში ცხენად ყოფნა საჭირო სულაც არ არისო". გუნდში არიგოსთან ერთად მოვიდნენ - მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი და კარლო ანჩელოტი, დაბრუნდა განათხოვრებული ალესანდრო კოსტაკურტაც. სულ რაღაც ერთ წელში გუნდში უკვე „ნიდერლანდური ტრიოც“ შეიკრა და მარკოსა და რუუდს მათი ყოფილი თანაგუნდელი - ფრანკ რაიკაარდი შუერთდა. არიგო საკიმ სიტყვა შეასრულა და მილანი დააბრუნა იქ, სადაც მისი ისტორიული ადგილია - იტალიური ფეხბურთის კვარცხლბეკზე. გატარებულ 4 სეზონში არიგომ კლუბთან ერთად 8 ტიტული მოიგო, მათ შორის, ერთი სკუდეტო სადებიუტო სეზონში და ორი ევროპის ჩემპიონთა თასი.
1991 წელს კი ფაბიო კაპელო სრულფასოვანი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. ადამიანი, რომელმაც გუნდი საშინაო ტიტულების მხრივ კიდევ უფრო დიდ სიმაღლეზე აიყვანა. ფაბიო „შავ-წითლებს“ 5 სეზონის განმავლობაში უძღვებოდა, სკუდეტოს აღმართვა კი 4-ჯერ შეძლო. ამას ჩემპიონთა ლიგის 1993/94 წლების ზღაპრული ფინალიც დაუმატა - იოჰან კრუიფის შეუჩერებელი და მფრინავი ბარსელონასგან ათენში აღარაფერი დარჩა, გარდა გუნდისა, რომლის საწინააღმდეგოდ ტაბლოზე ანგარიში 4:0 ფიქსირდებოდა. ფაბიომ კლუბში მოღვაწეობისას ჯამში 9 ტიტული მოიპოვა, თუმცა უსაქმოდ არც გალიანი და ბერლუსკონი რჩებოდნენ - მათ კაპელოს პერიოდში გუნდი უამრავი ვარსკვლავით გააძლიერეს - ზვონიმირ ბობანი, დეიან სავისევიჩი, ჟან-პიერ პაპენი, რობერტო ბაჯო, ჟორჟ ვეა.

1996 წელს ფაბიო კაპელო მიხვდა, რომ ახალი გამოწვევების დრო მოვიდა და კარიერა მადრიდის რეალს დაუკავშირა, ბერლუსკონიმ კი კლუბი ურუგვაელ სპეციალისტს - ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესს ჩააბარა. ეს ექსპერიმენტი სრული კრახით დასრულდა, გუნდში მოყვანილმა არცერთმა ფეხბურთელმა არ გაამართლა - ედგარ დავიდსმა, იესპერ ბლუმკვისტმა, კრისტოფ დუგარიმ თუ მიხაელ რაიციგერმა. დასახმარებლად მილანში ისევ არიგო საკის უხმეს, თუმცა უშედეგოდ - გუნდმა იტალიის ჩემპიონატში, მისთვის უჩვეულო - მე-11 პოზიცია დაიკავა. სეზონის ბოლოს გუნდიდან წავიდა ლეგენდარული ფიგურაც - ფრანკო ბარეზიც. მის პატივსაცემად სილვიო ბერლუსკონიმ 6-ნომრიანი მაისური გააუქმა, გუნდის ახალი კაპიტანი კი პაოლო მალდინი გახდა. მომდევნო სეზონში გუნდში ისევ ფაბიო კაპელო დაბრუნდა, რომელსაც თან პატრიკ კლაივერტიც მოჰყვა. თითქოს კლუბი ჩვეულ სიმაღლეებს უნდა დაბრუნებოდა, თუმცა კვლავ იმედგაცრუება - მე-10 ადგილი სერია A-ში. შემდეგ სეზონში „როსონერი“ ალბერტო ძაკერონიმ ჩაიბარა, რომელმაც გუნდს სკუდეტოს ნანატრი გემო გაახსენა. ძაკერონის შემდეგ კლუბის სათავეში დროებით იდგნენ ჩეზარე მალდინი და ფათიჰ თერიმი, მანამ სანამ გუნდის ისტორიაში ახალი თავის წერას საკის ნახევარდაცვის წარმომადგენელი - კარლო ანჩელოტი დაიწყებდა.

კარლო ანჩელოტი გუნდში 2001 წლის ნოემბერში მივიდა, სადაც სულ რაღაც 3 თვის დანიშნული ფათიჰ თერიმი შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მილანმა სეზონის დასაწყისში დიდი გაძლიერება მიიღო - რუი კოშტას, ფილიპო ინძაგისა და ანდრეა პირლოს დამატებით. კარლო ანჩელოტიმ „შავ-წითლები“ ჩვეულ სიმაღლეებს დაუბრუნა და გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა (გარდა უეფას თასისა) – 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 უეფას სუპერ თასი, 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 1 იტალიის თასი, 1 იტალიის სუპერთასი და 1 სკუდეტო. „პაპა კარლო" ბერლუსკონი-გალიანის ერაში უკანასკნელი ეპოქის შემოქმედი გახლდათ, მისი წასვლის შემდგომ კი კლუბის საქმეები უკან წავიდა. გუნდმა ბერლუსკონისა და გალიანის მმართველობის პერიოდში უკანასკნელი სკუდეტო 2010/11 წლების სეზონში მოიგო, როცა გუნდს მაქს ალეგრი წვრთნიდა. უკანასკნელი ტიტული კი - 2016 წლის 23 დეკემბერს, როცა „როსონერიმ“ ვინჩენცო მონტელას თაოსნობით იმავე მაქს ალეგრის იუვენტუსი იტალიის სუპერთასის ფინალში, დრამატულ შეხვედრაში, პენალტების სერიაში დაამარცხა.
ბოლო წლების განმავლობაში მილანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასაც ვეღარ ახერხებდა, ფანები კი ამ ფაქტთან შეგუებას, ცხადია, არ აპირებდნენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მოითხოვდა, რომ სილვიოს კლუბი გაეყიდა, რაზეც იტალიელი უარს დაჟინებით აცხადებდა, თუმცა 2017 წლის აპრილში დიდი ისტორია საბოლოოდ დასრულდა. ბერლუსკონიმ და გალიანიმ მილანი ოფიციალურად დატოვეს. დატოვეს 31 წლის შემდგომ და იმაზე 29 ტიტულით მეტით, ვიდრე „როსონერის“ ჯილდოთა კაბინეტში მათ მისვლამდე გახლდათ. გუნდთან გამომშვიდობება მათთვის უმძიმესი, მაგრამ აუცილებლობით ნაკარნახევი გადაწყვეტილება გახლდათ, რადგან ფაქტი იყო, რომ სილვიოს გუნდი მიჰყავდა იქ, საიდანაც 30 წლის წინ თავად ამოიყვანა - ჭაობში... და სილვიომაც დათმო.

მიუხედავად ამისა, გალიანი და ბერლუსკონი ფეხბურთთან გამომშვიდობებას არ გეგმავდნენ და სილვიო ბერლუსკონის კომპანიამ, Fininvest-მა, 2018 წლის 28 სექტემბერს კიდევ ერთი ლომბარდიული გუნდი - მონცა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ადრიანო გალიანი სწორედ ქალაქ მონცაშია დაბადებული. იმ დროისათვის კლუბი სერია C-ში ასპარეზობდა და დიდი მიზნებისთვის ბრძოლაზე ფიქრიც კი ზედმეტი გახლდათ. პირველ სეზონში გუნდი ახლოს იყო დაწინაურებასთან, თუმცა, საბოლოო ჯამში, ცხრილში მე-5 პოზიციას დასჯერდა. მონცელები ახლოს იყვნენ სერია C-ს თასის მოგებასთან, თუმცა იქ ფინალში ვიტერბეზესთან დამარცხდნენ. მომდევნო სეზონში ლომბარდიელებმა სერია B-ში თამაშის უფლებაც მოიპოვეს, სადაც ასევე, რიგით მეორე სეზონში ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და არსებობის ისტორიაში პირველად, იტალიის უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს. ფაქტია, რომ ბერლუსკონისა და გალიანის დუეტს დიდი თუ მცირე სიურპრიზების მოწყობა ყოველთვის გამოსდიოდათ. მონცამ თავი არც სერია A-ში შეირცხვინა და სადებიუტო სეზონში მე-11, ხოლო მომდევნო სეზონში მე-12 ადგილი დაიკავა. გუნდისთვის, რომელიც იტალიის უმაღლეს ლიგაში პირველად 2022 წელს აღზევდა, ორივე შედეგი შთამბეჭდავი გახლავთ. სამწუხაროდ, სილვიო ბერლუსკონი, რომელიც შარშან გარდაიცვალა, მონცელთა წარმატების მხოლოდ პირველ ნაწილს მოესწრო, თუმცა, მისი უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე - ადრიანო გალიანი ხომ ისევ აქაა და მის საქმიანობას კვლავაც აგრძელებს. თანაც ამ სეზონში მონცას მათი ლეგენდარული მილანის ცენტრალური მცველი - ალესანდრო ნესტა წვრთნის.

დღეს, 2024 წლის 2 ნოემბერს, სერია A-ს რიგით მე-11 ტურში ერთმანეთს სწორედ ის ორი კლუბი უპირისპირდება, რომლის აღმშენებლობაც ამ ორი ადამიანის - სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის სახელს მიეწერება. ადამიანების, რომლებმაც სულ სხვა სიმაღლეზე არამარტო მილანი, არამედ მთლიანად იტალიური ფეხბურთი აიყვანეს. მათი მმართველობის პერიოდში ხომ მილანი ხუთჯერ გახდა ევროპის საუკეთესო გუნდი, ხოლო მონცას სახით იტალიას ის გუნდი შეჰმატეს, რომელიც იტალიურ მებრძოლ სულს კარგად წარმოაჩენს. ცხადია, მონცა გრანდობისგან ძალიან შორსაა, თუმცა მათთან მარტივი გასეირნება არავის ელის, მათ შორის არც მილანს. გულშემატკივრები სანახაობრივი ფეხბურთის, გალიანი კი, ალბათ, სანახაობრივი ყაიმის მოლოდინშია, ამ თამაშის წინ ლომბარდიის წითელი ნაწილის კორიფეს გული ხომ ორად იქნება გაყოფილი.















